მომავალ გეგმებზე ვილაპარაკოთ
ავტორი - სოფიო თოდუა
24 საათი 19.01.10
არ ვიცი, რატომ, მაგრამ რატომღაც ახალი ინიციატივების შესახებ განათლების სფეროში პირველები ბათუმელი მასწავლებლები იგებენ, თანაც უშუალოდ პრეზიდენტისგან.
ამჯერადაც ასე მოხდა: ბათუმში ითქვა, რომ ამიერიდან სკოლებში კვლავინდებურად აღდგება საატესტატო გამოცდები; რომ ყოველ ახალ სასწავლო წელს ახალი სახელმძღვანელოებით აღარ შევხვდებით; რომ მოსწავლეებმა სკოლებში უნდა იარონ; რომ სასკოლო პროგრამები დასახვეწია; რომ მოსწავლეებს პატრიოტული სულის გაღვივება ესაჭიროებათ და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი, სიმართლეა. სიმართლეა ისიც, რომ მხოლოდ ეროვნული გამოცდები საქმეს ვერ შველის. როგორც ყოველთვის, ხელისუფლების ოპონენტები ამჯერადაც მხოლოდ იმას გაიგებენ, რისი მოსმენაც უნდათ. როგორც ყოველთვის, ხელისუფლების მომხრეები ამჯერადაც მხოლოდ პოზიტიურ მხარეზე ილაპარაკებენ. ასეა თუ ისე, ერთი რამ ამთავითვე ნათელია: საზოგადოება განათლების ახალი მინისტრისაგან მის წინამორბედებზე მეტს მოითხოვს და, შესაბამისად, მეტსაც მოელის. საატესტატო გამოცდები, სავარაუდოდ, ათ საგანში დაინიშნება. რაც შეეხება დიმიტრი შაშკინს, მას გაცილებით მეტი და რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს.
- ბათუმში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში კიდევ უფრო გამყარდა შეხედულება, რომ განათლების რეფორმაში შეცდომები იყო და ახლა ამ შეცდომების გამოსწორების დრო დადგა...
- სამწუხაროდ, ვინც ამას ამბობს, ან ვერ მოუსმინა, ან არ მოუსმინა პრეზიდენტს. არადა, მიხეილ სააკაშვილმა ძალიან მარტივად ჩამოაყალიბა გეგმა, რომელიც განათლების სფეროში 2010-2011 წლებში უნდა განხორციელდეს. ეს გეგმა გულისხმობს არა მიღწეული შედეგების გადაფასებას, არამედ რეფორმის მეორე ეტაპზე გადასვლას. რეფორმის პირველი ეტაპი წარმატებით დამთავრდა: ყველამ ვიცით, რომ მრავალი წლის შემდეგ ბავშვები კორუფციის გარეშე ხვდებიან უმაღლეს სასწავლებლებში. აი, ამიტომ გადაუხადა ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა ჩემს წინამორბედ მინისტრებს. ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, თითქოს განათლების რეფორმის მთავარი არსი იმაში მდგომარეობდა, რომ მისაღები გამოცდები სკოლისა და უმაღლესი სასწავლებლების გარეთ გაგვეტანა. ეს იყო ტაქტიკა და არა სტრატეგია იმ გეგმისა, რომლის თანახმადაც ახალგაზრდებმა საქართველოშიც უნდა შეძლონ კარგი განათლების მიღება. სხვათა შორის, მასწავლებლები პრეზიდენტის ახალ ინიციატივას მიესალმნენ, რადგან პრობლემები განათლების სისტემაში, რასაკვირველია, არსებობს და ეს უპირველესად სკოლაში შეიმჩნევა. ჩვენს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მხოლოდ გამოცდებზე კორუფციის აღმოფხვრას დავჯერდეთ და წინ არ წავიწიოთ. ნომერი პირველი პრობლემა, რომელიც სასწრაფოდ უნდა მოვაგვაროთ, ესაა სკოლა. თავს ნუ მოვიტყუებთ - ხომ ყველამ ვიცით, რომ უფროსკლასელები სკოლებში არ დადიან, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში. დღევანდელმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ მშობელს ურჩევნია, შვილი რეპეტიტორთან მოამზადოს იმ საგანებში, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე ბარდება და ბავშვი სკოლაში საერთოდ არ ატაროს. სამწუხაროდ, მოსწავლეთა დიდი ნაწილი ფუნდამენტალურ დისციპლინებში ელემენტარულ ცოდნასაც ვერ ამჟღავნებს.
- იქნებ სკოლის მასწავლებლები არ არიან სათანადოდ მომზადებულები და მოსწავლეებს სწავლის სურვილს ვერ უღვივებენ?
- ვერ დაგეთანხმებით. ჩვენ ძალიან კარგი მასწავლებლები გვყავს და სახელმწიფოც მუდმივად ზრუნავს მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე. სამწუხაროდ, სკოლის ატესტატმა ფასი დაკარგა. ასე რომ, საატესტატო გამოცდების შემოღება იქნება ერთ-ერთი და არა - ერთადერთი ბერკეტი, რომ ბავშვი სკოლას დაუბრუნდეს. 4 გამოცდა, რომელიც ბარდება ეროვნულ გამოცდებზე - უნარები, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი დამატებითი გამოცდა პროფილის მიხედვით, - ცხადია, დარჩება. ამის პარალელურად, დანარჩენ საგნებში, რომლებიც სკოლაში ისწავლება (ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია და ასე შემდეგ), მოსწავლემ უნდა ჩააბაროს გამოცდები მინიმანლური კომპეტენციის გამოსავლენად და ატესტატი დაადასტუროს. სკოლის დამთავრება ატესტატის ავტომატურად აღებას არ უნდა ნიშნავდეს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. ეს გამოცდებიც ჩაბარდება არა სკოლებში, არამედ საგამოცდო ცენტრებში. თქვენ როგორ ფიქრობთ, მოსწავლემ, რომელმაც 12 წელი ისწავლა მათემატიკა, უნდა გამოიანგარიშოს თუ არა, რამდენია, მაგალითად, 80-ის 5 პროცენტი? დავუშვათ, ბავშვს მათემატიკური მონაცემები აქვს - მანაც ხომ უნდა იცოდეს, რომელ საუკუნეში ცხოვრობდა დავით აღმაშენებელი, რა არის ამაში ცუდი?
- არაფერი, მაგრამ ჩვენ ის დროც გვახსოვს, რომ რასაც ახლა თქვენ ბრძანებთ, იგივეს ლომაიას ოპონენტები მოითხოვდნენ, მაგრამ მაშინ მათ რატომღაც ყური არავინ არ ათხოვა.
- სახელმწიფო ყველაფერს ერთბაშად ვერ გადაჭრიდა. მაშინ დღის წესრიგში იდგა კორუფცია მისაღებ გამოცდებზე. ეს პრობლემა რომ არ მოგვეგვარებინა, ახალ მე და თქვენ ამ საკითებზე ვერ ვილაპარაკებდით.
(მკითხველს შევახსენებთ, რომ 2004 წელს სკოლებში გაუქმდა გადასაყვანი და გამოსაშვები გამოცდები, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი აკრიტიკებდა და ამის შესახებ პრეზიდენტს ერთ-ერთი შეხვედრის დროს მოახსენეს კიდეც - ს.თ.)
- მე რომ ახლა თქვენი პოლიტიკური ოპონენტი ვიყო, აუცილებლად გამიჩნდებოდა ასეთი შეკითხვა: სკოლის და, შესაბამისად, მასწავლებლის ფუნქციის გაძლიერება იმიტომ ხომ არ ხდება, რომ განაწყენებული პედაგოგები პროტესტის ნიშნად ქუჩაში არ გავიდნენ? შარშან პრეზიდენტმა, სხვათა შორის, ასევე ბათუმში, განაცხადა, რომ მასწავლებელი (და არა - მოსწავლე) იყო, არის და იქნება მთავარი პრიორიტეტიო...
- ეს შეთქმულების თეორიიდანაა. როდესაც მთავრობა გზებს აგებს, ვიღაც-ვიღაცები ამტკიცებენ, რომ გზა რაღაცის გამო იგება. ეს დაახლოებით იგივეა, რაც ამას წინათ ერთ გაზეთში ამოვიკითხე: თურმე ვინც მათემატიკურ რიცხვს არ ამრგვალებს, ის სატანიზმის მიმდევარი ყოფილა. მასწავლებელებს ხელფასი იმიტომ არ ეზრდებათ, რომ ხელისუფლება მათი გულის მოგებას ცდილობს და არჩევნებში ხმების დაკარგვის ეშინია. არც საატესტატო გამოცდები შემოვიღეთ ამ მიზნით. ისე, ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველას აქვს საკუთარი აზრების ხმამაღლა გამოთქმის უფლება.
- თქვენ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ახსენეთ. ვინ დაადგენს ამ ზღვარს და რა კრიტერიუმებით?
- დეტალები დასაზუსტებელია და ახლა ჩვენ სწორედ ამ საკითხებზე ვმუშაობთ. რამდენი იქნება მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - 15, 20 თუ 25 პროცენტი, ესეც დადგინდება. ამის პარალელურად, დაიხვეწება მე-12 კლასის პროგრამა, რომელიც ამჟამად არც ისე კარგია. ამ პროგრამის ერთ-ერთი მიმართულება იქნება მოსწავლის მომზადება მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადასალახად. ეს დაახლებით იგივეა, რაც აბიტურის პროგრამა გერმანიაში. ბავშვს უნდა სჭირდებოდეს სკოლაში სიარული - ბოლოს და ბოლოს, ათივე საგანში რეპეტიტორი ხომ ვერ ეყოლება! ასე რომ, ამიერიდან სკოლა მოამზადებს მოსწავლეს საატესტატო გამოცდებისთვის და არა - რეპეტიტორი.
- მე მესმის, რომ თქვენ მასწავლებლების მინისტრიც ხართ, მაგრამ იქნებ სკოლის პედაგოგების კვალიფიკაციაზეც გვესაუბრა. რამდენადაც ვიცით, მასწავლებელთა ატესტაცია წარსულს ჩაბარდა. რატომ?
- დღეს დაახლოებით 600 000 მოსწავლეს 70 000-ზე მეტი მასწავლებლი ასწავლის. აქედან ყველა კარგი, ბუნებრივია, ვერ იქნება. მე ცუდი ჟურნალისტებიც შემხვედრია, მაგრამ ამის გამო მედიის წინააღმდეგ არ გამოვდივარ. მართალია, ატესტაცია გავაუქმეთ, მაგრამ შემოვიღეთ მასწავლებელთა ნებაყოფლობითი სერტიფიცირება. სახელმწიფო ყველა მასწავლებელს (ეს ეხება როგორ საჯარო, ასევე კერძო სკოლების პედაგოგებს) დაურიგებს 160 ლარიან ვაუჩერს და ის თავად გადაწყვეტს, რომელ აკრედიტირებულ კომპანიაში აიმაღლოს კვალიფიკაცია. უკვე ამის შემდეგ სერტიფიცირებულ პედაგოგებს უფრო მაღალი ხელფასები დაენიშნებათ, ვიდრე არასერტიფიცირებულებს. ამას გარდა, ახლახან დავამტკიცე მენტორ მასწავლებელთა პროგრამა, რაც ასევე კარგადაა აპრობირებული მრავალ ქვეყანაში. ჩვენც გვეყოლებიან მასწავლებლები, უმთავრესად გამოცდილი პედაგოგები, რომლებიც ახალბედა მასწავლებლებს კონსულტაციებს გაუწევენ და დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ. უნდა შევთანხმდეთ, რომ მასწავლებლის ჩამოყალიბება უმაღლეს სასწავლებელში არ მთავრდება, მასწავლებელი საბოლოოდ სკოლაში ყალიბდება.
- სხვაობა მაღალი და დაბალი კვალიფიკაციის მასწავლებლების ხელფასებს შორის თვალშისაცემი იქნება?
- ჯერჯეობით ვერ გეტყვით, რადგან ამ საკითხზეც მუშაობა მიმდინარეობს.
- გასაკეთებელ საქმეთა ნუსხაში, რომელიც სამინისტრომ გაავრცელა, წერია, რომ ფიზიკური კულტურის გაკვეთილები სპორტის გაკვეთილებით შეიცვლება. აქამდე რას ასწვლიდნენ ფიზკულტურის გაკვეთილებზე?
- აჯობებს, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ: დღეს ჩვენს სკოლებში ფიზკულტურის გაკვეთილები არ ტარდება. საუკეთესო შემთხვევაში მასწავლებელი მოსწავლეს ბურთს გადაუგდებს და ბავშვიც დაიჭერს. 2010 წლის სექტემბრიდან სკოლები თავადვე აირჩევენ სპორტის ამა თუ იმ სახეობას და ბავშვებს უკვე რეალურად მიეცემათ ფიზიკურად განვითარების შესაძლებლობა. მაგალითად, ზუგდიდიში არაჩვეულებრივი ყინულის მოედანია. იმ სკოლას, რომელიც ამ სპორტულ კომპლექსთან ახლოსაა და მასთან ხელშეკრულებას გააფორმებს, ჩვენ ციგურებს შევუსყიდით და ბავშვებიც დაუბრკოლებლად ისრიალებენ.
- მაგრამ თუნდაც იმ ერთ კონკრეტულ სკოლაში ყველა ბავშვს ყინულზე სრიალი ხომ არ მოუნდება, იქნებ ვიღაცას სპორტის სხვა სახეობისკენ მიუწევს გული?
- მაშინ ის სპორტის იმ სახეობაზე ივლის, რომელსაც აირჩევს, ოღონდ რეალურად ივლის და არა - ქაღალდზე. სპორტული შეჯიბრება სკოლებსა და სხვა სასწავლებლებს შორის მუდმივად უნდა ტარდებოდეს. ასეა ცივილიზებულ მსოფლიოში და ასე იქნება ჩვენთანაც. ამ საკითხებზე სპორტის დეპარტამენტთან ერთად ვმუშაობთ.
(მკითხველს ასევე შევახსენებთ, რომ კანონის თანახმად, სკოლას, რომელსაც არ გააჩნდა სპორტული დარბაზი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, აკრედიტაცია ვერ უნდა გაევლო - ს.თ.)
- სკოლებში შემოგაქვთ ახალი საგანი - სამხედრო-პატრიოტული სწავლება. ეს რას ნიშნავს? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ, ჯერ ერთი, რეზერვისტების პროგრამამ, სამწუხაროდ, ვერ გაამართლა; მეორეც, ჩვენ გვყავს პროფესიონალური ჯარი; და მესამეც, მოსწავლეებს ასევე ასწავლიან საქართველოს ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურას, რომელიც სავსეა პატრიოტიზმის მაგალითებით. პატრიოტული სულის გასაღვივებლად არ კმარა?
- ის, რომ ქვეყანას ჰყავს პროფესიონალური არმია, იმას არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდები არ უნდა ფლობდნენ ელემენტარულ ინფორმაციას სამოქალაქო თავდაცვის სფეროში. სკოლის მოსწავლეებმა არ იციან, როგორ დაიცვან თავი და რა გააკეთონ, როდესაც გბომბავენ და შენს ქალაქებსა თუ სოფლებში უცხო ქვეყნის ტანკები დადიან. მათ არ ასწავლიან, რა უნდა მოიმოქმედონ, როდესაც დაჭრილ ამხანაგს არტერია აქვს გაგლეჯილი. სამოქალაქო თავდაცვისა და პირველადი სამედიცინო დახმარების სწავლება სკოლებში აუცილებელია. ისე, სამოქალაქო თავდაცვა ამ დისციპლინის ერთ-ერთი კომპონენტია - ეს საგანი მოსწავლეს სამშობლოს სიყვარულსაც ასწავლის. მართალია, ყოველ ახალ სასწავლო წელს ახალი სახელმძღვანელოები აღარ დაიწერება, რაც ასევე სიახლეა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, 2008 წლის ინტერვენცია აუცილებლად აისახება სასწავლო პროგრამებში. ამისდა მიუხედავად, ისტორიის ვერც ერთ სახელმძღვანელოში ვერ მოხვდება ყველა დაღუპული ჯარისკაცის ბიოგრაფია. ახალ საგანს რაც შეეხება, აქაც ერთობლივი მუშაობა მიმდინარეობს ჩვენსა და თავდაცვის სამინისტროს შორის.
- არ შემიძლია, არ გკითხოთ. როგორ მოხდა, რომ ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა მასწავლებელმა (ლაპარაკია ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტზე), ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ყველაზე ცუდი შედეგები აჩვენა?
- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება. აჯობებს, არა წარსულზე, არამედ მომავალზე ვილაპარაკოთ. შეცდომები, რასაკვირველია, რეფორმებს ახლდა, ახლა მთავარია, რეფორმის მეორე ეტაპზე ნაკლები შეცდომები დავუშვათ.