ჟურნალი ”სარკე” – 20-26 იანვარი, 2010 წელი
დიმიტრი შაშკინმა ბოლო ერთ თვეში 12 კილო დაიკლო
განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი დიმიტრი შაშკინი უმეტეს დროს სამსახურში ატარებს და თვლის, რომ ეს სამუშაო მის ცხოვრებაში ყველაზე რთულია მათ შორის, რაც კი აქამდე ჰქონია. არადა მანამდე ”ციხეების მინისტრი” იყო. ბოლო კვირაში მის უწებაში დიდი ორომტრიალი დაიწყო - განათლების სისტემაში ძირეული რეფორმა მზადდება და მთელი მასმედია იმ დღეებში ჰაიტიზე მომხდარ სტიქიურ უბედურებასა და აღნიშნულ სიახლეს ერთნაირი ინტენსივობით აშუქებდა.მინისტრი, რთული გრაფიკის მიუხედავად, ცდილობს ცოლ-შვილს ყურადღება არ მოაკლოს და კვირაში ერთი დღე მაინც მათთან გაატაროს. დიმიტრი შაშკინის მეუღლე ანა ტყემალაძე გახლავთ. 2 შვილი ჰყავთ - 11 წლის ნიკოლოზი და 5 წლის სოფო. ”სარკე” ჩინოსანს, ასე ვთქვათ, არაოფიცაილურ თემებზე ესაუბრა ანუ იმაზე, რაც საზოგადოებას მის შესახებ ყველაზე მეტად აინტერესებს - პირად ცხოვრებაზე.
– ბატონო დიმიტრი, როგორი ბავშვი იყავით?
– საბავშვო ბაღში სიარული არ მიყვარდა. სულ ვცდილობდი, არ წავსულიყავი. თელავი მიყვარდა და ერთი სული მქონდა, იქ როდის წავიდოდით.
– თელავთან რა გაკავშირებთ?
– დედა თელავიდან არის. იქ სახლი გვქონდა და მთელ ზაფხულს თელავში ვატარებდი. ბევრი მეგობარი მყავდა.
- როგორი მოსწავლე იყავით?
– კარგი. სკოლა რომ დავამთავრე, ატესტატში სულ სამი თუ ოთხი ოთხიანი მქონდა. დანარჩენი ხუთიანები მეწერა. წარჩინებული მოსწავლე ვიყავი და პედაგოგებთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა.
– გაკვეთილებს აცდენდით?
– როგორც ყველა ჩვეულებრივი ბავშვი, მეც ისე ვიქცეოდი. ცუდი მოსწავლე ნამდვილად არ ვიყავი, სიგელებს ვიღებდი და ა. შ.
– ესე იგი, განათლების მინისტრის სახით მოსწავლეებს კარგი მაგალითი ჰყავთ.
– შეიძლება, რომ ასეც ითქვას.
– საბჭოთა სკოლაში სწავლა როგორ გახსენდებათ, თქვენს თაობას რა მოეთხოვებოდა და რა – არა?
– ადრე დიდ ყურადღებას აქცევდნენ ბავშვი სკოლაში როგორი ფორმით მიდიოდა, ვარცხნილობასაც აკვირდებოდნენ და ა. შ. პირველ კლასში ჩემი ერთი კლასელი გრძელი ”ჩოლკით” მოვიდა. მოგეხსენებათ, მაშინ კომუნისტების დრო იყო და მიიჩნევდნენ, რომ მოსწავლეს ასეთი ვარცხნილობა არ უნდა ჰქონოდა. მასწავლებელმა გააფრთხილა, თმა შეიჭერი, თორემ ხვალ თუ ისევ ასე მოხვალ, სკოლაში აღარ შემოგიშვებო. ჩემი კლასელი დილით ისევ იმ ”ჩოლკით” მოვიდა. მე მაკრატელი ავიღე და ვარცხნილობა გავუკეთე...– მერე როგორი ვარცხნილობა გამოგივიდათ?
– კარგი, მე ძალიან მომეწონა.
– ბიჭი იყო თუ გოგონა?
– ბიჭი.
– თქვენი გაკეთებული ვარცხნილობა სხვებსაც მოეწონათ?
– მეორე დღეს სკოლაში დედამისი მოვიდა. მეგონა, მადლობას მეტყოდა, რომ მის შვილს მშვენიერი ვარცხნილობა გავუკეთე. ძალიან გამიკვირდა, რომ წამეჩხუბა. ვერ გავიგე, რატომ მეჩხუბებოდა. ჩემი აზრით, მის შვილს კარგი ”სტრიჟკა” ჰქონდა, მშვენიერი ნამუშევარი იყო. მართლა ძალიან მომწონდა.
– იმ ბიჭს თუ მოსწონდა?
- რა თქმა უნდა, მასაც მოეწონა. რატომღაც მხოლოდ დედამისს არ მოეწონა. გაოცებული დავრჩი, არადა მეგონა, სიკეთე გავაკეთე.
-მასწავლებლებმა რა გითხრეს?
- გეუბნებით, ყველა კმაყოფილი დარჩა! მასწავლებელს მოეწონა, რომ მისი დავალება შევასრულე. უკმაყოფილო მხოლოდ იმ ბიჭის დედა იყო. სკოლა ძალიან მიყვარდა, ბევრი მეგობარი მყავდა.
- მათთან ურთიერთობა დღემდე გაქვთ?
- კი, მათთან დღემდე ვმეგობრობ. ბევრი უცხოეთში წავიდა, მაგრამ სხვებთან ურთიერთობას მაინც ვაგრძელებ.
- თქვენი მშობლების შესახებ გვიამბეთ.
- მამა ქალაქ უმანში დაიბადა. 1941 წლის ევაკუაციის დროს საქართველოში რომ ჩამოიყვანეს ერთი წლის იყო. მისი მამა, ანუ ბაბუაჩემი, სამხედრო პირი იყო. 1945 წელს პოლონეთში დაიღუპა. დედაჩემი თელავში დაიბადა. მამა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი გახლდათ, დედა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამძებრო სამმართველოში მუშაობდა. ერთი და მყავს, რომელიც ჩემზე 9 წლით უმცროსია.
-რაიმე გატაცება, ჰობი თუ გქონდათ ან გაქვთ?
- მამა მსოფლიო ჩემპიონი იყო წყალბურთში. ამ სპორტს 5 წლის განმავლობაში მეც მივდევდი. მამას ძალიან უნდოდა, წყალბურთელი გამოვსულიყავი. აუზზე ხშირად ერთად დავდიოდით და ერთად ვთამაშობდით.
- წარმატებები გქონდათ?
- როგორც ხედავთ, მსოფლიო ჩემპიონი არ გავხდი. წყალბურთზე 1889 წლამდე დავდიოდი. მერე, მოგეხსენებათ, რა მძიმე წლები დაიწყო. არც წყალი იყო და არც – აუზები. ბევრი ნიჭიერი ბავშვი, რომლებიც ჩემზე კარგად თამაშობდნენ, იძულებულები გახდნენ, სპორტისთვის თავი დაენებებინათ, რადგან საქართველოში ამის არანაირი პირობა არ არსებობდა. იმ პერიოდში ჩვენს ქვეყანაში სპორტი აღარ ვითარდებოდა.
-მძიმე პერიოდი რომ არ დაგმთხვეოდათ, სპოტულ კარიერას გააგრძელებდით?
-შეიძლება გამეგრძელებინა. სპორტი ძალიან მიყვარს. ბურთის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. სკოლაში კალათბურთის ნაკრებში ვთამაშობდი, ფეხბურთის თამაშიც მიყვარდა.
-სპორტს დღესაც მისდევთ?
- სამწუხაროდ, თავისუფალი დრო არ მაქვს, მაგრამ თუ დრო გამოვნახე, აუზზე დავდივარ და სიმძიმეების აწევაში ვვარჯიშობ.
- რამდენი კილოგრამის აწევა შეგიძლიათ?
-გააჩნია, როგორ ვვარჯიშობ. თუ აზიდვებს ვაკეთებ, ჩემი სავარჯიშო წონა 120 კილოგრამია. ვცდილობ, ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვრო. სახლში მინი დარბაზი მაქვს და იქ ვვარიჯშობ. სამწუხაროდ, აუზზე სიარულის დრო ხშირად არ მაქვს.
-სანამ განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დაგამტკიცებდნენ, მანამდეც საკმაოდ მნიშვნელოვანი თანამდებობები გეკავათ. ყველაზე რთული რომელი იყო?
-ყველაზე რთული ეს თანამდებობა აღმოჩნდა. ყოველგვარი დიეტის გარეშე ერთ თვეში 12 კილოგრამი დავიკელი.
- სხვათა შორის, რომ დაგინახეთ, ვიფიქრე, რომ ტელეეკრანზე სხვანაირი, გაცილებით მძიმე წონიანი ჩანდით...
- განათლებისა და მეცნიერების მინისტრად რომ დავინიშნე, 103 კილოგრამი ვიყავი, ახლა 91 კილო ვარ. ძალიან რთული და დიდი სფეროა – 600 ათას ბავშვზე და 70 ათას მასწავლებელზე მეტი, დაახლოებით 2.400 სკოლა, 65 უმაღლესი სასწავლებელი, 35 პროფსასწავლებელი, ამას დაუმატეთ მეცნიერება... მოკლედ, დიდი სფეროა და, აქედან გამომდინარე, საქმეც ბევრია. წინა სამუშაოც საკმაოდ რთული იყო, მაგრამ მას სხვა სპეციფიკა ჰქონდა. ხშირად ვამბობ, მე არც ციხეში დავბადებულვარ და არც – მასწავლებლად-მეთქი. პროფესიით მენეჯერი ვარ. მენეჯერს კი ნებისმიერ სფეროში შეუძლია იმუშაოს.
-12 კილოგრამს პატიმრებიც კი არ იკლებენ ციხეში. თქვენი სამუშაო რეჟიმი როგორია?
- დღე-ღამეში მხოლოდ 3 საათი რომ გძინავს, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა. ჩემს განრიგს რომ გადახედოთ, დრო საჭმლისთვისაც არ მრჩება და ესეც, რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა.
- ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის დრო გრჩებათ?
- კვირის განმავალობაში მხოლოდ ერთი დღე მრჩება, ისიც დღის მეორე ნახევარში, რომ ოჯახთან ერთად ვისადილო ან ბავშვები მაღაზიაში წავიყვანო და საჩუქრები ვუყიდო. თუ სახლში ძალიან გვიან არ დავბრუნდი და ბავშვებს არ სძინავთ, უფროს შვილთან ერთად შეიძლება კომპიუტერი ვითამაშო.
-ბავშვები თქვენს ასეთ რეჟიმს არ აპროტესტებენ?
- იციან, რომ ასეთი სამუშაო მაქვს. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრობის დროსაც დაახლოებით ასეთი სამუშაო გრაფიკი მქონდა. როცა ამერიკულ კორპორაციაში ვმუშაობდი, ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ ხშირად დავდიოდი. როცა შესაძლებლობა მაქვს ან შვებულებაში ვარ, ყოველთვის ვცდილობ, ბავშვებთან და მეუღლესთან ერთად ვიყო.
-ბავშვები სპორტზე დაგყავთ?
- უფროსს ცურვას ვასწავლი.
- გვიამბეთ იმ ქალბატონზე, რომელიც თქვენ გვერდითაა – მეუღლეზე. როგორია თქვენი სიყვარულის ისტორია?
- სკოლა რომ დავამთავრე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი და პარალელურად ქართულ-ბერძნულ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. მერე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ჩავაბარე, ამიტომ ბერძნული უნივერსიტეტიდან გამოვედი. ერთხელ იქ შევიარე, რომ ნაცნობები მენახა. ჩემი მომავალი მეუღლე, ანა ტყემალაძე, პირველად იქ ვნახე. ჩვენი ურთიერთობა იქიდან დაიწყო. უკვე 12 წელია, ერთად ვართ.
-ერთმანეთს რა თვისებებით ჰგავხართ, უფრო სწორად, რა გაქვთ ხასიათში საერთო, რამაც დაგაახლოვათ?
- ყველაზე დიდი ფასეულობა ორივესთვის ოჯახი და შვილებია. როცა ცოლ-ქმარს ბევრი რამ აერთიანებს, ოჯახიც შენდება. ჩვენ ბევრი კარგი პერიოდი გვქონდა, მაგრამ იყო სირთულეებიც.
- სირთულეებში რას გულისხმობთ?
- ღმერთმა ორი ბავშვი მოგვცა, მაგრამ ანას ორივე ბავშვზე საკმაოდ რთული ორსულობა ჰქონდა.
- არის ისეთი რამ, რაზეც ცოლ-ქმარი ვერ თანხმდებით?
- მე უფროს შვილთან მკაცრი ვარ, უმცროსთან – რბილი. ანა პირიქითაა, უფროსთან რბილია, უმცროსთან – მკაცრი. ამის გამო ხშირად ვკამათობთ. მე ფეთქებადი ხასიათი მაქვს და ანა მამშვიდებს ხოლმე.
-არ გეტყობათ, რომ ფეთქებადი ხასიათი გაქვთ, გაწონასწორებული ადამიანის იმიჯით სარგებლობთ. რამ შეიძლება მდგომარეობიდან გამოგიყვანოთ?
- უმადურობამ და ადამიანის სიშტერემ, როცა არ ესმის, რას ლაპარაკობს, რეალობიდან მოწყვეტილია, მაგრამ მაინც ჯიუტად, რქებით ცდილობს თავისი პოზიცია გაიტანოს. ასევე არ მიყვარს, როცა ადამიანს თავისი საქმის გაკეთება ეზარება.
- მეუღლეს საჩუქრებს ხშირად ჩუქნით?
- რა თქმა უნდა. ახლა ტელეფონი უნდა ვაჩუქო.
- უკვე იცის, თუ ეს სიურპრიზია და ჩვენი ჟურნალიდან გაიგებს?
- არა, თქვენი ჟურნალი ოთხშაბათს გამოდის, ანას კი ტელეფონი მანამდე უნდა ვაჩუქო.
ირინე მჭედლიძე