გაზეთი: ”24 საათი” 7 სექტემბერი
2011-2012 ახალი სასწავლო წლის სიახლეები
ნინო ბარაბაძე
15 სექტემბერს ყველა საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზაფხულის განმავლობაში არაერთ ახალ პროექტზე მუშაობდა. შედეგად,მოსწავლეებსა და მასწავლებლებს წელს სკოლებში არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე დახვდებათ. პარალელურად, სამინისტრომ საატეტსტო, შემდეგ კი ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო და სასერტიფიკაციო გამოცდები ჩაატარა, რომლის შედეგებმაც აჩვენა, რომ ქვეყანაში განათლების რეფორმა წარმატებით ხორციელდება.
რა შედეგები აჩვენა გამოცდებმა, რა შეღავათებით სარგებლობენ საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილი მოსწავლეები, რა კონკრეტული სიახლეებია დაგეგმილი 2011-2012 სასწავლო წლისათვის, ამ და საზოგადოებისთვის საინტერესო ყველა კითხვას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პასუხობს.
დიმიტრი შაშკინი: ”CAT-ის ტიპის საატესტატო გამოცდებს, რომელიც საქართველოს ისტორიაში წელს პირველად ჩატარდა, მსოფლიოში ანალოგი არა აქვს. გამოცდები ინოვაციური სისტემით მიმდინარეობდა. ყველა ბავშვი გამოცდას ინტრანეტის საშუალებით აბარებდა. საერთაშორისო ექსპერტები და ევროპის განათლების კავშირის წარმომადგენლები პირდაპირ აღნიშნავენ, რომ ასეთი მასშტაბის საატესტატო გამოცდები არცერთ სხვა ქვეყანაში არ ჩატარებულა. ამ ქვეყნებს აქვთ შესაძლებლობა საქართველოსგან ისწავლონ. ამით ჩვენ ვამაყობთ, მაგრამ დიდი პასუხისმგებლობაც გვეკისრება.
საჭირო იყო თუ არა ეს გამოცდები, ამის თაობაზე წლის დასაწყისში ბევრს მსჯელობდნენ. საზოგადობა დარწმუნდა, რომ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი აუცილებელი და დროული იყო. ბავშვები სკოლას დაუბრუნდნენ. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კი უკეთესი აკადემიური მაჩვენებელი ჰქონდათ, რაც სწორედ საატესტატო გამოცდების შედეგია.
ერთიანი ეროვნული გამოცდებიც მშვიდ და წყნარ ატმოსფეროში ჩატარდა. შარშანდელთან შედარებით, აბიტურიენტებმა წელს უკეთესი შედეგი აჩვენეს. მათგან საუკეთესო შედეგის მქონე აბიტურიენტთა დიდი ნაწილი არა იურიდიული ან ეკონომიური, არამედ მათემატიკის განხრით წავიდა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ კამპანია, რომელსაც სახელმწიფო ატარებს, სწორია. სამინისტროსა და მოსწავლეებს შორის სისტემატიური კომუნიკაციის შედეგად კი ბავშვებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. საინჟინრო ფაკულტეტეტბზე მოთხოვნა წელს ორჯერ გაიზარდა. რაც შეეხება უმაღლეს პროფესიულ განათლებას, წინა წლებთან შედარებით რიგ ფაკულტეტებზე ძალიან მაღალი კონკურსი ერთ ადგილზე 7 – 10 კაცი იყო.
იყვნენ მოსწავლეები, რომლებმაც საატესტატო გამოცდები ვერ დაძლიეს. მათთვის რა გამოსავალი არსებობს?
ასეთი მოსწავლეების რაოდენობა ძალიან მცირეა, მაგრამ მათ შესაძლებლობა აქვთ გამოცდები მომავალ წელს უფასოდ ჩააბარონ. გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჯერ კიდევ ივლისში გამოვიდა ჩემი ბრძანება, რომლის თანახმად, მოსწავლემ, რომელმაც ვერ ჩააბარა საატეტატო გამოცდები და სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ აპირებს, მას სპეციალური სერიის ატესტატი ეძლევა. ეს იმის გამო გაკეთდა, რომ ბევრ ქვეყანაში საატესტატაო და ეროვნული გამოცდები არ არის. ბავშვებს რომლებსაც სურვილი აქვთ სწავლა სხვა ქვეყანაში გააგრძელონ, სამინისტრო ატესტატს აპოსტილით უმოწმებს რათა არცერთი ბავშვის ინტერესი არ იყოს შელახული. სამინსტროს მხრიდან ასეთი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის. ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც სწავლას რიგ შემთხვევაში აზერბაიჯანსა და სომხეთში განაგრძობენ. თუმცა, აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ კატეგორიის მოსწავლეები საატესტატო გამოცდების გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ აკრედიტებულ და ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში ვერ ჩააბარებენ. უცხო ქვეყანაში სწავლის შემთხვევაშიც მობილობის პრინციპით ისინი საქართველოსში გადმოსვლას ვერ შეძლებენ. მართალია, ბავშვი ჩვეულებრივ ატესტატს იღებს, მაგრამ მას აქვს სპეციალური სერია და შეყვანილია ელექტრონულ ბაზაში - თუ ის საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას ეცდება, აუცილებლად გამოაშკარავდება.
მასწავლებელთა სერტიფიცირებაც წარმატებული იყო?
როგორც ცნობილია, სასერტიფიკაციო გამოცდაზე მასწავლებლები ორ საგანს აბარებენ - უნარ-ჩვევებს და საგნობრივს. მასწავლებლებს შეუძლიათ ჯერ ერთ გამოცდაზე გავიდნენ, შემდეგ მეორეზე. ამჟამად დაახლოებით ოთხი ათასამდე სერტიფიცირებული პადაგოგია. მომავალ წელს მათი რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება, რადგან ამ ეტაპზე ცხრა ათასამდე მასწავლებელს ერთი გამოცდა უკვე ჩაბარებული აქვს. თუ სწორად მახსოვს, დაახლოებით ხუთი ათასს უნარები, ხოლო ოთხი ათასამდე მასწავლებელს საგნობრივი გამოცდა აქვს ჩაბარებული. პედაგოგთა სერტიფიცირება 2014 წლამდე ნებაყოფლობითია. ასეთ პირობებში ეს ციფრი კარგი მაჩვენებელია. ჩვენი გათვლებით, 2014 წლამდე მასწავლებლთა 75% იქნება სერტიფიცირებული.
ახალი სასწავლო წლიდან სერტიფიცირებული პედაგოგები ხელფასზე 75 ლარიან დანამატს მიიღებენ. ვინც გამოცდას ინგლისურსა და კომპიუტერშიც ჩააბარებს ხელფასი 200 ლარამდე, ხოლო ვინც ქულებით საუკეთესოთა 25%-ში მოხვდება, 1000 ლარამდე გაეზრდება. ვაცხადებთ ასევე მენტორ მასწავლებლებთა ახალ კონკურსს, რაც ნიშნავს, რომ მათ ხელფასზე დამატებით 160 ლარი ექნებათ.
სამინისტრო მთელი ზაფხულის განმავლობაში, ახალ პროექტებზე მუშაობდა. საზოგადოებისთვის საინტერესოა, კონკრეტულად რა სიახლეები ელით მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს?
15 სექტემბრიდან ძალაში შედის ახალი ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც პირველი-მეექვსე კლასების მოსწავლეებს შეეხებათ. მომავალ წელს კი მეშვიდე-მეთორმეტე კლასებისთვის დაინერგება.
ე.წ. ექსპერტებისგან ვრცელდებოდა ჭორები, თითქოს 5 წლის ასაკის ბავშვის სკოლაში შეყვანა სავალდებულო იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მშობელს ჯარიმა ეკისრებოდა. ამაზე არაერთი სტატია მაქვს წაკითხული. მათ მიერ სამინისტროს მისამართით გავრცელებული უსაფუძვლო ბრალდებები პირადად ჩემთვის მტკივნეულია, მაგრამ საზოგადოების ნდობის თვალსაზრისით ალბათ კარგიცაა, რადგან საზოგადოება დაწმუნდა, რომ მათი ხმამაღალი განცხადებები სიცრუე იყო, ისე როგორც არაერთი სხვა ბრალდება.
ნებაყოფლობითობის მიუხედავად, წელს სკოლაში 5 წლის ასაკის 20 ათასი ბავშვი შედის. ამ ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმა სწორედ მათი ინტერესების გათვალისიწნებით შედგა, რომელიც სახალისო გაკვეთილებს და ბევრ თამაშს მოიცავს. ამ ბავშვებისთვის გაკვეთილის ხანგრძლივობა 35 წუთი იქნება. გარდა ამისა, გადამზადებულია ყველა დამრიგებელი, რომელთაც 5 წლის ბავშვებთან ექნებათ ურთიერთობა.
ყველა პირველკლასელი და მათი დამრიგებელი პრეზიდენტისგან საჩუქრად პერსონალურ კომპიუტერს მიიღებს. ეს ბავშვის პირადი საკუთრება იქნება. მასში ჩატვირთული სასწავლო პროგრამებით, დაწყებული ქართული ენით, ბუნებით დამთავრებული ბავშვი თვითგანათლებას შეძლებს. 15 სექტემბერს სამინისტროს პორტალზეც დაიდება და უკლებლივ ყველა სკოლაში გაიგზავნება კომპანია ინტელის ახალი შემეცნებითი თამაშები, რომელიც ამჟამად ქართულ ენაზე ითარგმნება. ეს პროგრამები მნიშვნელოვანი იქნება იგივე ლოგიკის განვითარების კუთხით და სახალისო სწავლებისთვის. გარდა იმისა, რომ კომპიუტერს ქართული შრიფტი აქვს, ის მეტად გამძლეა და ადვილად არ ზიანდება. Microsoft-თან მივაღწიეთ შეთანხმებას და კომპიუტერს აქვს ლიცენზირებული პროგარამა. მასში ჩაწერილია ლიცენზირებული Windows-ი, რომელსაც Microsoft-ის კორპორაციის სპეციალისტების მიერ შექმნილი რამდენიმე საგანამანათლებლო პროგრამა მოყვება, მაგალითად, მათემატიკაში. ბავშვებს ვაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, ცოდნა გაიღრმავონ.
დენის წყაროს გარეშე კომპიუტერი მინიმუმ 4 საათის განმავლობაში მუშაობს. ეს დრო სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ბავშვმა კომპიუტერი გაკვეთილზე უპრობლემოდ გამოიყენოს. IT-ის სპეციალისტები ამბობენ, რომ კომპიუტერის გამოყენება ბავშვს მომავალი 3-4 წლის განმავლობაში უპრობელმოდ შეეძლება. შემდეგი კლასებისთვის პროგრამები უკვე დაწერილია.
როგროც ცნობილია, შარშან სახელმძღვანელოებთან ერთად კომპიუტერით სწავლება საპილოტე პროგრამა იყო. კვლევამ გვაჩვენა, რომ ის მოსწავლეები, რომლებიც სასწავლო პროცესში კომპიუტერებს იყენებდნენ, სასწავლო პროგრამა 2-ჯერ უფრო სწრაფად აითვისეს.
გარდა ამისა, ყველა მეათეკლასელი, რომელიც სრული ათოსანი იქნება, სახელმწიფოსგან საჩუქრად ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდის ”LENOVO”-ს ფირმის კომპიუტერს მიიღებს, რომელიც ასევე საქართველოშია წარმოებული.
გადაუჭრელი პრობლემა იყო სასკოლო სახელმძღვანელოები...
-წელს პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ახალი გრიგირებული, მაღალი სტანდარტების მქონე სახელმძღვანელოებით ისწავლიან, რომელიც 5 წლის განამავლობაში არ შეიცვლება. სოციალურად დაუცველი ოჯახების მოსწავლეეებს კი, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, წიგნებს სახელმწიფოსგან უფასოდ მიიღებენ.
რაც შეეხება ფასს, ზოგირთ სახელმძღვანელოზე ფასმა 200%-ით დაიწია. ამასთანავე, მშობლებს ვუქმნით კონფორტულ პირობებს, რომ სახელმძღვანელოების შეძენაზე პრობლემები არ შეექმნათ. ყველა სკოლაში გამოკრულია პლაკატები და ბროშურები, თუ სად, რომელ მაღაზიაშია წიგნების შეძენა შესაძლებელი. მშობელს შეუძლია სახელმძღვანელოები ინტერნეტის საშუალებით გამოიწეროს და ფოსტით სახლში უფრო იაფად მიიღოს, ვიდრე მაღაზიაში. ფუნქციონირებს ასევე ბაზრობები. მშობელისთვის წიგნების შეძენა რომ კონფორტული იყოს, თბილისის რიგი სკოლები სახელმძღვანელოების პირდაპირ სკოლაში მიტანას გეგმავენ.
კიდევ რა სიახლეებია გათვალისიწნებული?
ახალი სასწავლო წლისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები 350 სკოლას უტარდება. შენდება 12 ახალი სკოლა. 15 სექტემბერს მელაანის სკოლის მშენებლობა დასრულდება, წლის ბოლომდე კი, სკოლების მშენებლობა ყველაგან დასრულდება. მინდა ბოდიში მოვუხადო მშობლებს, რომელთა ბავშვებიც თბილისისის იმ რამდენიმე სკოლაში სწავლობენ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები არ არის დასრულებული. თუმცა, ეს სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლის.
ახალი მერხები და დაფები ყველა სკოლას გადაუნაწილდა. თბილისის ყველა და საქართველოს დიდი ქალაქების სკოლები თანამედროვე ლაბორატორიებითაა აღჭურვილი. ეს პროცესი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ლაბორატორია ყველა საჯარო სკოლაში არ იქნება.
მნიშვნელოვანი სიახლეებია სკოლის მანდატურებთან დაკავშირებით. მთელი ზაფხულის განმავლობაში მანდატურები კომპიუტერსა და ინგლისურ ენას სწავლობდნენ. მათ ბავშვებთან მუშაობის ფსიქოლოგიური კურსიც გაიარეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზაფხულის პერიოდში ისინი სამაშველო კურსსაც გადიოდნენ. ყველა სკოლაში სამიდან ერთ მანდატურს მაშველის კვალიფიკაცია აქვს, რითაც ბავშვების უსაფრთხოება იქნება დაცული. მათ აქვთ როგორც რთულ სიტუაციებში მოქმედების, ასევე პირველად სამედიცინო დახმარების კუთხით გამოცდილება.
რაც შეეხება უცხოელი პედაგოგების საქართველოში ჩამოყვანას, ეს პროექტი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. წელს 1500 მასწავლებელი ჩამოვა. ეს პროგრამა კიდევ უფრო გაუმჯობესდება - სკოლებში ინგლისური ენის კაბინეტები გაიხსნება. უკვე გვაქვს ნახევარ მილიონზე მეტი ინგლისურენოვანი სახელმძღვანელო, რომელიც სკოლებში გადანაწილდება. ეს არის ლიტერატურა სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის საბუნებისმეტყველო მიმართულებით.
მომავალ კვირას საქართველოს მთავრობას სკოლებთან დაკავშირებულ ელექტრონულ სტრატეგიას წარვუდგენთ. დაინარგება სიახლე, რაც ერთი წლის წინ ფანტასტიკის სფეროს ჰგავდა, მაგრამ ეს რელობაა. საქართევლოს ისტორიაში პირველად მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მთლიანად სკოლების ადმინისტრაციის ელექტრონული ბაზები დაინერგება. მოსწავლეების ბაზის შექმნა უკვე დავასრულეთ, რითაც სამინისტრომ 12 მილიონი ლარი დაზოგა. ეს თანხები სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესას მოხმარდა. 1 ოქტომბერს მასწაველბლების, ხოლო 1 ნოემბერს ადმინისტრაციის ბაზების შექმნა დასრულდება.
ეს ბაზები გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ახალი წლიდან სკოლებში ელექტრონული ჟურნალები ამოქმედდეს. მშობელს ამ ჟურნალის მეშვეობით შეუძლია დააკვირდეს, როგორ სწავლობს მისი შვილი. ნახოს მისი აკადემიური მოსწრება, ნიშნები და ის შენიშვნები რაც ბავშვმა სკოლაში მიიღო.
მომავალში სკოლების მართვა ელექტრონულად მოხდება. მასწავლებლებისთვის საათები ელექტრონულ რეჟიმში გადანაწილდება, რითაც ნეპოტისტური კავშირები აღმოიფხვრება. ასეთი მართვით ყველა მასწავლებლის უფლება იქნება დაცული, საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია სკოლაში მიმდინარე ხარჯების თაობაზე. სამეურვეო საჭოებსაც სრული შესაძლებლობა ექნებათ სკოლის მენეჯმენტი გააკონტროლონ.