გაზეთი ”24 საათი” 21 სექტემბერი
სკოლებში იაკობ გოგებაშვილის დედა ენა დაბრუნდა
ნინო ბარაბაძე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2011-2012 სასწავლო წლიდან პირველკლასელები მშობლიურ ენას იაკობ გოგებაშვილის დედა ენის მიხედვით შეისწავლიან. წინა წლებში ქართულის ენისა და ლიტერატურის შესწავლა ნებისმიერი სახელმძღვანელოთი იყო შესაძლებელი, წელს კი გრიფი იაკობ გოგებაშვილის მეთოდოლოგიაზე შექმნილ სახელმძღვანელოებს მიენიჭა.
ქართული ენისა და ლიტერატურის ახლადგრიფირებული სახელმძღვანელოები სპეციალურად ეთნიკური უმცირესობების სკოლებისთვისაც შეიქმნა. ქართული ენის სწავლების გაძლიერების მიზნით, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის სახლები იხსნება. ამ მიმართულებით სამინისტრო არაერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე მუშაობს.
კოკა სეფერთელაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე: “პედაგოგიკაში იაკობ გოგებაშვილის დედა ენას უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება. წელს, როდესაც სამინისტრომ სახელმძღვანელოების გრიფირება გამოაცხადა, გვქონდა მოთხოვნა, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო დაფუძნებულიყო და შექმნილიყო იაკობ გოგებაშვილის მეთოდის მიხედვით. გოგებაშვილმა შექმნა ბგერითი ანალიზურ-სინთეზური მეთოდი, რომელიც ახალ სახელმძღვანელოში დაცულია.
მანამადე, ქართული ენის სახელმძღვანელოს ნებისმიერი ავტორი წერდა და სკოლებს ნებისმიერი წიგნით სწავლების უფლება ჰქონდათ. ამიტომ, გრიფირების პროცესისას ახალ სახელმძღვანელოებზე მოთხოვნა გავამკაცრეთ. შინაარსობრივი და მაღალი ხარისხის ილუსტრაციების გარდა, ახალი სახელმძღვანელო იაკობ გოგებაშვილის მეთოდზე უნდა ყოფილიყო შედგენილი. იაკობ გოგებაშვილის მიერ შექმნილი უნიკალური მეთოდი, ქართული ენის სწავლებისთვის ნამდვილად საგანძურია. ეს პრინციპი ახლა სახელმძღვანელოებში მკაცრად დაცულია და სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელო დაბრუნდა. სახელმძღვანელო ხუთი წელი არ შეიცვლება, ანუ, ხუთი წლის განმავლობაში გოგებაშვილი სკოლებში დარჩება და მჯერა, რომ მომავალშიც ასე იქნება.
ქართული ენის ორიგინალური სახელმძღვანელო “დედა ენა ანუ ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი სახალხო შკოლებისთვის” დაწყებით სკოლებისთვის, იაკობ გოგებაშვილის მიერ შეიქმნა და 1876 წელს გამოიცა. დედა ენას საფუძვლად უდევს მაღალი დიდაქტიკურ-მეთოდიკური პრინციპები და ხალხურობის სულისკვეთებითაა გამსჭვალული. ავტორის სიცოცხლეში (1912 წლამდე) იგი 33-ჯერ გამოიცა. გოგებაშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისი გამოცემა მიენდო სპეციალურ კომისიას, რომელსაც ლუარსაბ ბოცვაძე ხელმძღვანელობდა. 1876-1925 წლებში დედა ენა 45-ჯერ გამოიცა.
მცდარია მოსაზრება, იმის შესახებ, რომ სკოლაში ქართული ენა და ლიტერატურა გოგებაშვილის ორიგინალით უნდა ისწავლებოდეს. ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან გოგებაშვილის ორიგინალმა, ტრანფორმაცია არაერთხელ განიცადა. XIX საუკუნის მოთხოვნები და სწავლების ხარისხი მკვეთრად განსხვავდება XXI-ე საუკუნის მოთხოვნებისგან. გოგებაშვილის სიცოცხლეშივე დედა ენა შვიდჯერ იყო ადაპტირებული. სახელმძღვანელო ბუნებრივად განიცდის ცვლილებას, მაგრამ სწავლების ის მეთოდი, რომელიც ამ უდიდესმა პიროვნებამ შექმნა სკოლებში სრულად იქნება დაცული”.
- იაკობ გოგებაშვილის დედა ენით სწავლება მოსწავლეთა მშობლების ერთ-ერთი მოთხოვნაც იყო...
-საზოგადება ყოველთვის სწორად აფასებდა გოგებაშვილის გენიას და, შესაბამისად, არ გვქონდა უფლება, ეს პრინციპი არ გაგვეთვალისწინებინა და სწავლების მეთოდი გოგებაშვილის დედა ენაზე არ აგვეგო.
ბავშვების განათლება ჩვენი პრიორიტეტია. გრიფირების პროცესის დროს ყველა დეტალი მკაცრად იყო განსაზღვრული. სახელმძღვანელოების დამტკიცებაზე ძალიან ბევრი დარგობრივი ექსპერტი მუშაობდა. როდესაც მომამვალ თაობაზე ვსაუბრობთ, არ გვაქვს უფლება, გულდასმით არ მივუდგეთ სახელმძღვანელობის შექმნის საკითხს.
სახელმძღვანელოს შვიდი კაცისგან შემდგარი კომპეტენტური ანონიმური კომისია აფასებდა. მოწვეულები იყვნენ მეცნიერები, ფსიქოლოგები, მეთოდისტები, მოქმედი პედაგოგები.
- ქართული ენის სრულყოფილად შესწავლისთვის არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვისაც თუ ხორციელდება პროექტები?
- ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი საქართველოს ყველა მოქალაქის განათლება ჩვენთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია. კონსტიტუციით სახელმწიფო ენა ქართულია და ის საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს. არსებობდა რეგიონები, სადაც ქართული ენა სათანადოდ არ ისწავლებოდა. ამ დროისთვის ქართული ენის გაძლიერებულად შესწავლის მიზნით არაერთი პროგრამა მუშაობს. Uუკვე ამოქმედებულია პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამა “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის”, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის პედაგოგების მივლინებას ითვალისწინებს.
წლის ბოლომდე არაქართულენოვან სკოლებში 500-მდე ბაკალავრის ხარისხის მქონე ახალგაზრდები, მაგისტრანტები და დოქტორანტები იქნებიან განაწილებულნი, რომლებიც მოსწავლეებს ქართულ ენას გაძლიერებულად შეასწავლიან. ისინი ადგილობრივ ოჯახებში იცხოვრებენ, სადაც ასევე მოხდება ქართულის, როგორც საკომუნიკაციო ენის დამკვიდრება. პროგრამაში “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილეობის შემდეგ, სახელმწიფო მასწავლებლებს მაგისტრატურაში სწავლას აუნაზღაურებს, ხოლო დოქტორანტებს კრედიტებს ჩაუთვლის.
ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის სახლებიც გაიხსნება. აქამდე თუ ასეთი ოთხი სახლი ფუნქციონირებდა, ახლო მომავალში მათი რიცხვი ოცდაათამდე გაიზრდება.
- არაქართულენოვანი სკოლებისთვის თუ შეიქმნა ახალი ქართული სახელმძღვანელობი?
- ექსპერტებისა და ფსიქოლოგების მძიმე შრომისა და მკაცრი შეფასებების საფუძევლზე სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება - ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების მოსწავლეებისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის ახალი სახელმძღვანელო დონეების და არა კლასების მიხედვით შეექმნა. სამინისტრომ ეს სახელმძღვანელოები საკუთარი ხარჯებით დაბეჭდა და არაქართულენოვანი სკოლების ყველა მოსწავლეს უფასოდ გადასცა.
ქართული ენის პირველი დონის სახელმძღვანელო უკვე სკოლებში ისწავლება. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა დანარჩენი დონეების მიხედვით სახელმძღვანელოს შექმნაზე, რომელიც წლის ბოლომდე იქნება მზად.
პირველი დონის ქართული ენის სახელმძღვანელოთი სწავლება პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლეს შეუძლია. სახელმძღვანელო თანამედროვე მეთოდიკითაა შედგენილი. მას აუდიო და ვიდეო მასალები მოჰყვება, შესაბამისად, გაკვეთილები გაცილებით ინტერაქტიული იქნება. ამავდროულად, ბუკებისთვის შექმნილია სპეციალური კომპიუტერული თამაში, რომელიც სახელმძღვანელოს თემეტურადაც მიჰყვება. ეს მოსწავლეებს ენის უკეთ ათვისებაში დაეხმარებათ.
არაფორმალური განათლების კუთხით მნიშნვნელოვანია, ის კონკურსები და სხვადასხვა დამატებითი პროგრამებიც, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს. იწყება სასკოლო პარტნიორობის პროგრამები, რაც ქართულენოვანი და არაქართულენოვანი სკოლების დაძმობილებას ითვალისწინებს. დაძმობილებული სკოლები ერთობლივად შექმნიან პროექტს, რომელსაც სამინისტროში წარმოადგენენ. მათგან ათ საუკეთესოს კი სამინისტრო დააფინანსებს.
სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართული ენა, კულტურა და ისტორია ზედმიწევნით იქნეს შენარჩუნებული.