გაზეთი ”24 საათი” 2 ნოემბერი
სათაური: მოსწავლეს სტატუსი უნარჩუნდება
ავტორი: მაგდა ლეკიაშვილი
პარლამენტში განათლების სამინისტროს ახალ კანონპროექტზე მსჯელობენ. პროექტი მოსწავლის მიერ სხვადასხვა მიზეზებით შეწყვეტილი სასწავლო პროცესის განახლებას ეხება.
მიმდინარე კვირის დასაწყისში, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში შევიდა ცვლილებათა პაკეტი, რომელიც "განათლების შესახებ კანონში" უნდა აისახოს. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის მოსწავლე სურვილს გამოთქვამს, რომ უცხოეთში გამგზავრების, ავადმყოფობის ან სხვა ობიექტური მიზეზით, სწავლა დროებით შეწყვიტოს, სკოლას უფლება აქვს, მოსწავლეს სტატუსი დროებით შეუჩეროს.
როგორც "24 საათს" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, სკოლის მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერების ან აღდგენის პროცედურა ამ დრომდე საერთოდ არ არსებობდა. შესაბამისად, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც მოსწავლე სკოლას თვეების, ზოგჯერ წლების განმავლობაში აცდენდა. ხშირი გაცდენისთვის კი მას სხვადასხვა სანქციები ეკისრებოდა, მოსწავლე სკოლიდან ირიცხებოდა და საშუალო განათლების გარეშე რჩებოდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით შემუშავებული კანონპროექტი აღნიშნულ ხარვეზს მთლიანად აწესრიგებს. კერძოდ, თუ რაღაც მიზეზით მოსწავლე სკოლაში გაკვეთილებს აცდენს, შესაძლებლობა აქვს, მიმართოს სკოლას სტატუსის შეჩერებაზე იმ დრომდე, ვიდრე არსებულ პრობლემას არ გადაჭრის. აღსანიშნავია, რომ სტატუსის შეჩერებაც და აღდგენაც პირველივე განაცხადით მოხდება.
"საქართველოს კონსტიტუცია გარანტირებულად აცხადებს, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს ზოგადი განათლების მიღების უფლება. ეს ნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია, დროებით შეაჩეროს სწავლის პროცესი და იმის შემდგომ, როდესაც აღმოფხვრის პრობლემურ გარემოებას, სწავლა განაგრძოს შეწყვეტილი მომენტიდან," - შენიშნავს საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი.
ცვლილებები განათლების სფეროში ამით არ ამოწურულა. 2010-2011 სასწავლო წელს საატესტატო გამოცდების შემოღების გამო, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მე-12 კლასისთვის განკუთვნილ საათობრივ ბადეში ე.წ. "აბიტურის საათები" გამოიყო. აბიტურის საათი ეროვნული სასწავლო გეგმით არის გათვალისწინებული და მთლიანად ეთმობა განვლილი მასალის გამეორებას. აბიტურის საათზე დასწრება გასულ წელს ნებაყოფლობითი იყო, ახალი სასწავლო წლიდან კი მეთორმეტე კლასის ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო გახდება. აბიტურის საათის შემოღება მიზნად ისახავს საატესტატო გამოცდებისთვის მოსწავლეების უკეთესად მომზადებას. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აბიტურის საათების შემოღება იმ საგნებში, რომლებიც, მე-12 კლასის სასწავლო პროგრამის მიხედვით, სავალდებულო არ არის. მაგალითად: გეოგრაფია, ბიოლოგია და ფიზიკა. სწორედ ჩამოთვლილი საგნების დაძლევაში დაეხმარება აბიტურის საათი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს.
განათლების სამინისტრო კიდევ ერთ, ოღონდ ამჯერად ტექნიკური ხასიათის ცვლილებას ახორციელებს, რომელსაც მინისტრი დიმიტრი შაშკინი პირადად გაეცნო. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ მათი უწყება ერთ-ერთი პირველია სახელმწიფო სტრუქტურებიდან, რომელმაც ონლაინ დახმარების უფასო მომსახურება აამოქმედა. ოპერატორები ონლაინ რეჟიმში უპასუხებენ მომხმარებლების კითხვებს. მათთან დასაკავშირებლად საკმარისია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (www.mes.gov.ge) ან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (w) ვებგვერდებზე შესვლა და სასურველი კითხვის გაგზანა. იმ შემთხვევაში კი, თუ მოქალაქე შეკითხვას არასამუშაო დღეს გაგზავნის, შეტყობინება e-mail-ზე გაიგზავნება და ოპერატორი მას სამუშაო საათის დაწყებისთანავე უპასუხებს.
"აღსანიშნავია, რომ ონლაინ დახმარების მომსახურება რამდენიმე დღეა, რაც ამოქმედდა და უკვე 3000-მდე შეტყობინებაა შემოსული. ცხელი ხაზის განყოფილებაში კი ზოგადად თვის განმავლობაში, დაახლოებით, 13400-მდე ზარი შემოდის. ონლაინ დახმარებასთან ერთად, სატელეფონო ცენტრის განყოფილებაში ვიდეოზარი და ცხელი ხაზი მუშაობს," - განაცხადეს განათლების სამინისტროს პრესცენტრში.