გაზეთი:
”24 საათი” 14 ნოემბერი
დიმიტრი
შაშკინი: მანდატურის სამსახური განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს ერთ-ერთი წარმატებული
პროექტია
გვანცა კილასონია
2010 წლის აპრილში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ”უსაფრთხო სკოლის” პროგრამის ფარგლებში ახალი ინიციატივა წამოიწყო - ამერიკული გამოცდილება ქართულ სინამდვილეს მოარგო და სკოლებში მანდატურის სამსახური აამუშავა. ინიციატივამ გაამართლა - მანდატურის სამსახურმა ყველანაირ კრიტიკას გაუძლო, მანდატურებმა კი ძალიან მალე შეძლეს მოსწავლეებსა და მათ მშობლებში ნდობისა და პატივისცემის დამსახურება.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმატებული მუშაობისა და მასთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, ბატონ დიმიტრი შაშკინთან;
- ბატონო დიმიტრი, თქვენი ოპონენტებიც, რომლებიც განათლების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს აკრიტიკებენ, ერთხმად აღიარებენ, რომ საჯარო სკოლებში მანდატურების შესვლით კრიმინოგენური სიტუაცია დარეგულირდა, მნიშვნელოვნად შემცირდა ძალადობის ფაქტები და აღდგა წესრიგი.
- დიახ, მანდატურის სამსახური განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. ჩვენი მთავარი მიზანია სკოლებში მოსწავლეების უსაფრთხოება უზრუნველვყოთ. ”უსაფრთხო სკოლის” პროგრამის ფარგლებში შექმნილმა მანდატურის სამსახურმა ნამდვილად გაამართლა - სკოლებში მანდატურების შესვლის შემდეგ მშობლებს მათი შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია აქვთ. სკოლებში მნიშვნელოვნად იკლო დანაშაულის ფაქტებმა. ამაზე ევროკავშირის მიერ ჩატარებული კვლევაც მოწმობს: გამოკითხული ადამიანების 75% თვლის, რომ სკოლები უსაფრთხოა. ეს ძალიან მაღალი შედეგია. ორი წლის წინ ეს მაჩვენებელი მხოლოდ 8%-ს შეადგენდა. გარდა ამისა, 95%-ით შემცირდა ძალადობის ფაქტები სკოლაში, 97%-ით - ვანდალიზმის ფაქტები, 73%-ით - თამბაქოს მოხმარება და ასე შემდეგ. ეს კი ნამდვილად მანდატურის სამსახურის წარმატებული მუშაობის დამსახურებაა. მათ დაკისრებულ მოვალეობებს შესანიშნავად გაართვეს თავი - სწრაფად შეძლეს სკოლებში დისციპლინის აღდგენა და საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობის მოპოვება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ წელიწადნახევრის განმავლობაში მანდატურებმა საგანმანათლებლო პროცესში სრულად ინტეგრირება მოახერხეს და სკოლის განუყოფელ ნაწილად იქცნენ.
- ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ კვირას საქართველოს საქმიანი ვიზიტით ესტუმრებიან ამერიკის მანდატურთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭოს წევრები. რა არის თქვენი შეხვედრის მიზანი?
- დიახ, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა. ამერიკის მანდატურთა ასოციაცია ერთ-ერთი წარმატებულია მსოფლიოში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის ძალიან მნიშვნელოვანია მათთან ურთიერთობა, კავშირების დამყარება, გამოცდილების გაზიარება და ა.შ.
- ბატონო დიმიტრი, რა სიახლეებია დაგეგმილი მანდატურის სამსახურთან დაკავშირებით მომავალი წლიდან?
- ამჟამად მანდატურის სამსახური მოქმედებს ქვეყნის დედაქალაქისა და ყველა დიდი ქალაქის სკოლებში. 2012 წლის 1 იანვრიდან მანდატურები საქართველოს ყველა რეგიონის საშუალო სიდიდის ქალაქების (გურჯაანი, თელავი, საგარეჯო და ა.შ.) სკოლებში შევლენ. ამჟამად მათი შერჩევა და გადამზადება მიმდინარეობს.
ყველა სკოლაში, სადაც მანდატურის სამსახური ამოქმედდება, მათი სრულყოფილი მუშაობისთვის საჭირო ვიდეოაპარატურის დამონტაჟება დაიწყება მომავალი კვირიდან.
- სულ რამდენი მანდატური ჰყავს საქართველოს სკოლებს და როგორია კადრების შერჩევის პროცესი?
- ამჯამად 1400 მანდატური გვყავს. ეს რაოდენობა საკმარისია ქვეყნის ყველა დიდი და საშუალო სიდიდის ქალაქის საჯარო სკოლებისთვის. ისინი გადამზადებას შსს პოლიციის აკადემიაში გადიან. რაც შეეხება ახალი კადრების შერჩევის პროცესს, მანდატურის კანდიდატურა რამდენიმეეტაპიან შერჩევას გადის - კანდიდატები თავდაპირველად აბარებენ გამოცდას უნარ-ჩვევებში. შემდეგი ეტაპია ტესტირება ფსიქოლოგთან და გასაუბრება კომისიის წევრებთან. ამ ეტაპების წარმატებით გადალახვის შემდეგ კანდიდატები სპეციალურ მოსამზადებელ კურსს შსს პოლიციის აკადემიაში გადიან და მხოლოდ ამის შემდეგ ირგებენ მანდატურის ფორმას.
- საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მანდატურები მუდმივად გადიან გადამზადებას სხვადასხვა მიმართულებით.
- დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია მათი პროფესიული ზრდა.
მანდატურები გადიან სხვადასხვა კურსს, მათ შორის სამაშველო და ფსიქოლოგიის კურსებს, რაც აუცილებელია
ბავშვებთან მუშაობისას. მანდატურის
მიზანია, იზრუნოს სკოლის, მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლაში დასაქმებული სხვა
პირების უსაფრთხოებაზე. მანდატურმა ბავშვებისთვის ყველა სახის დახმარების აღმოჩენა
უნდა შეძლოს, იქნება ეს ნებისმიერი დაპირისპირების და კონფლიქტური სიტუაციის მოგვარება
თუ საგანგებო სიტუაცია, მაგალითად, მიწისძვრა ან ხანძარი. ყველა მანდატურს უტარდება ტრენინგები სამართალდარღვევებზე
რეაგირების წესზე, პროფესიულ ეთიკაზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე
და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან ურთიერთობის დამყარებაზე. გარდა ამისა, მანდატურები ასევე გადიან კომპიუტერისა
და ინგლისური
ენის კურსებსაც.
- განათლების სისტემაში ელექტრონული სტრატეგიის დანერგვის შემდეგ ამოქმედდა ახალი ელექტრონული სისტემა მანდატურებისთვის - eOfficers. რითია ეს სისტემა გამორჩეული?
- eOfficers - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალი სისტემა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, სკოლაში მიმდინარე მოვლენებს - იქნება ეს დაპირისპირება მოსწავლეებს შორის თუ შინაგანაწესის ნებისმიერი დარღვევა - თვალი ონლაინ-რეჟიმში ვადევნოთ. თუ მოსწავლის მხრიდან ერთი და იგივე დანაშაული რამდენჯერმე დაფიქსირდება, ეს უკვე მიგვანიშნებს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, საქმეში უნდა ჩავრთოთ ფსიქოლოგი, უბნის ინსპექტორი და ა.შ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონული სისტემა გვაძლევს ხარისხობრივად ახალ, უნიკალურ შესაძლებლობას, ვიმუშაოთ დანაშაულის პრევენციაზე. სპეცფორმებში გამოწყობილი და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით აღჭურვილი ქართველი მანდატურები, ამერიკელი კოლეგებისგან განსხვავებით, იარაღს არ ატარებენ და ორიენტირებულნი არიან დანაშაულის პრევენციაზე და არა დასჯაზე.
გარდა ამისა, სპეციალურად მანდატურის სამსახურისთვის შექმნილი საინფორმაციო სისტემა მათ საშუალებას აძლევს, საქმის წარმოება განახორციელონ ელექტრონულად, ინფორმაცია მიიღონ ოპერატიულად და უფრო ეფექტურად იმუშაონ - ელექტრონულად აწარმოონ ოქმები და სხვადასხვა დარღვევის შესახებ აღრიცხვის ფურცელიც ელექტრონულად შეავსონ.
მანდატურის სამსახური ”უსაფრთხო სკოლის” ერთ-ერთი კომპონენტია. სტატისტიკა მიანიშნებს, რომ სკოლებში უსაფრთხოება თითქმის გარანტირებულია და დამყარებულია დისციპლინა, რომელიც თან უნდა ახლდეს სასწავლო პროცესს.