გაზეთი: ”24 საათი”
სათაური: ჩვენს ცნობიერებაში აშკარა წინსვლაა
ავტორი - სოფიო თოდუა
ინტერვიუ - მაია მიმინოშვილთან
როგორც გაირკვა, საზოგადოების დიდ ნაწილს უფრო მეტად აინტერესებს ცვლილებები განათლების სფეროში, ვიდრე - პოლიტიკურ სარბიელზე, მაგალითად, ასეთი: გოგა სჯობს გოკას, გოკა კოკას, კოკა კოკოს, კოკო კაკოს თუ კაკო აკოს? დღეს ბუდუარებსა და ოფისებში ერთნაირი სიმძაფრით კითხულობენ: ოთხი ბარდება თუ ათი, თუ ათიც და ოთხიც? ლაპარაკია იმ ახალ წესებზე, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შემოგვაქვს. ამ ერთი თვის განმავლობაში "24 საათმა" ორჯერ ჩამოართვა ინტერვიუ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს. მიუხედავად იმისა, რომ ხალხის შეცდომაში შეყვანა აზრადაც არ მოგვსვლია, მკითხველი ჩვენს პუბლიკაციებში საპირისპირო მოსაზრებებს ამოიკითხავდა. ეტყობა, ყველაფერი იმაზე ადრე გაცხადდა, ვიდრე დაიწერებოდა ერთიანი სამოქმედო გეგმა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, გზადაგზა კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი დაზუსტდეს, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მომავალი სასწავლო წლიდან უფრი ნაკლები დაბნეული მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი გვეყოლება.
ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი მათემატიკური სიზუსტით პასუხობს ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს. და რადგან მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა, ჩვენც ვადასტურებთ, რომ ათი მეტია ოთხზე. ასე რომ, მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევთ, სკოლაში იარონ და გამოცდებისთვის უკეთ მოემზადონ.
- ცოტა არ იყოს, დავიბენით - მაინც, რამდენი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ აბიტურიენტებს და რა პრინციპით ჩატარდება ეს გამოცდები?
- ძალიან მარტივად ავხსნი: ვთქვათ, ამთავრებთ სკოლას და გინდათ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება. გაივლით რეგისტრაციას (როგორც ეს 2005 წლიდან ხდება) და მიუთითებთ იმ ფაკულტეტსა და უმაღლეს სასწავლებელს, სადაც სწავლის გაგრძელება გსურთ. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბარდება სამი სავალდებულო და ერთიც არჩევითი საგანი აბიტურიენტის მიერ შერჩეული ფაკულტეტის მიხედვით. იცვლება ის, რომ ვისაც უნდა, ერთის მხრივ, სკოლის დამთავრება, მეორეს მხრივ კი უმაღლესი განათლების მიღება, ჩააბარებს არა 4, არამედ, სავარაუდოდ, 10 გამოცდას. ახლა ესეც განვმარტოთ: იმისათვის, რომ მოსწავლემ დაამთავროს საშუალო სკოლა, მას აუცილებლად დასჭირდება ატესტატი, ატესტატს კი იმ შემთხვევაში აიღებს, თუ ჩააბარებს ათ გამოცდას და გადალახავს კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს. რაც შეეხება სწავლის გაგრძელებას ამა თუ იმ უმაღლეს სასწავლებელში (რომელიც მან რეგისტრაციის დროს მოინიშნა), ამის უფლება მხოლოდ იმ აპლიკანტებს მიეცემათ, ვისაც ხელში ატესტატი უჭირავს.
- ის მოსწავლეები, რომლებმაც გადალახეს კომპეტენციის მინიმალური ზღვარი და აიღეს სკოლის ატესტატი, უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად ჩააბარებენ თუ არა დამატებით გამოცდებს?
- ხაზგასმით აღვნიშნავ: მათ დამატებითი გამოცდების ჩაბარება არ მოუწევთ. ან კი რა საჭიროა - ის ოთხი გამოცდა, რაც აქამდე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბარდებოდა, მათ ხომ უკვე ჩააბარეს, როდესაც ატესტატს იღებდნენ? თუ მოსწავლემ გადალახა კომპეტენციის მინიმალური ზღვარი და აიღო ატესტატი, შესაბამისად, მას ხელში კონკრეტული შედეგებიც უჭირავს. სწორედ ამ შედეგების მიხედვით გაეჯიბრებიან აბიტურიენტები ერთმანეთს ამა თუ იმ ფაკულტეტსა და სასწავლებელში ჩასარიცხად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მხოლოდ და მხოლოდ ამ ათი გამოცდით მოსწავლეს შეუძლია ერთდროულად აიღოს ატესტატიც და მიიღოს უმაღლესი განათლებაც. ცხადია, ვინც უკეთეს შედეგს აჩვენებს, მას უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრის მეტი შანსი ექნება. აქვე აღვნიშნავ: ყველა ეს გამოცდა 2011 წლიდან ჩვენს საგამოცდო ცენტრებში, ივლისში ჩაბარდება.
- იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ვერ გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ათი საგნიდან ერთ-ერთში მაინც, აიღებს თუ არა ატესტატს?
- უახლოეს მომავალში საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მოვაწვდით 2011 წლის გამოცდებთან დაკავშირებით. პროექტში, ცხადია, ეს საკითხიც იქნება დაზუსტებული. ზოგადად, ატესტატის მისაღებად გამოცდაზე გასვლის რაოდენობა არ არის შეზღუდული. თუ ატესტატი აიღო და არ უცდია უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება (ან ვერ ჩააბარა), მომდევნო წელს მხოლოდ 4 გამოცდას ჩააბარებს.
- მაგრამ ათი გამოცდის ჩაბარებას მხოლოდ 14 საგამოცდო ცენტრი ვერ აუვა ვერც მატერიალური და ვერც ადამიანური რესურსების თვალსაზრისით ...
- ბუნებრივია, დაგვჭირდება მეტი საგამოცდო ცენტრი, მაგრამ ყველა მათგანი ისევე იქნება აღჭურვილი, როგორც აქამდე იყო. გვესმის, რომ ამ ცვლილებების გამო აბიტურიენტს საგამოცდო ცენტრში მისვლა არა ოთხჯერ, არამედ უკვე ათჯერ მოუწევს, რაც რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეებს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის. ამიტომ ვფიქრობთ საგამოცდო ცენტრების გახსნას ყველა რაიონულ ცენტრში. რაც შეეხება ფინანსებს, ბუნებრივია, უფრო მეტი სახსრების მობილიზება დაგვჭირდება, მაგრამ იმდენის არა, რომ ეს სახელმწიფოს დიდ ტვირთად დააწვეს.
- აქამდე ეროვნული გამოცდები ფასიანი იყო. გამოდის, რომ აბიტურიენტს ახლა მეტი თანხის გადახდა მოუწეევს, რადგან ის არა 4, არამედ 10 გამოცდას ჩააბარებს ...
- პირიქით, აბიტურიენტი არც ერთ გამოცდაში აღარ გაიდაიხდის ფულს, რადგან საშუალო განათლება ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოს მიერაა დაფინანსებული.
- მასწავლებელთა სერტიფიცირებაზეც ჩაგეკითხებით. გასაგებია, რომ ის მასწავლებელი, ვინც ნებაყოფლობით გაივლის სერტიფიცირებას მეტ ხელფას აიღებს. მაგრამ რას ვეუბნებით იმ პედაგოგებს, ვინც ვერ ჩააბარებს სასერტიფიკაციო გამოცდებს?
- მასწავლებლები სასერტიფიკაციო გამოცდებს ჩააბარებენ თბილისსა და რეგიონებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებში. პედაგოგები, რომლებიც ვერ ჩააბარებენ გამოცდას ან არ მიიღებენ მონაწილეობას ამ პროცესში, ჩვეულებრივ გააგრძელებენ მუშაობას. თავს ნუ მოვიტყუებთ და ნუ დავიჯერებთ, რომ ორ-სამ წელიწადში ყველა სკოლაში სერტიფიცირებული მასწავლებლები გვეყოლებიან. მაგალითად, სოფლის სკოლაში სერტიფიცირებული პედაგოგი, შესაძლოა, წლების განმავლობაში არ წავიდეს - რა ვქნათ ასეთ შემთხვავაში, სკოლა მასწავლებლის გარეშე დავტოვოთ? რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მასწავლებლები, რომლებიც დღეს სოფლის სკოლებში ასწავლიან, სასერტიფიკაციო გამოცდებს ვერ ჩააბარებენ.
- სერტიფიკატის აღების მსურველ მასწავლებლებს რამდენი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ და როდის?
- ეს გამოცდებიც 2010 წლის ივლისში ჩატარდება და ჯერჯერობით მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და უცხო ენების მასწავლებლებს შეეხებათ. ამ ეტაპზე ჩაბარდება ორი გამოცდა: პროფესიულ უნარებსა და კონკრეტულად იმ სამ საგანში, რომელსაც ასწავლიან. უკვე მომდევნო წლებიდან სხვა საგნების მასწავლებლებიც გაივლიან სერტიფიცირებას, თუმცა ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ მასწავლებელთა სერტიფიცირება ნებაყოფლობითია.
- ერთიანი ეროვნული გამოცდები დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა. მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ამ გამოცდებისთვის მზადება წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, როცა განათლების მინისტრი ალექსანდრე კარტოზია გახლდათ?
- როდესაც 2005 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები შემოვიღეთ, ეს, რასაკვირველია, ამ ხელისუფლების პოლიტიკურმა ნებამ განსაზღვრა. მაგრამ პირადად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის პერიოდი (1998-2004 წლებს ვგულისხმობ), როდესაც ჩვენ გვქონდა ფუფუნებაც და შესაძლებლობაც, რომ ამ გამოცდებისთვის სათანადოდ მოვმზადებულიყავით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ის პერიოდი რომ არ ყოფილიყო, 2005 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს ვერ ჩატარდებოდა. ერთიანი ეროვნული გამოცდების პროექტი 2003 წელს დაიწერა და მის განხორციელებას 2006-2007 წლებში ვგეგმავდით, თუმცა მუდმივად იყო იმაზე ლაპარაკი, რომ ამ ნაბიჯით რექტორები გაღიზიანდებოდნენ, რომ მთავრობა მზად არ იყო ამ ნაბიჯის გადასადგმელად და ასე შემდეგ. 2003 წელს მოვიდა ახალი ხელისუფლება და პირდაპირ განაცხადა: ეს უნდა გაკეთდესო და გაკეთდა კიდეც. სხვათა შორის, თავდაპირველად პროექტში სწორედ გამოსაშვები გამოცდების ამავე პრინციპით ჩატარება იყო ჩადებული, თუმცა ალექსანდრე ლომაიამ სკოლებში ყველა სახის გამოცდა გააუქმა და ჩვენც იძულებული გავხდით, პორექტი შეგვეცვალა და ორიენტაცია მისაღებ გამოცდებზე აგვეღო. პოლიტიკური ნების გარდა, იცით, კიდევ რა მგონია დღევანდელი ხელისუფლების დამსახურება? რომ ჩვენს ჯგუფს მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა მოგვცა და ყველაფერი ნულიდან არ დაიწყო. ეს, მგონი, პოლიტიკოსოსთვის მეტად საშური თვისებაა, როცა ადამიანებს აფასებ პროფესიონალიზმის და არა იმის მიხედვით, ვინ ვისი მინისტრობის დროს აკეთებდა საქმეს.
- თქვენთან ინტერვიუც იმავე კითხვით უნდა დავამთავრო, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ამ შეკითხვას თქვენ მაინც არ აარიდებთ თავს: როგორ მოხდა, რომ ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტის (ლაპარაკია ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტზე) კურსდამთავრებულმა პედაგოგებმა ერთ-ერთი საერთაშორისო კვლევის თანახმად ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა?
- დავიწყოთ იმით, რომ ეს საერთაშორისო კვლევა ეხებოდა მხოლოდ მომავალი მათემატიკის მასწავლებლების კვალიფიკაციის დადგენას. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, საიდან გაჩნდა ეს ცნობა მედიაში. ჯერ ერთი, ეს ასე არ არის და მეორეც, ამ კვლევის შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა და ჟურნალისტები რის საფუძველზე ავრცელებთ ამ ინფორმაციას? როცა კვლევა დასრულდება, მერე ვიმსჯელოთ, ვინ რომელ ადგილზე მოხვდება. მართალი გითხრათ, ამ საკითხზე კომენტარისაგან თავი შეგნებულად შევიკავე და ანგაჟირებას მოვერიდე, რადგან მგონია, რომ წინასწარი, არასრული მონაცემების გამოქვეყნება ქვეყნის იმიჯზე ცუდად მოქმედებს.