7 დეკემბერი, გაზეთი: ”ვერსია”
2012 წლიდან უმაღლესი განათლბის სისტემაში ახალი რეფორმები განხორციელდება
ნინო ბარაბაძე
2012 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლესი განათლების კუთხით უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს გეგმავს. მინისტრის, დიმიტრი შაშკინის თქმით, ლიბერალური ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით გატარდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რეფორმებს 42 მიმართულებით ახორციელებს. ექსპერტთა შეფასებით, სწორედ ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებით აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ საკუთარი ცოდნით აბარებენ. საატესტატო გამოცდების დანერგვამ ბავშვები სკოლაში დააბრუნა და წახალისების სწორი სისტემა შექმნა. სკოლებში უსაფრთხოება მანდატურის სამსახურის წარმატებული მუშაობის შედეგია, ახალმა ერთიანმა ეროვნულმა სასწავლო გეგმამ განათლების ხარისხის გაუმჯობესება გამოიწვია, რასაც საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკაც ადასტურებს. ასევე, წარმატებული რეფორმა განხორციელდა სასკოლო სახელმძღვანელოების მიმართებაშიც - სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების წესის შეცვლის შემდეგ ამაღლდა წიგნების ხარისხი, მათი ღირებულება კი შემცირდა. გაეროს ბავშვთა ფონდის ,,იუნისეფის’’ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, სადაც განათლების ხელმისაწვდომობა ძალიან მაღალია.
დიმიტრი შაშკინის თქმით, გატარებული რეფორმების შედეგად განათლების სისტემაში უკვე შესაძლებელია ლიბერალური ცვლილებები კიდევ რამდენიმე მიმართულებით განხორციელდეს. შეიცვლება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების წესი, რაც აბიტურიენტებისთვისა და მათი მშობლებისთვის კომფორტულ გარემოს შექმნის. ცვლილებები ამოქმედდება უმაღლესი პროფესიული განათლებისა და სტუდენტთა მობილობის მიმართულებებითაც. განათლების ექსპერტები ამ ცვლილებებზე სამი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.
ცვლილება აბიტურიენტებისთვის - მეორადი ჩარიცხვები უქმდება
2012 წლიდან აბიუტურიენტთა მეორადი ჩარიცხვები უქმდება. შვიდის ნაცვლად, აბიტურიენტი თავიდანვე ოც სასურველ ფაკულტეტს აირჩევს. უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების მსურველს უფართოვდება მისთვის სასურველი ფაკულტეტის არჩევანის არეალი, თუმცა მისი ჩარიცხვა მხოლოდ ერთხელ გაკეთებული არჩევანის საფუძველზე მოხდება. ამით გამოცდების საბოლოო შედეგების გამოცხადება დაჩქარდება და ოქტომბრის ნაცვლად, აგვისტოს ბოლომდე გახდება ცნობილი. ამდენად, 2012 წელი აბიტურიენტებისა და მათი მშობლებისთვის ნაკლებად სტრესული და უფრო კომფორტული იქნება.
დიმიტრი შაშკინი: ,,ყველა აბიტურიენტისთვის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სტრესული პერიოდი ივლისში იწყებოდა და ოქტომბრამდე გრძელდებოდა. გამოცდების საბოლოო შედეგებისა და გრანტის საკითხის გასარკვევად, თითქმის სამი თვე მათ გაურკვეველ სიტუაციაში უწევდათ ყოფნა. მიზეზი მეორადი ჩარიცხვები იყო, რომლის დასრულებამდე გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა საბოლოო შედეგებს ვერ აქვეყნებდა, ჭიანურდებოდა გრანტების განაწილების პროცესიც. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და პირადად ჩემს ფეისბუქის გვერდზე ხშირად გვეწრდნენ უკმაყოფილო აბიტურიენტები და მათი მშობლები, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადება ძალიან გვიანდებოდა. მათი ეს შენიშვნები სამართლიანი იყო - შედეგების გამოცხადება მართლაც თითქმის ყოველ წელიწადს ჭიანურდებოდა. გარდა ამისა, შედეგების გამოცხადებამდე სრულყოფილად ვერ იწყებოდა სასწავლო პროცესი უმაღლეს სასწავლებლებში“ .
სამედიცინო და იურიდიულ ფაკულტეტებზე მინიმალური ზღვარი გაიზრდება
2012 წლიდან სამედიცინო და იურიდიულ ფაკულტეტებზე მოსახვედრად კომპეტენციის მინიმალური ზღვარი 10%-ით გაიზრდება და შესაბამისად 35% და 30% გახდება.
2011 წელს მინიმალური ბარიერი სამ საგანში 25%-ით,ხოლო უცხო ენაში 20%-ით განისაზღვრებოდა.
დიმიტრი შაშკინი: „აბიტურიენტებისთვის კომფორტულ პირობებზე საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს განათლების სტანდარტი და მოთხოვნები სახელმწიფოს მხრიდან.
იურიდიული და სამედიცინო ფაკულტეტები მთელს მსოფლიოში რეგულირებადი პროფესიებია. იურისტის ხელშია სამართალი. ეს პროფესია ადამიანის უფლებებს ეხება და იცავს. ხოლო ექიმების ხელშია ადამიანის სიცოცხლე. ამიტომ განსაკუთებით მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება.
სამწუხაროდ, საზოგადოებაში ჯერ კიდევ შემორჩენილია ძველი სტერეოტიპები და ძალიან ბევრ ადამიანს, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი უნარები, აქვს ამბიცია გახდეს ექიმი ან იურისტი.
იცვლება სტუდენტთა მობილობის წესი
ცვლილება შედის მობილობის წესში. მობილობით გადასვლის დროს შეზღუდვები წესდება სამედიცინო და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებზე. ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი სამედიცინო ფაკულტეტზე მობილობის წესით ვეღარ გადავა, სანამ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შესაბამის მეოთხე მაპროფირებელ საგანს არ ჩააბარებს.
დიმიტრი შაშკინი: ,, ეს გადაწყვეტილება სხვადასხვა დარგის ექსპერტებთან, დაახლოებით, 3-თვიანი კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ. მეცნიერები ერთხმად აღიარებენ, რომ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტს აუცილებელია გააჩნდეს საბუნებისმეტყველო და ზუსტი დისციპლინების ათვისების უნარი და ეს უდაო ჭეშმარიტებაა.
წარმოიდგინეთ, სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე კურსზე ხვდება სტუდენტი და თითქმის არ იცის არც ქიმია, არც ფიზიკა, არც ბიოლოგია და არც მათემატიკა, მაგრამ აქვს პრეტენზია, რომ გახდეს ექიმი. მე ხშირად ვხვდები მოქალაქეებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, ყველა ასაკის ადამიანს, მათთან ვსაუბრობ და შემიძლია განვაცხადო, რომ საზოგადოების მოთხოვნაა ახალ 150 საავადმყოფოში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იხსნება, პროფესიონალმა ექიმებმა იმუშაონ. მოქმედი ექიმების დასახმარებლად და მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ამავდროულად უნდა დავფიქრდეთ, რა მოხდება 5-10 წელიწადში. თუ ჩვენ დღეს არ მოვითხოვეთ მაღალი სტანდარტი უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლებისგან, მერე ძალიან გვიანი იქნება. ისევ დადგება არსებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლების პრობელმა და ა.შ.
ეს ძალიან პრინციპული და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. სტუდენტს, რომელიც მობილობით იცვლის ფაკულტეტს კრედიტები უნარჩუნდება.
ცვლილება არ ვრცელდება ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე, რადგან ზუსტი და საბუნებისმეტყელო ფაკულტეტების სტუდენტთა ცოდნის დონე ქართულ და უცხო ენებში უკვე შემოწმებულია”.
უმაღლეს სასწავლებლებს შეზღუდვები დაუწესდებათ
უმაღლესი სასწავლებლები ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს მეოთხე ჩასაბარებელ საგანს მხოლოდ მაპროფირებელი მიმართულებიდან აირჩევენ.
2010 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ სამ საგანს, მეოთხე მაპრფირებელი საგანი დაემატა. მეოთხე საგანს თავად უმაღლესი სასწავლო დაწესებულება განსაზღვრავდა. სახელმწიფოს მხრიდან გამკაცრებული პოლიტიკის მიუხედავად, არსებობენ ისეთი კერძო უმაღლესი სასწავლებლები, რომლებსაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდათ. ამ უმაღლეს სასწავლებლებს, მაგალითად, სამედიცინო ფაკულტეტზე მეოთხე გამოცდად ისტორია და გეოგრაფია ჰქონდათ არჩეული.
ცვლილებები უმაღლეს პროფესიულ განათლებაში
უმაღლესი პროფესიული განათლების მიმართულებით ჩარიცხვის მექანიზმი იცვლება. სიახლე უმაღლესი პროფესიული განათლების IV და V დონეებს ეხება. ახალი წესით, აბიტურიენტები უმაღლეს პროფესიულ სასწავლებლებში ისეთივე პრინციპით მოხვდებიან, როგორც მაგისტრატურაში, ისინი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგად უნარებს ჩააბარებენ და აგვისტოში აირჩევენ სასურველ სპეციალობებს. სტუდენტი წინასწარ არ აფიქსირებს, თუ სად აპირებს სწავლის გაგრძელებას.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა Online რეგისტრაცია მკვიდრდება
მომავალ წელს აბიტურიენტთა რეგისტრაციის ელექტრონული პროგრამა სრულად ამოქმედდება. აბიტურიენტს სახლიდან გაუსვლელად ონლაინ რეჟიმში ექნება შესაძლებლობა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად დარეგისტრდეს და აირჩიოს მისთვის სასურველი ფაკულტეტები. რეგისტრაციის დასრულებამდე აბიტურიენტს საკუთარ არჩევანში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა ექნება.
დიმიტრი შაშკინის თქმით, აღნიშნული სისტემა საკმაოდ კომფორტული და მოქნილია, რადგან ის აბიტურიენტის საჭიროებაზეა მორგებული.
მარტივდება უცხოეთიდან საქართველოში სწავლების დაწყების პროცედურა
სამინისტროს ინიციატივით, განათლების მაქსიმალურად ხელმისაწვდომობის მიზნით გამარტივდება უცხო ქვეყნიდან ჩამოსული მოსწავლისა და სტუდენტის სასწავლო დაწესებულებაში მიღების წესი.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, საქრთველოში სწავლის დაწყების მსურველს საშუალებას მისცემს სასურველ სასწავლებელში სწავლა განაცხადის გაკეთებიდან 48 საათის განმვალობაში დაიწყოს. მისი დოკუმენტაიის ნამდვილობის დადასტურება კი პარალელურ რეჟიმში მოხდება. ცვლილების განხორციელებამდე, უცხოეთიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველს ლოდინი რამდენიმე თვის განმავლობაში უწევდა.