გაზეთი
”ვერსია” 30 დეკემბერი
საქართველოს განათლების სისტემა უხარისხო საერთაშორისო კვლევებს არ დააფინანსებს
ინტერვიუ დიმიტრი შაშკინთან
ბატონო დიმიტრი, ”პრაიმ-თაიმში” მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას თქვენ განაცხადეთ, რომ არ ეთანხმებით საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო კვლევების შედეგებს, რომელიც განათლების სისტემაში მოსწავლეთა ცოდნის შეფასებას ახდენს . თუ შეიძლება, აგვიხსენით რა გახდა ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი?
ერთ-ერთმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და, მათ შორის საქართველოშიც, განათლების სისტემაში ჩაატარა საერთაშორისო კვლევა, რომლის შედეგებს არ დაეთახმა კვლევაში მონაწილე ქვეყნების უმრავლესობა და მათ შორის საქართველოც.
რამ განაპირობა ასეთი დამოკიდებულება?
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ განათლების სისტემაში ჩატარებულ კვლევაზე ასობით ათასი დოლარი იხარჯება, კვლევის შედეგები 2-3 წლის წინ მომხდარ მოვლენებს აფასებს, რაც საქართველოს განათლების სისტემისთვისა და მოსწავლეებისთვის არაფრის მომტანია. მინდა, პირდაპირ გითხრათ, რომ მე, როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ამგვარი კვლევები რელევანტურად არ მიმაჩნია.
რა გაძლევთ ასეთი განცხადების საფუძველს?
კვლევაში მონაწილეობის სურვილს ყველა ქვეყანა ნებაყოფლობით გამოთქვამს. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ამ კვლევაში არ მონაწილეობს. ისინი ყოველთვის შიდა, ეროვნულ კვლევებს ატარებენ. განათლების სისტემაში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ეს კვლევა ჩემი აზრით ნონსენსია - ის აფასებს 2-3 წლის წინ სისტემაში მომხდარ მოვლენებს, ანუ 2011 წელს გამოქვეყნებული კვლევა 2008 წლის შედეგებს აჩვენებს. მე, მინისტრს, რომელიც ვარ პასუხისმგებელი საკუთარი უწყების ბიუჯეტსა და სამინისტროს პოლიტიკაზე, მიჩნდება ძალიან მარტივი შეკითხვა - რა საჭიროა, 2011 წელს ვიკვლიოთ ის, თუ რა ხდებოდა 2008 წელს განათლების სისტემაში, რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს კვლევამ, რომელიც 2-3 წლის წინათ მომხდარ მოვლენებს აფასებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უამრავ პროექტს ახორციელებს და თითოეულს თავისი დანიშნულება და მიზანი აქვს. მაგალითად, ვარემონტებთ და ვაშენებთ სკოლებს, იმიტომ რომ ბავშვებმა უკეთეს გარემოში ისწავლონ, მასწავლებლებს ვუზრდით ხელფასს, რომ მათ უკეთესი მოტივაცია ჰქონდეთ. პირველკლასელებს ვურიგებთ ნეტბუქებს და მოსწავლეებს კომპიუტერებით ვაჯილდოვებთ მათთვის მოტივაციის ასამაღლებლად, სკოლებში სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად შევცვალეთ ეროვნული სასწავლო გეგმა. შევცვალეთ სახელმძღვანელოები, იმიტომ რომ ისინი ხარისხიანი და იაფი გაგვეხადა. ჩვენი ყოველი ნაბიჯი გარკვეული მიზნის მიღწევას ემსახურება. მაგრამ არ მესმის და ვერავინ მისაბუთებს, თუ რატომ უნდა გადავიხადოთ ასობით ათასი დოლარი 2011 წელს, იმისათვის, რომ შევაფასოთ 2008 წლის სიტუაცია განათლების სისტემაში. შეიცვალა ეროვნული სასწავლო გეგმა, შეიცვალა პოლიტიკა და ქვეყანა წინ მიიწევს.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობაზე უარი მრავალმა ქვეყანამ გამოაცხადა?
წელს შემოდგომაზე, ბერლინში, მსოფლიო ბანკის ეგიდით ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში ,,მოსწავლეთა შეფასების შედეგების გამოყენება განათლების ხარისხის ასამაღლებლად’’, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების განათლების სისტემის სპეციალისტები და ექსპერტები მონაწილეობდნენ, მათ შორის სინგაპურიდან და გერმანიიდან. ამ კონფერენციაზე ბევრმა ქვეყანამ და მათ შორის სინგაპურმაც ღიად გამოთქვა პრეტენზიები აღნიშნული კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. ყველა ქვეყანას ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ეროვნული სასწავლო გეგმა აქვს, ყოველი მათგანი გარკვეულ შედეგზე გარკვეულ პერიოდში გადის. მაგალითად, ზოგ ქვეყანაში არსებული განათლების სისტემის მიხედვით მოსწავლეები ბოლო სამ კლასში სწავლობენ კონკრეტულ სპეციალობებს, უკრაიანასა და ბოლორუსს 11-წლიანი სწავლება აქვთ, აშშ-ში ყველა შტატს ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული სასწავლო გეგმა აქვს და სწორედ ამ მიზეზით შტატების უმეტესობა არ მონაწილოებს ზემოთ აღნიშნულ კვლევაში.
საქართველოს განათლების სისტემა სრულყოფილი რომ არ არის,
სწორედ ამიტომ ვატარებთ რეფორმას 47 მიმართულებით, მაგრამ როდესაც საერთაშორისო არასამთავრობო
ორგანიზაცია მოგვმართავს კვლევის ჩატარების წინადადებით და ამბობს, რომ საქართველოს
განათლების სისტემას იგივე პრობლემები აქვს, როგორიც ვატაულუს და მის გამოსწორებაში
უნდა დამეხმაროს იგივე მეთოდებით, როგორც იმ ქვეყანას, სადაც ძალიან მწვავედ დგას განათლების
პრობლემა, ეს უბრალოდ მკრეხელობაა და პირდად ჩემი და ჩემი ქვეყნის შეურაცხყოფა. ჩვენს ქვეყანაში არ
დგას განათლების მიღების პრობლემა.
მესმის, რომ ძალიან
ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ცდილობს გრანტების მოპოვებას გარკვეულ პრობლემებზე
სამუშაოდ. მაგრამ არსეობობს UNICEF-ის
- გაეროს ბავშვთა ფონდის, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის
დასკვნა, რომლის მიხედვითაც საქართველოში განათლების ხელმისაწვდომობა ძალიან მაღალია.
სწორედ ამიტომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაურკვეველ არასამთავრობო
ორგანიზაციას არ გადაურიცხავს ასობით ათას დოლარს სრულიად უშედეგო კვლევის ჩასატარებლად.
ასეთი კვლევა საქართველოს არ სჭირდება და ამაში ფულს არ დავხარჯავთ.
რას გეგმავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო? მიიღებს საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობას?
მანამდე სანამ, არ აღმოიფხვრება ზემოთ ჩამოთვლილი შეცდომები აღნიშნულ კვლევებში, რაზეც ბერილინის საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრეს, საქართველო არანაირ საერთაშორისო კვლევებში არ მიიღებს მონაწილეობას. ჩვენ თანხებს არ დავხარჯავთ ცუდ პროდუქტში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შეიქმნა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების და შეფასების ეროვნული ცენტრი, რომელიც საქართველოში ეროვნულ შეფასებებს ჩაატარებს.