საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მომავლის კლასი“ ამჯერად, ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში გახსნა. ,,მომავლის კლასი’’ ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, კლასში დამონტაჟებულია ინტერაქტიული „ჭკვიანი“ დაფა და სენსორული მონიტორები. ულტრათანამედროვე ტექნიკის გამოყენებით მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ ჩაატარონ ინტეგრირებული გაკვეთილები, ხოლო სპეციალური მონიტორები სასწავლო პროცესში მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს.
„მომავლის კლასში“ მასწავლებელს საშუალება აქვს მონიტორის საშუალებით თვალყური ადევნოს მოსწავლეების მუშაობას, საჭიროების შემთხვევაში გაუწიოს მათ დახმარება, გაუგზავნოს კომენტარი და მისცეს რჩევები.
- მრავალფუნქციურ საკლასო ოთახში შესაძლებელია ჩატარდეს: ინგლისურის, ქართულის, ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, გეოგრაფიის, გეომეტრიის გაკვეთილები;
- სხვადასხვა საგნების სწავლებისას გამოყენებული იქნას ვირტუალური ლაბორატორიები და სასწავლო ”იარაღები” (სახაზავი, ტრანსპორტირი, ფარგალი და სხვადასსხვა ფიგურების ასაგები ხელსაწყოები);
- მოსწავლეებს საშუალება აქვთ შეინახონ და შემდგომ გამოიყენონ ჩატარებული გაკვეთილების ელექტრონული ვერსიები;
- კლასში შესაძლებელია ახალი მასალის ეფექტური პრეზენტაცია, კლასს გააჩნია მაღალი ხარისხის ვიზუალიზაცია და აუდიო სისტემა.
„მომავლის კლასი“ ახალციხეში კომპანია „ალგორითმის“ მიერ არის მოწყობილი და აღჭურვილი. „მომავლის კლასის“ წინ მოსწავლეებს ხვდებათ ვირტუალური მასწავლებელი, რომელიც აცნობს კლასის უნიკალურ თვისებებსა და ფუნქციებს.
„მომავლის კლასი“ საქართველოს რამდენიმე საჯარო სკოლაში დიდი წარმატებით ფუნქციონირებს.
2012 წლის ბოლომდე ყველა დიდ ქალაქში ეტაპობრივად გაიხსნება ულტრათანამედროვე კლას–კაბინეტები და იგი ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი იქნება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სულ ასი მრავალფუნქციური „მომავლის კლასის“ გახსნას აპირებს.
ახალციხის №5 სკოლა წლის საუკეთესო საჯარო სკოლად დასახელდა. სკოლა ყველაზე მრავალრიცხოვანია ახალციხეში, პედაგოგები და მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებში, მოსწავლეები გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით. დიდი ყურადღება ეთმობა სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, თანამედროვედ აღჭურვას. საკუთარი თანხების მობილიზებით სკოლაში არაერთი სარეაბილიტაციო საქმიანობა განხორციელდა.