პედაგოგთა ექსპერიმენტულ ნაწილში გამოცდების შედეგები ცნობილია
16.05.2012
წელს პირველად, საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში გამოცდა ჩატარდა. მასწავლებელთა უპრეცედენტო რაოდენობამ გადალახა ბარიერი და მაღალი შედეგები აჩვენა:
ბიოლოგიაში ექსპერიმენტული ნაწილი პედაგოგთა 90%-მა ჩააბარა;
ფიზიკაში- 83%-მა;
ქიმიაში - 74%-მა;
გამოცდაზე პედაგოგებს ის ცოდნა მოეთხოვებოდათ რაც აუცილებელია თანამედროვე ”აინშტაინის ლაბორატორიაში” პრაქტიკული მეცადინოებების მაღალ დონეზე წარმართვისათვის.
გამოცდების მაღალი შედეგები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულმა ეფექტურმა ტრენინგებმა და სკოლების ”აინშტაინის ლაბორატორიებით” აღჭურვამ განაპირობა. პედაგოგთა მოტივაციის ამაღლებაში ასევე მნიშვნელოვანია გაზრდილი ხელფასების ფაქტორი - ბიოლოგიის, ფიზიკისა და ქიმიის ექსპერიმენტულ ნაწილში გამოცდის ჩაბარების შემდეგ, პედაგოგი ხელფასზე დანამატის სახით 75 ლარს მიიღებს.
მასწავლებელთა სერტიფიცირების მიზანი მათი კვალიფიკაციის ამაღლება და ხელფასების ზრდაა. საბოლოოდ სერტიფიცირებული მასწავლებლების სახელფასო სქემა ასეთია: სერტიფიცირების დანამატი 75 ლარი; დამატებით ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში - 200 ლარი; ისინი, ვინც ინგლისურის და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემდეგ საუკეთესო 25%-ში ხვდებიან, ხელფასი 1000 ლარი გაუხდებათ; პედაგოგებს კი, რომლებიც საბუნებისმეტყველო საგნებში ლაბორატორიულ გამოცდას ჩააბარეს, ხელფასი კიდევ 75 ლარით გაეზრდებათ. Video