- ბატონო მინისტრო, საზოგადოებისთვის, მათ შორის - ჩვენი გაზეთის მკითხველისთვისაც, საინტერესოა მიზეზები, რომელთა გამოც ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორი დაკისრებული მოვალეობისგან გათავისუფლდა. საინტერესოა თქვენი პოზიციაც ამის თაობაზე. რას ნიშნავს “პრინციპული შეუთავსებლობა განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის”?
- მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ამ თემაზე საუბარს შეგნებულად ვარიდებდი თავს - მინდოდა, საზოგადოებას თავად დაენახა არსებული ვითარება და თავადვე გამოეტანა დასკვნები, მაგრამ, როგორც მოვლენებმა ცხადყო, აუცილებელია განვმარტო, რას ნიშნავს „პიროვნული შეუთავსებლობა“ და რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.
ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. ჩვენ ყველაფერი ვიღონეთ, რომ საქმე აქამდე არ მისულიყო, მაგრამ ცალმხრივი ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა. სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ ისიც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თანამდებობის დაკარგვის შემდეგ განაწყენებული ადამიანი ანგრევს ყველაფერს, რაც მანამდე უშენებია და პირად წყენას საქმეზე, სახელმწიფოებრივ ინტერესებზე წინ აყენებს. ყოფილი თანამდებობის პირების ასეთი სიცრუე ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიიდანაც კარგად გვახსოვს.
მე განათლების სისტემას არ ვუყურებ მხოლოდ მინისტრის თვალით - მე მას, ამავე დროს, ვუყურებ როგორც ორი შვილის მამა, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება განათლების სისტემა იმ ქვეყანაში, სადაც მისი - და არამხოლოდ მისი - შვილები სწავლობენ. მინდა, თქვენი გაზეთის მეშვეობით მივმართო საზოგადოებას, მშობლებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, აბიტურიენტებს - ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მიმდინარე რეფორმები - და დავარწმუნო, რომ ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რათა განათლების სისტემამ უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს და რამდენიმე ჩასაფრებულმა ადამიანმა, რომლებიც ყოველთვის გამოჩნდებიან, ხელი ვერ შეუშალოს ამ პროცესის მიმდინარეობას.
ვეცდები ავხსნა, რას გულისხმობს ამ შემთხვევაში “პიროვნული შეუთავსებლობა”. ალეგორიას მოვიშველიებ. წარმოიდგინეთ, რომ გვაქვს სახლი, რომელიც შვიდი წლის წინ გავარემონტეთ. ამ სახლში ბევრი ხალხი ცხოვრობს და თითოეულ მათგანს თავისი ოთახი აქვს, ხოლო სასადილო ოთახი საერთოა. რემონტი შვიდი წლის წინ კარგად ჩატარდა, მაგრამ დრომ ახალი გამოწვევები მოიტანა და ოჯახმა გადაწყვიტა, სასადილო უახლესი ტექნიკით განეახლებინა. ოჯახის წევრები შეთანხმდნენ ცვლილებების თაობაზე, მოიწვიეს დიზაინერი, რომელმაც დაადასტურა, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია, დაიწყო სარემონტო სამუშაოები და უეცრად ერთ-ერთმა ხელოსანმა განაცხადა, რომ დაკვეთას არ შეასრულებს. ოჯახის წევრებმა იციან, რომ ეს ხელოსანი თავისი საქმის კარგი მცოდნეა და დიდი გამოცდილებაც აქვს, მაგრამ, მათი თხოვნის მიუხედავად, იგი უარზეა - ჯიუტად იმეორებს, რომ მოსწონს, რაც შვიდი წლის წინ გაკეთდა და ამ კუთხით ცვლილებების მომხრე არ არის. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ოჯახსა და ხელოსანს შორის შეთანხმების მიღწევა ძალიან გაჭირდება.
სახელმწიფო და ჩვენი საზოგადოება ითხოვენ, თანამედროვე გამოწვევების ადეკვატური სისტემა გვქონდეს. ეს არ გახლავთ ოჯახის რომელიმე წევრის ერთპიროვნული გადაწყვეტილება ან ახირება; ეს ყველა იმ ადამიანთან შეთანხმებით მიღებული გადაწყვეტილებაა, ვინც დღეს სახელმწიფოში განათლების პოლიტიკას განსაზღვრავს. ჩვენ კამათის, ძიებისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლის შედეგად მივედით იმ დასკვნამდე, რომ ცვლილებები აუცილებელია და ისინი დროულად უნდა გატარდეს. როცა სახელმწიფომ განათლების სისტემის რეფორმა დაიწყო, სახლს სახურავიც კი არ ჰქონდა და ჭერიდან წყალი ჩამოდიოდა. იყო კორუფცია, უამრავი სხვა ხარვეზი. პირველი სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, სისტემა ყოველდღიურ განახლებას მოითხოვს.
- გავრცელებული ინფორმაციით, უთანხმოება უმთავრესად მოსწავლეთა საატესტატო, ეროვნულ და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებს ეხებოდა.
- რაც შეეხება გამოცდებს, რა თქმა უნდა, მომხრე ვარ, ცოდნის შეფასება მკაცრი საზომით მოხდეს, მაგრამ, ამავე დროს, ჩემი სურვილია, ამოსავალ წერტილად მოსწავლე და მასწავლებელი მივიჩნიოთ, ხოლო ტესტი იყოს მოსწავლის ცოდნის ადეკვატური, თანხვედრაში მოდიოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. არ შეიძლება, სასკოლო პროგრამა და საგამოცდო ტესტი ერთმანეთს აცდენილი იყოს.
ვეცდები, აქაც ალეგორიის მეშვეობით ავხსნა, რას ვგულისხმობ. ვთქვათ, მყავს გუნდი, მაგალითად, წყალბურთელთა, და შეჯიბრებაზე გამყავს. ჩემი სურვილი იქნება, წყლის ტემპერატურა იყოს ისეთი, როგორიც საჭიროა, გუნდს ჰქონდეს თანამედროვე აღჭურვილობა და ისეთი ბურთი, რომ მოხერხებულად ითამაშოს. მოთამაშეს თამაშის დროსაც და თამაშის შემდეგაც ყოველგვარი პირობა უნდა შევუქმნათ, რათა მან მთელი ძალისხმევა გაიღოს გამარჯვებისთვის. მე კი მეუბნებოდნენ, რომ გუნდს უნდა ეთამაშა იმ პირობებში, რაც ჰქონდა და მათი გაუმჯობესება არ უნდა გვეცადა.
მართალია, სახელმწიფო ჩვენგან მოითხოვს, გვყავდეს საუკეთესო მასწავლებლები, რომელთა პროფესიონალიზმი უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებს, მაგრამ სახელმწიფოს მხოლოდ მოთხოვნები არ აქვს; ის ცდილობს, სათანადო პირობებიც შეუქმნას მასწავლებლებს, რათა მათ მართლაც მაღალი სტანდარტი აჩვენონ. სწორედ ამას ემსახურება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და გია მამულაშვილი, რომელიც პედაგოგებს ყოველგვარ პირობას უქმნის. ყველა ურწმუნო თომას შეუძლია, ნებისმიერ დროს მიბრძანდეს “მასწავლებლის სახლში” და ეს საკუთარი თვალით ნახოს.
- ქალბატონმა მაია მიმინოშვილმა ექვსასი ყალბი ატესტატის გაცემა დაგდოთ ბრალად. ბუნებრივია, გვაინტერესებს, რას იტყვის მინისტრი ამის შესახებ და რომელ ატესტატებზეა საუბარი.
- ეს ცილისწამებაა და არანაირად არ შეეფერება სინამდვილეს. მინდა, საზოგადოებას ავუხსნა, რომ “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 2011 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, 2011 წლის სკოლის კურსდამთავრებულთათვის განისაზღვრა სპეციალური სერიის მქონე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატების გაცემა. გამონაკლისი დაშვებულ იქნა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე არ დარეგისტრირდნენ ან ვერ მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილ სრული ზოგადი განათლების ატესტატის მისაღებად საჭირო საგნებში დადებითი შეფასება.
სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატები მიიღეს 2010-2011 სასწავლო წლის ორი კატეგორიის კურსდამთავრებულებმა, რომელთა რაოდენობა 298-ს არ აღემატება. პირველი კატეგორია გახლავთ ჩვენი თანამოქალაქე, ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლეები, რომლებმაც ქართული ენის არასრულფასოვანი ცოდნის გამო სკოლის გამოსაშვები გამოცდები ვერ დაძლიეს. ასეთივე ატესტატები აიღო თოთხმეტმა განსაკუთრებით ნიჭიერმა ქართველმა მოსწავლემ, რომლებმაც გამოცდები წარმატებით ჩააბარეს მსოფლიოს იმ წამყვან უნივერსიტეტბში, სადაც ჩარიცხვის ძალიან მკაცრი მექანიზმები მოქმედებს. ამ უნივერსიტეტებს აქვთ საკუთარი საგამოცდო სისტემა და მათი გამოცდების დრო საქართველოში მიმდინარე სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს ემთხვევა. რათა დაცული ყოფილიყო თითოეული მოსწავლის უფლება, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ამ მოსწავლეებისთვის გადაეცა სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატი. სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატის მქონე მოსწავლეებს საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება არ აქვთ.
მე ვიყავი იმ რეფორმის ინიციატორი, რომელმაც ქვეყანაში ყალბი ატესტატების გაცემის თეორიული შესაძლებლობაც კი მოსპო. ჩვენ დავნერგეთ ატესტატის გაცემის ახალი მოდელი. კერძოდ, თუ რეფორმამდე ატესტატებს სკოლის დირექტორი ავსებდა და გასცემდა, ამჟამად მათი აღრიცხვა ცენტრალიზებულად, მხოლოდ ელექტრონული ბაზის საშუალებით ხორციელდება. ელექტრონულ ბაზაზე წვდომა კი აქვს მხოლოდ გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რაც სამინისტროს მხრივ ყალბი ატესტატის გაცემის შესაძლებლობას გამორიცხავს.
მე როგორც იურისტი - და ურიგო იურისტი ნამდვილად არ გახლავართ - ვაცხადებ, რომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სიყალბეა ყალბი ინფორმაციის ან ჩანაწერის შეტანა ოფიციალურ დოკუმენტში, რაც სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატის გაცემისას არ მომხდარა, ვინაიდან სრული ზოგადი განათლების ატესტატები, რომელებიც სამინისტრომ გასცა, არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები, რეგისტრირებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ და შეიცავს კანონით განსაზღვრულ ყველა დამცავ მექანიზმს.
აქვე მინდა გავაკეთო კომენტარი ძალიან მტკივნეულ და ფაქიზ თემაზე. გუშინ მოვისმინე ბრალდება, თითქოს ატესტატებს გამარტივებული წესით ვაძლევ სომეხ და აზერბაიჯანელ მოსწავლეებს, ქართველებს კი პრობლემებს ვუქმნი. ოცდამეერთე საუკუნეში ასეთი განცხადებების კეთება უხერხული და სამარცხვინოა. ჩვენ ხელს ვუწყობთ ყველას, ვისაც ცოდნის დაუფლება სურს. მინდა აღვნიშნო, რომ წელს 4000-მა აზერბაიჯანელმა და სომეხმა მოსწავლეებმა გადაწყვიტა ქართულ უნივერსიტეტებში ჩაბარება; წელსვე სომეხი და აზერბაიჯანელი მოსწავლეების მხოლოდ ათი პროცენტი ჩაიჭრა ქართული ენისა და ლიტერატურის საატესტატო გამოცდებში, როცა შარშან ეს მაჩვენებელი სამოცი პროცენტის ტოლი იყო.
დაბოლოს, მინდა გითხრათ, რომ ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, ის შეუზღუდავია და თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, გასაქანი მისცეს მას როგორც კარგი, ასევე ცუდი მიმართულებით. სამწუხაროდ, ველი სხვა ბრალდებებსაც განაწყენებული ყოფილი თანამდებობის პირებისგან და ყოველთვის მზად ვარ, გულწრფელად ვუპასუხო ყველა კითხვას, რომელიც ჩვენს საზოგადოებას გაუჩნდება.