საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2011-2012 წლების
პროფესიული განათლების სისტემის ეფექტიანობის აუდიტი განახორციელა (მიმოიხილა 2013 წლის პირველი კვარტალი) და
შესაბამისი დასკვნა 2013 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა. დასკვნაში მოცემულია რეკომენდაციები სისტემაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.
დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საინფორმაციო შეხვედრა
გაიმართა, რომელზედაც დაინტერესებულ მხარეებს აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული
2013-2014 წლების აქტივობების შესახებ ინფორმაცია წარედგინა. მოწვეულ სტუმართა
შორის იყვნენ ჟურნალისტები, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების
წარმომადგენლები, სოციალური პარტნიორები და სხვ.
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო 2013 წლიდან პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიას
(2013-2020) და სამოქმედო გეგმას ახორციელებს, რათა პროფესიულმა განათლებამ შეასრულოს
მასზე დაკისრებული ფუნქცია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესებში.
სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სრულად პასუხობს არსებულ გამოწვევებს, მათ შორის, სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის დასკვნაში ასახულ პრობლემებსა და რეკომენდაციებს.
2013 წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი აქტივობები:
- შეიქმნა
პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია (2013-2020) და სამოქმედო გეგმა;
- დაიწყო
ინკლუზიური პროფესიული განათლების მიდგომების დანერგვა;
- შეიქმნა
პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის სტრატეგია;
- ამოქმედდა
პროფესიული განათლების სისტემის დაფინანსების ახალი მოდელი;
- ამოქმედდა
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის ახალი წესი;
- შეიქმნა პროფესიული სტანდარტების
შემუშავების DACUM-ის მეთოდოლოგია;
- შეიქმნა მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების
შემუშავების კონცეფცია;
- დამსაქმებელთა მოთხოვნების გათვალისწინებით განახლდა
75 პროფესიული სტანდარტი;
- გაანალიზდა
11 ევროპული ქვეყნის პროფესიული სასწავლებლის ხარისხის შეფასების გამოცდილება და მომზადდა რეკომენდაციები
განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ახალი კონცეფციის შესაქმნელად;
- შეიქმნა
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თვითშეფასების სახელმძღვანელო;
- განხორციელდა
პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საჭიროებები კვლევა და მომზადდა პროფესიული განათლების
მასწავლებლის მომზადებისა და შემდგომი პროფესიული განათლების კონცეფცია.
ეს არის მცირე
ჩამონათვალი პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში 2013 წელს განხორციელებული ღონისძიებების,
2014 წელს კი სამინისტროს საქმიანობა მიმართულია
შემდეგი მიმართულებებით:
- მოდულური
პროფესიული პროგრამების პილოტირება და ამ პროგრამების მომზადებაში მასწავლებელთა დატრენინგება;
- მინიმუმ
30 პროფესიული სტანდარტის განახლება დამსაქმებელთა მოთხოვნების გათვალისწინებით;
- ხარისხის
უზრუნველყოფის ახალი კონცეფციის შემუშავება:
- კერძო
სექტორთან თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმების დანერგვა;
- კურსდამთავრებულთა
კვლევის პილოტირება (დასაქმების მაჩვენებლის დადგენის მიზნით);
- პროფესიული
განათლების მასწავლებლის მომზადებისა და შემდგომი პროფესიული განვითარების კონცეფციის
დამტკიცება და მისი დანერგვის გეგმის შემუშავება;
- პროფესიული
განათლების მასწავლებელთა ტრენინგი საწარმოებში და სხვ.
პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია გაიმართა და მოწვეულ სტუმრებს
შესაძლებლობა ჰქონდათ მოსაზრებები გამოეთქვათ,
როგორც აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით, ასევე პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე
ცვლილებებისა და გეგმების თაობაზე.