ვაჟა-ფშაველას შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება. დღეს, ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, პოეტისა და მწერლის მშობლიურ ჩარგალში, სასკოლო თეატრალური ფესტივალის მონაწილე მოსწავლეები ჩავიდნენ. მათ ვაჟა-ფშაველას სახლ–მუზეუმში მოწყობილ სცენაზე ვაჟას ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლები წარმოადგინეს და თავიანთი ლექსებიც წაიკითხეს.
სასკოლო თეატრალური ფესტივალი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის ივნისში გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით სპექტაკლები დადგეს. კომისიამ სამი გამარჯვებული სპექტაკლი გამოავლინა, რომელთა ჩვენება მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა.
დღეს კი, ჩარგალში მოსწავლეებმა ის სპექტაკლები ჩაიტანეს, რაც ფესტივალის ფარგლებში დაიდგა, მაგრამ დიდ სცენაზე არ გათამაშებულა. ღონისძიებას ბევრი საპატიო სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და პარლამენტის წევრი ანა მიროტაძე.
ჩარგალში მოსწავლეები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩავიდნენ. დღის ბოლოს ვაჟა–ფშაველას საზოგადოებამ ყველა მათგანი სპეციალური სიგელებით დააჯოლდოვა.