„მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის“ ფარგლებში, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით „ლიტვა და საქართველო 520 წლიანი რეტროსპექტივიდან“. კონფერენცია ორი ქვეყნის რამდენიმესაუკუნოვან მეგობრობას და თანამშრომლობას მიეძღვნა.
კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნა ისეთი თემები, როგორიც არის ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება, უმაღლესებს შორის გაცვლითი პროგრამებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელება, ასევე გაიმართა საინტერესო დისკუსიები.
კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოში ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და მის მუშაობაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და ლიტვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი მონაწილეობდნენ.
ლიტვის ელჩის საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ორი ერთმანეთისგან დაშორებული ქვეყანა, განსხვავებული ენითა და კულტურით ძალიან თბილ ურთიერთობებს იზიარებენ და მოხარულია, რომ კონფერენციაზე ორ ქვეყანას შორის განათლების განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. მისი თქმით, ასეთი შეხვედრები ქვეყნების მომავალი ურთიერთობებისთვის, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია.