საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-თან საქართველოს ასოცირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციის მიმართულებით პოლიტიკის შემმუშავებელ და განმახორციელებელ უწყებებთან თუ ორგანიზაციებთან ერთად, პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“- ში ჩართვის პრაქტიკული ასპექტების განხილვა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის გენერალური დირექტორატის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების საკითხებში. განხილულ თემებს შორის იყო: ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის პრიორიტეტები, სამუშაო პროგრამა, მიმდინარე და დაგეგმილი კონკურსები, ეროვნული საკონტაქტო პირების ქსელი და მისი გაუმჯობესების მექანიზმები, ინფორმაცია პორტალის მეშვეობით საპროექტო განაცხადის წარდგენის შესახებ, ფინანსური რეგულაციები, ცალკეული პროგრამული მიმართულებები, როგორიცაა Marie Skladowska Curie Action, დაფინანსების შესაძლებლობები ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ფარგლებში. ხაზგასასმელია, რომ ევროკომისიის წარმომადგელების მხრიდან გაჟღერდა რეკომენდაციები სახელმწიფოს მხრიდან გადასადგმელი იმ კონკრეტული ნაბიჯებისა და განსახორციელებელი ინიციატივების შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრირებას ,,ჰორიზონტი 2020“-ში და საქართველოს მეცნიერთა მხრიდან პროგრამის ეფექტიან გამოყენებას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ „ჰორიზონტი 2020“-ის საქართველოს ეროვნული საკონტაქტო პირები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების (GITA) წარმომადგენლები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-თან ასოცირებული ქვეყნების წარმომადგენლები, რომელთაც გამოცდილების გაზიარების მიზნით, წარმოადგინეს მოხსენებები ევროპის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში თავიანთი ქვეყნების ჩართულობის შესახებ: მიმოიხილეს ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დადგნენ თავიანთი ქვეყნის მეცნიერები თუ კვლევითი ინსტიტუციები ,,ჰორიზონტი 2020“-თან ასოცირების პირეველ ეტაპზე.
სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამით (FP7) დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP ფარგლებში.
ღონისძიებას ასევე დაესწრებიან „ჰორიზონტი 2020“-ის საქართველოს ეროვნული საკონტაქტო პირები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების (GITA) წარმომადგენლები.