“მანდატური სკოლაში” - გაზეთი: “24 საათი”
ავტორი – ინგა ალავიძე
თბილსისის საჯარო სკოლებში წესრიგის დამცველები – მანდატურები მოსწავლეთა უსაფრთხოებას დაიცავენ. ორი ახალგაზრდა მამაკაცი და ერთი ქალბატონი სკოლის შინაგანაწესის დაიცვას, კონფლიქტებს განმუხტავს და ბავშვებისთვის ყველა სახის დახმარებას უზრუნველყოფს. მანდატურები პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და შსს -ს აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ წარუდგინეს.
თბილისის შვიდ საჯარო სკოლაში მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით მანდატურთა პილოტური პროექტი ამოქმედდა. სპეციალურფორმიანი მანდატურები პირველ ექსპერიმეტულ, მე-11, 23-ე, 24-ე, 51-ე, 52-ე და 117-ე სკოლებში უკვე შევიდნენ და მოვალეობის შესრულებასაც შეუდგნენ.
გუშინ ისინი მოსწავლებს გაეცვნენ – მათი შეხვედრა-გაცნობა საკმაოდ ხალისიან ვითარებაში შედგა. ბავშვები მათთვის წესრიგთან და სიმკაცრესთან, კანონთან ასოცირებულ ადამიანებს, მართალია, თავიდან მორიდებულად შეხვდნენ, მაგრამ მანდატურთა უშუალო და მეგობრული განწყობა მიიღეს და მათი პირველი შეხვედრაც შედგა.
“მგონი ძალიან კარგები არიან. ჩვენ არ გვეშინია და თანაც, არავის უთქვამს, რომ მათი უნდა გვეშინოდეს. ძალიან მეგობრულად შეგვხვდნენ. მე სუვენირი მაჩუქეს – საქართველოს პატარა დროშა, ძალიან გამიხარდა. სკოლაში კონფლიქტი ხშირად ხდება, დანით თითქმის ყველა ბიჭი დადის, შეიძლება გამოხედვა არ მოეწონოს და ამის გამო კონფლიქტი მოხდეს, ან ნათქვამი ფრაზის გამო გაბრაზდეს ვინმე. ტუალეტებში თუ იქნება ვიდეოთვალი დამონტაჟებული, არც ეგაა ურიგო, რადგან მისი ფუნქცია ახლა ისაა, რომ სიგარეტის მოსაწევი ადგილია, იქაურობა ბიჭებითა და სიგარეტის კვამლითაა სავსე. თუმცა, უკვე დერეფნებშიც ეწევიან – რა პრობლეაა?!” - განაცხადა ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლემ. როგორც მისი საუბრიდან გაირკვა, სკოლას თავისი ”მაკონტროლებელი” ჰყავს და კონფლიქტის დამწყებ-გამრჩევიც უმეტეს შემთხვევაში, ის და მასთან დაახლოებული ”ძველი ბიჭები” არიან.
თუმცა, არის სკოლები სადაც მანდატური ჯერ არ შესულა, მსგავსი არეული სიტუაცია ნაკლებად არის, მაგრამ მოსწავლეები მაინც მიიჩნევენ, რომ წესრიგის დამყარება მათთანაც კარგი იქნებოდა.
”გუშინ მასწავლებლებმა გვითხრეს, რომ სკოლებში წესრიგს მანდატურები დაიცავენ, თითქმის ყველა ბავშვს უარყოფითი რექცია ჰქონდა – ციხეა თუ სკოლა? – კითხეს მათ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს კარგი პროექტია, სწორი გადაწყვეტილებაა, სკოლაში უფრო მეტი წესრიგი იქნება,” - განაცხადა 21-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე თამარ რატიშვილმა.
”ჩვენს სკოლაში მხოლოდ უმცროსკლასელები ვართ და შესაბამისად არანაირი კონფლიქტები არ ხდება, ასეთი რამეები უფრო გვერდით, დიდების სკოლაშია. ვიდეოთვალი ტუალეტში უნდა დაამონტაჟონ? ეს ცუდია, არა მგონია რომ სწორი იყოს. თუმცა, ვფიქრობ, რომ მანდატურის სკოლასი შემოსვლა მაინც კარგია, უფრო მეტი წესრიგი იქნება და ჩვენც უფრო მობილიზებულნი ვიქნებით,” - განაცხადა თამარ რატიშვილის პატარა დამ, მე-5 კლასელმა ანა რატიშვილმა, რომელიც ფიქრობს, რომ როცა დიდი გაიზრდება და უფროსკლასელების სკოლაში გადავა, მას მანდატურების მიერ დამყარებულ წესრიგიან სკოლაში მოუწევს სწავლის გაგრძელება.
მანდატურებმა ”წრთვნა” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გაიარეს – ისინი ორი კვირის მანძილზე თეორიულ მასალასთან ერთად, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ეცნობოდნენ და ფასიქოლოგიურ კურსს გადიოდნენ.
მანდატურების ფუნქცია მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვაა და მათ უფლება არ აქვთ სადამსჯელო ღონისძიებები განახორციელონ.
მანდატური ვალდებულია, კონფლიქტური სიტუაცია შეფასოს და ცალკეულ შემთხვევაში დირექტორს რეაგირება მოსთხოვოს. სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში, მას შეუძლია, საქმის კურსში მშობელი ჩააყენოს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაც აცნობოს. უკიდურეს შემთხვევაში, მანდატურს უფლება აქვს, პატრული გამოიძახოს, - ასეთია სკოლაში წესრიგის დამცველთათვის დაწესებული უფლებები.
სკოლის მანდატურები საინფორმაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილ, საგანგებოდ მათთვის გამოყოფილ ოთახებში განთავსდებიან, ვიდეოკამერებით გააკონტროლებენ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრს და აღჭურვილი იქნებიან თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით.
ამ ახალი ინიციატივის მიზანია სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.
”ეჭვი არ მეპარება, რომ მანდატურის სკოლაში გამოჩენა, სხვა მშობლებისათვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩემთვის. ბუნებრივია, ასეთ რთულ სიტუაციაში, როდესაც ხშირად ვიგებთ სკოლებში მომხდარ მკვლელობებისა თუ სხვა დანაშაულის შესახებ, მე გაცილებით მშვიდად ვიქნები. თანაც, მანდატურის სკოლაში შესვლა ბავშვებში სახელმწიფოებრივ აზროვნებას განავითარებს – მათ ეცოდინებათ, რომ ქვეყანაში არსებობს კანონი, რომელსაც პატარა ასაკიდან უნდა ემორჩილებოდნენ,” - დაახლოებით ასეთი შინაარსის კომენტარს აკეთებენ სკოლის მოსწავლეთა მშობლები.