შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი“. კონკურსის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა; სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება; ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება; შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.
კონკურსი ტარდება საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის N98 დადგენილების შესაბამისად.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც არის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლე.
კონკურსში განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ინდივიდუალურად და ჯგუფურად. ჯგუფის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი კლას(ებ)ის სამ მოსწავლეს. კონკურსზე პროექტის დარეგისტრირების შემდეგ ჯგუფის წევრთა ცვლილება დაუშვებელია.
თითოეულ გუნდს შეუძლია გუნდის ლიდერის დანიშვნა, რომელიც მიმდინარე სამუშაოებს გაუწევს კოორდინაციას, იქნება გუნდის სპიკერი და საკონტაქტო პირი. მიუხედავად ამისა, გუნდის თითოეულ წევრს უნდა შეეძლოს სპიკერის/ საკონტაქტო პირის როლის შესრულება, უნდა იყოს სრულად ჩართული პროექტში და იცნობდეს მის ყველა ასპექტს. საბოლოო ნამუშევარი უნდა ასახავდეს გუნდის ყველა წევრის კოორდინირებულ ძალისხმევას. გუნდური პროექტი შეფასდება ინდივიდუალური პროექტების მსგავსი წესებითა და შეფასების კრიტერიუმებით.
ერთი და იგივე პირი ვერ იქნება საკონკურსოდ წარდგენილი ორზე მეტი განაცხადის ავტორი ან თანაავტორი. გამარჯვების შემთხვევაში დაფინანსდება მხოლოდ ერთი პროექტი. საკონკურსოდ არ უნდა იყოს წარმოდგენილი კვლევა, რომელიც განხორციელდა 2017 წლის იანვრამდე.
საკონკურსოდ არ განიხილება პროექტი, რომელმაც საპრიზო ადგილი დაიკავა ან გაიმარჯვა ფონდის ან სხვა ორგანიზატორის მიერ ადრე ჩატარებულ კონკურსში. ყალბი ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში პროექტი მოიხსნება კონკურსიდან.
თითოეულ გუნდს, ან მოსწავლეს უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი, რომელიც შესაძლებელია იყოს მასწავლებელი, მშობელი ან მეცნიერი, რომლის ლაბორატორიაშიც მოსწავლე მუშაობს. ხელმძღვანელი პროექტზე მუშაობის მთელი პერიოდის მანძილზე უნდა იმყოფებოდეს მოსწავლესთან მჭიდრო კონტაქტში. ის უნდა იცნობდეს ყველა შესაბამის რეგულაციას, რომელიც პოტენციურად საშიშ ან სარისკო კვლევის ჩატარებას ეხება და, რომლებიც მოსწავლის პროექტთანაა დაკავშირებული. ასეთი კვლევა შეიძლება მოიცავდეს ქიმიური ან ბიოლოგიური ნივთიერებებისა და აღჭურვილობის გამოყენებას, ექსპერიმენტულ მეთოდებს, უჯრედების კულტურის, მიკროორგანიზმების ან საშიში ცხოველების/ ცხოველური ქსოვილების შესწავლას.
იმ შემთხვევაში, თუ კვლევა ხორციელდება ლაბორატორიაში, ან ეხება პოტენციურად საშიშ ბიოლოგიურ და კონტროლირებად ნივთიერებებს, აუცილებელია შესაბამისი რეგულაციების, შეზღუდვების ზედმიწევნით ზუსტი დაცვა და დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის მონაწილეობა პროექტში.
კონკურსის მონაწილეს უფლება აქვს საკონკურსოდ წარადგინოს მხოლოდ საკუთარი ავტორობით/თანაავტორობით შედგენილი განაცხადი.
საკონკურსო კომისია გამოფენაზე გამოავლენს გამარჯვებულებსა და სპეციალური პრიზების მფლობელებს, კერძოდ, გამოვლინდება ერთი გრანპრი, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი პროექტი. გრანპრით დაჯილდოებული პროექტის ავტორი გაემგზავრება საზღვარგარეთ შემეცნებითი ტურით. პირველ ადგილზე გასული პროექტის ავტორი დაჯილდოვდება 5000 ლარის ოდენობით, მეორე ადგილზე გასული პროექტის ავტორი - 3000 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე ადგილზე გასული პროექტის ავტორი - 2000 ლარის ოდენობით. ჯგუფურად წარმოდგენილი პროექტების დაჯილდოების შემთხვევაში შესაბამისი თანხა თანაბრად იყოფა ჯგუფის წევრებს შორის.
კონკურსის ელექტრონულ რეგისტრაციის ინსტრუქცია გამოქვეყნდება ვებგვერდზე www.rustaveli.org.ge
კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს:
მაკა ქაჯაია, ელ.ფოსტა: kajaia@rustaveli.org.ge, ტელ. 2200220(4409)
ანა გოგუაძე, ელ.ფოსტა goguadze@rustaveli.org.ge
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს!
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფონდის ვებგვერდის შემდეგ მისამართზე: http://rustaveli.org.ge