საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მოსწავლეებისთვის აცხადებს ქართულენოვანი სპექტაკლების კონკურსს სახელწოდებით „ჩემი პირველი ქართული როლი“. სპექტაკლები შეიძლება ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოების, ან საკუთარი სცენარის მიხედვით დაიდგას.
კონკურსის მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენაზე სამეტყველო კომპეტენციების განვითარება, შემოქმედებითი უნარების გამოვლენა. სპექტაკლის მომზადების პროცესში მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი მოსწავლეთა ჩართულობა ისეთ აქტივობებში როგორიცაა: სცენარის დამუშავება, რეჟისურა, მუსიკალური გაფორმება და სხვა.
კონკურსის პირობები:
• კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოს არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების VIII-XII კლასის მოსწავლეებს;
• სკოლას შესაძლებლობა აქვს წარმოადგინოს არაუმეტეს 1 სპექტაკლისა;
• სკოლას უფლება აქვს სპექტაკლის დასადგმელად მოიწვიოს შესაბამისი დარგის პროფესიონალი/პროფესიონალები;
• სპექტაკლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 45 წუთს;
კონკურსის ეტაპები:
კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად: სასკოლო, მუნიციპალური და დასკვნითი ტურები.
• სკოლების მიერ სპექტაკლის დადგმა და ვიდეო ჩანაწერის შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრისთვის მიწოდება - არაუგვიანეს 2018 წლის 1 მარტისა;
• საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ მუნიციპალურ ტურში გამარჯვებული 2 საუკეთესო სპექტაკლის გამოვლენა და ვიდეოჩანაწერების მიწოდება სამინისტროსთვის -არაუგვიანეს 2018 წლის 10 მარტისა;
• სამინისტროში შექმნილი ჟიურის მიერ გამარჯვებულების გამოვლენა - არაუგვიანეს 2018 წლის 15 მარტისა;
• პირველ ადგილზე გასული სპექტაკლის საჯარო ჩვენება და გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი-არაუგვიანეს 2018 წლის 14 აპრილისა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით შექმნილი კომპეტენტური ჟიური, განიხილავს საკონკურსო ვიდეო ჩანაწერებს და გამოავლენს გამარჯვებულებს შემდეგნაირად: I, II, III ადგილზე გასული სპექტაკლი და ჟიურის სიმპათია. გამარჯვებული სკოლები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და ფულადი პრიზებით.
1. წარმოდგენის ლექსიკურად გამართული ტექსტური ნაწილი;
2. ორიგინალობა;
3. სამსახიობო შესრულება;
4. მუსიკალური ან/და ქორეოგრაფიული კომპონენტი.