29 აპრილი
გაზეთი: ”24 საათი”
მანდატურების
საპილოტე პროექტი
სკოლებში წარმატებით
მიმდინარეობს
ავტორი - ნინო ბარაბაძე
შვიდ საპილოტე სკოლაში შესული მანდატურების მუშაობას სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და დირექტორები დადებითად აფასებენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ ორი კვირა გავიდა, მანდატურებსა და ბავშვებს შორის ურთიერთნდობა უკვე ჩამოყალიბდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იმედოვნებს, რომ უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში გადამწყვეტ როლს სწორედ მანდატურები ითამაშებენ. სტატისტიკა უკვე ცხადყოფს, რომ მანდატურების შესვლის შემდეგ სკოლებში მოსწავლეთა დასწრებამ საგრძნობლად იმატა.
როგორ განვითარდა ამ ორი კვირის განმავლობაში მოვლენები, კონკრეტულად რა მისია აკისრიათ მანდატურებს და როდის მოხდება მათი დანარჩენ სკოლებში შესვლა, ამ და სხვა კითხვებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პასუხობს.
-თითქმის 2 კვირაა საპილოტე სკოლებში მანდატურები მუშაობას შეუდგნენ, თუ ხართ ინფორმირებული რა შეიცვალა მათი შესვლის შემდეგ სკოლებში?
– მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ორი კვირა გავიდა, მიმაჩნია, რომ ეს პროექტი წარმატებით შედგა და დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებთ იმ შედეგს, რისკენაც მივისწრაფვით - სკოლები უსაფრთხო გახდება. პირველმა ორმა კვირამ ფაქტობრივად ის პრობლემები გამოავლინა, რაზეც ჩვენ ისედაც გვქონდა ინფორმაცია, მაგრამ მანდატურების შესვლით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უსაფრთხო სკოლის კუთხით კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ჩემი სამუშაო დღე იწყება იმით, რომ დილის 9 საათზე იმ სკოლაში მივდივარ, სადაც მანდატურები მუშაობენ, ასე იქცვა ყველა ჩემი მოადგილე. ჩვენ გვინდა გვქონდეს გარანტია, რომ მანდატურების სკოლის სივრცეში ინტეგრაცია პრობლემების გარეშე მიმდინარეობს.
-ანუ კონკრეტულ ინციდენტებს ჰქონდა ადგილი?
- ამ ორი კვირის განმავლობაში არაერთ პოზიტიურ ფაქტს ჰქონდა ადგილი, თუმცა იყო კონკრეტული დარღვევებიც. მაგალითად, ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლემ მობილური ტელეფონი დაკარგა, უფრო სწორად ტელეფინი მას სამარშუტო ტაქსში დარჩა. ბავშვმა მანდატურებს მიმართა, რომლებიც თავის მხრივ პატრულს დაუკავშირდნენ და ნახევარ საათში ბავშვს ტელეფონი დაუბრუნეს. ეს ფაქტი იმ ურთიერთნდობას ადასტურებს, რომელიც მოსწავლეებსა და მანდატურებს შორის უკვე არსებობს. გრაფიკის მიხედვით, მანდატურები მუშაობას სკოლაში გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ასრულებენ. თუმცა, არცერთი მანდატური სკოლას მანმადე არ ტოვებს, სანამ იქ ერთი ბავშვი მაინც იმყოფება. პარალელურად, არასასიამოვნო ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი. მანდატურებმა აღკვეთეს ფაქტი, როდესაც უფროსკლასელები პირველ-მეორე კლასელებს სასადილოში საჭმელს ართმევდნენ. ეს არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. ასეთ და მსგავს ფაქტებზე რეაგირება მკაცრი იქნება, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ასეთ შემთხვევებში, ბავშვების ინტერესებს მანდატურები დაიცავენ. მანდატურებმა აღკვეთეს ისეთი შემთხვევაც, როდესაც მასწავლებელი სასწავლო პროცესის დროს მოსწავლეს თავის პირადი საქმეების მოსაგვარებლად სკოლის გარეთ აგზავნიდა. იყო ისეთი ფაქტიც, როდესაც მასწავლებელმა 7 წლის ბავშვს გაკვეთილი უმიზეზოდ დაატოვებინა და სასწრაფოდ მშობლის მოყვანა სთხოვა. ბავშვი დერეფანში იდგა და ტიროდა, არ იცოდა როგორ წასულიყო სახლში მშობლის მოსაყვანად. ერთ-ერთ სკოლაში კი მოსწავლის მშობელმა გამოთქვა პროტესტი მანადტურების მიმართ. როგორც აღმოჩნდა, მისი შვილი სკოლაში სისტემატურად იგვიანებდა. მანდატურმა დირექტორს ამაზე რეაგირება სთხოვა. თავის მხრივ დირექტორმა მშობელი დაიბარა და გააფრთხილა, მაგრამ მშობელსAშენიშვნა არ მოეწონა.
ზემოთ ნახსენები ფაქტები აჩვენებს, რომ სკოლებში მანდატურების შეყვანა აუცილებელია. ცალსახად ჩანს, რომ ძალადობის ფაქტები არსებობს როგორც მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეებზე, ასევე პირიქით. ასეთ ფაქტებზე მანდატურების მხრიდან რეაგირება მოხდება, რადგან მათი მოვალეობაა დაიცვან, როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლის უფლებები. მანდატურების შეყვანით სკოლებში დისციპლინა აღდგება და ეს ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს განათლების სისტემაში 2400 სკოლა, 600 ათასზე მეტი ბავშვი, 80 ათასამდე მასწავლებელი და 30 ათასი ადმინისტრაციული პერსონალი შედის, მათი სხვადასხვაგვარი მსოფლმხედველობის გამო მანდატურების სკოლებში შესვლას შესაძლოა უარყოფითი და არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვეს, თუმცა ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ.
-როდის მოხდება საქართველოს ყველა სკოლებში მანდატურების შეყვანა?
-ახალ სასწავლო წელს მანდატურები თბილისის ყველა საჯარო სკოლებში იმუშვებენ. შემდეგ ეტაპზე ისინი საქართველოს დიდი ქალაქების სკოლებში შევლენ. კერძო სკოლების შემთხვევაში, თუ დირექციას მანდატურების შეყვანის სურვილი ექნება, ამ მხრივ მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ.
- მანდატურად მუშაობის დაწყება ძალიან ბევრმა ადამიანმა მოისურვა. რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს პიროვნება იმისთვის, რომ მანდატური გახდეს? თუ აქვს მნიშვნელობა მის ასაკსა და გამოცდილებას?
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მსურველთა ზარები არ წყდება, დღეში 100-ზე მეტი განცხადება შემოდის და სამინისტრო მათ არანაირ ხელოვნურ ბარიერს არ უქმნის. თუმცა, მათი შესარჩევი კონკურსი მკაცრი იქნება. ეს გასაგებიცაა, რადგან ჩვენ აბსოლუტური გარანტია უნდა გვქონდეს იმისა, რომ ბავშვებთან გაწონასწორებული ადამიანები მუშაობენ და ბავშვის ფსიქოლოგია ესმით. კონკურსში მონაწილეობა 20-დან 45 წლამდე ასაკის მამაკაცებსა და ქალბატონებს შეუძლიათ. ისინი ვინც შესარჩევ კონკურსს თავს წარმატებით გაართმევენ შსს-ს აკადემიაში სამკვირიან კურსებს გაივლიან. მომავალი მანდატურები არა მხოლოდ სხვადასხვა დისციპლინებს შეისაწვლიან, არამედ მათთან ერთად იმუშავებენ ბავშვთა ფსიქოლოგები, რასაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ.
-მანდატურები სამინისტროს ექვემდებარებიან. იმ შემთხვევაში თუ მათი მხრიდან რაიმე გადაცდომას ექნება ადგილი, რა რეაგირება მოჰყვება?
- სამინისტროში არსებობს გენერალური ინსპექცია, ასევე მანდატურების კონტროლის ჯგუფიც. ნებისმიერ დარღვევას, რომელიც მანდატურის მხრიდან მოხდება, მკაცრი რეაგირება მოჰყვება. მანდატურები, რომელებიც ამჟამად მუშაობენ, მათ უმაღლესი დონის მომზადება გაიარეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათზე კონტროლი არ არსებობს. აქვე უნდა განვსაზღვროთ რა არის მანდატურის ამოცანა. მანდატური იმისათვის, არ მუშაობს სკოლაში რომ ვინმე დასაჯოს, მისი ფუნქცია შიდა განაწესის კონტროლია. გარდა ამისა, არსებობს ეთიკის საკითხებიც - მასწავლებელს არ უნდა ეწყინოს, თუ მანდატური სთხოვს, რომ მოსწავლეების თანდასწრებით სიგარეტი არ მოწიოს. მანდატურის კომპეტენციაში შედის სკოლაში მოსწავლეთა დასწრების კონტროლიც, რადგან განათლების მისაღებად ბავშვმა სკოლაში აუცილებლად უნდა იაროს. ბავშვის სწავლას სახელმწიფო ვაუჩერით აფინანსებს და ეს ფული მის სწავლას უნდა მოხმარდეს. საკუთარ მოვალეობას მანდატურები ოქმის მეშვეობით ახორციელებენ. ოქმში აღნიშნავენ იმ დარღვევებს, რასაც აფიქსირებენ. ოქმი სამ ეგზემპლარად იწერება. ერთი დირექტორს გადაეცემა, მეორე სამინსიტროს, მესამე კი მანდატურთან რჩება. ვინადან მანდატურს არა აქვს უფლება ვინმე დასაჯოს. ის ოქმს დირექტორს გადასცემს და მას სთხოვს დარღვევაზე რეაგირება მოახდინოს. ხოლო თუ დირექტორი რეაგირებას არ მოახდენს, ასეთ შემთხვევაში პროცესში სამინისტრო ჩაერთვება.
-არიან მოსწავლეები, რომლებიც ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობენ - დანით დადიან და ა.შ. ასეთ მოსწავლეებს მანდატურების შესვლა არ გაუხარდებათ. თუ აქვთ გავლილი მანდატურებს შესაბამისი კურსი როგორ მიუდგნენ ბავშვების ამ კატეგორიას?
- მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ ორი კვირის განმავლობაში, ასეთი ბავშვების მხრიდან არცერთი დარღვევა არ გამოვლენილა. დღესაც ვესაუბრე მანდატურებს და დამიდასტურეს, რომ პირიქით, ჰიპერაქტიურ ბავშვებს მათდამი გამოკვეთილი პატივისცემა აქვთ. სწორედ ამიტომ ვანიჭებთ უპირატესობას ბავშვებთა ფსიაქოლოგებს, ამ კუთხით მანდატურებს ძალიან მაღალი რანგის სპეციალისტები ამზადებენ, რომ კონფლიქტურ ბავშვებს შესაბამისად მიუდგნენ.
- გავრცელდა ინფორმაცია თითქოს მანდატურები ბავშვებს ჩაცმულობის, სამკაულების ა.შ. მიზეზების გამო საყვედურობენ...
-ბავშის ჩაცმის სტილი, არც ჩემი და არც მანდატურის საქმე არ არის. ჩაცმულობა ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ ბავშვი თუ მობილურ ტელეფონში დამალული ”ბრიტვის” სკოლაში შეტანას დააპირებს ან დანით სკოლაში მოვა, ეს უკვე მანდატურის საქმეა. შეთქმულების თეორიებს ალბათ კიდევ მოვისმენთ. მე პირადად გუშინ მოსწავლეებთან მქონდა შეხვედრა. ერთ-ერთმა დამარწმუნა, რომ თბილისის მე-7 სკოლის მოსწავლეები მანდატურებით უკმაყოფილოები არიან. ეს მაშინ, როდესაც მე-7 სკოლაში მანდატურები საერთოდ არ შესულან.