გაზეთი ”24 საათი” 7 მაისი, 2010 წელი.
მაღალანაზღაურებადი დასაქმება კვალიფიციური მასწავლებლებისათვის
ავტორი ნინო ბარაბაძე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ორ ახალი პროექტი: ”ასწავლე საქართველოსთვის” და ”კვალიფიციური მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობით დასახლებული რეგიონების სკოლებში” დაიწყო. თითოეულ ბავშვს განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, საქართველოს მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში კონკურსის წესით შერჩეული პედაგოგები გაიგზავნებიან. პირველ პროექტში მონაწილე პედაგოგები ხელფასის გარდა დამატებით ხუთასს, ხოლო მეორე პროექტში ჩართულები ათას ლარიან სტიპენდიას მიიღებენ.
როგორც სამინისტროში აცადებენ, მაღალმთიან რეგიონებში იმ საგნების პედაგოგების მივლინებაა გათვალისწინებული, რომელთა სწავლებაც სკოლებში შეზღუდულია. მეორე პროექტი კი, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის სრულყოფილად შესწავლას ისახავს მიზნად.
დიმიტრი შაშკინი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი: ”იუნესკომ საქართველო ვიცე-პრეზიდენტ ქვეყნად აღიარა, იმ მთავარი მიზეზის გამო, რომ საქართველოში ყველა ბავშვისთვის განათლების მიღება ხალმისაწვდომია.
საქართველოს პრეზიდენტის არაერთი განცხადებით, სოციალური სტატუსის, საცხოვრებლი ადგილისა და ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, საქართველოში მაღალკვალიფიციური განათლების მიღების საშუალება ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს. ამიტომ, ჩვენი მიზანია საქართველოში განათლების დონე მაღალ სტანდარტებს შეესაბამებოდეს და მისი მიღების შესაძლებლობა ყველა ბავშვს ჰქონდეს. სამწუხაროდ, მაღალმთიან რეგიონებში სხვადასხვა საგნებში კვალიფიციური მასწავლებლების გარკვეული დეფიციტია.
საქართველოში, სადაც 700-მდე მცირეკონტინგენტიანი სკოლაა, ყველა მათგანი სახელმწიფო დაფინანსებით ფუნქციონირებს. კომუნალური ხარჯებიდან დაწყებული, სამინისტრო ამ სკოლებს ყველანაირი გადასახადით უზრუნველყოფს. ასეთ სკოლებში პედაგოგების დეფიციტი მაინც არსებობს. სწორედ ამიტომ, სამინსიტრომ მიიღო გადაწყვეტილება, იმ მასწავლებლებს, რომლებსაც მაღალმთიან რეგიონებში მოღვაწეობის სურვილი აქვთ, ახალი პროექტი შესთავაზოს. მასწავლებელს ექნება შესაძლებლობა ის საგანი ასწავლოს, რომლებზეც სკოლებში ვაკანსიაა გამოცხადებული. საათობრივი ანაზღაურების გარდა, რაც დაახლოებით 300-400 ლარია, რეგიონში მოღვაწე პედაგოგები დამატებით 500 ლარს მიიღებენ.
მაღალმთიანი რეგიონების სკოლების მოსწავლეები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ, რადგან ამ სკოლებში საკმაოდ ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ. მაგალითად, შარშან ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას ყველაზე დიდ წარმატებას პროცენტულად რაჭის რეგიონში მცხოვრებმა ბავშვებმა მიაღწიეს. სწორედ ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მცირეკონტინგენტიანი სკოლები მაღალკვალიფიციური პედაგოგებით ვუზრუნველვყოთ”.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ბავშვებს ქართული ენის სრულყოფილად შესწავლაში შეუწყოს ხელი. ამ მიზნით, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდილი მასწავლებლები იქნებიან მივლინებულნი. პედაგოგები, რომლებიც ამ პროექტით გამოცხადებულ კონკურსს წარმატებით გაივლიან, ხელფასის გარდა დამატებით 1000 ლარს მიიღებენ.
დიმიტრი შაშკინი: ”მიგვაჩნია, რომ ამ რეგიონებში ქართული ენის შესწავლა ძალიან მაღალი სტანდარტით უნდა წარიმართოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ენის სრულყოფილად შესწავლა პირდაპირაა დაკავშირებული ამ რეგიონში მცხოვრები ბავშვების უმაღლეს განათლებაზე. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, წელს პირველად ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელი აბიტურიენტების უმაღლეს სასწავლებლებში მიღება მათ მშობლიურ ენაზე მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტის ჩაბარების საფუძველზე მოხდება. თუმცა, უმაღლეს საგნამანათლებლო დაწესებულებაში ისინი ქართული ენის შემსწავლელ სპეციალურ ერთწლიან პროგრამას გაივლიან, რაც საშუალებას მისცემთ სასურველ სპეციალობებზე სწავლა ქართულ ენაზე განაგრძონ.
პროექტი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეთნიკურ უმცირესობათა საზოგადოებაში ინტეგრაციისთვისა და იმ კეთილმეზობლური ურთიერთობისთვის, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთთან გვაქვს. დაახლოებით სამი კვირის წინ საქართველოში ჩემი კოლეგა არმენ აშოტიანი იმყოფებოდა. ამ პროგრამის გამო ძალიან მადლობელი დარჩა. ასეთი კეთილმეზობლური ჟესტი როგორც ყოველთვის დაფასებულია. პირველად საქართველოსა და სომხეთის ისტორიაში მომავალი სასწავლო წლიდან ერევნის უცხო ენათა ინსტიტუტში ქართული ენის კათედრა გაიხსნება, სადაც ლექციებს ქართველი პროფესორები წაიკითხავენ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მასწავლებლები არა მხოლოდ სკოლაში ასწავლიან, ასევე შეიქმნება სპეციალური ცენტრები. ცენტრებში მასწავლებლები ქართულ ენას მოსწავლეთა იმ მშობლებსაც შეასწავლიან, რომლებმაც ქართული ენის ცოდნის სურვილი გამოთქვეს. გაკვეთილები სასწავლო პროცესის შემდეგ გაიმართება”.
მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში პედაგოგები მუშაობას ახალი სასწავლო წლიდან შეუდგებიან. მანამადე, კონკურსის გარდა, მათ ივლისში დაგეგმილი სასერტიფიკაციო გამოცდები უნდა ჩააბარონ. სასერტიფიკაციო გამოცდებზე მათ საგნობრივი ცოდნის გარდა, თანამედროვე სწავლების უნარ-ჩვევის ფლობაც უნდა დაადასტურონ.
Pპირველ ეტაპზე მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებს ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და უცხო ენის პედაგოგები ჩააბარებენ. თუმცა, თუ ”ასწავლე საქართველოსთვის” და ”კვალიფიციური მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობით დასახლებული რეგიონების სკოლებში” პროექტებში მონაწილეობის მსურველი პედაგოგი სხვა დისციპლინის სპეციალისტი აღმოჩნდება, მას უნარ-ჩვევების გამოცდის ჩაბარება მაინც მოუწევს. სამინისტროში ვარაუდობენ, რომ კონკურში მონაწილეობის სურვილს განსაკუთრებით ახალგაზრდა პედაგოგები გამოთქვამენ. მათ ბარიერი არ შეექმნებათ. სამინისტოს გადაწყვეტილებით სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლა მათაც შეუძლიათ, ვინც პედაგოგად არ მუშაობს, მაგრამ პედაგოგიური საქმიანობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება აქვს.