ქართველი ტენორი ბადრი მაისურაძე დაიბადა თბილისში
1966 წლის 13 ნოემბერს.
დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო 1989 წელს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფესორ გოჩა ბეჟუაშვილის კლასი). მოგვიანებით სწავლა განაგრძო მილანსა და მოსკოვში.
1989-1990 წლებში სტაჟირება გაიარა მოსკოვის დიდ თეატრში ზურაბ სოტკილავას ხელმძღვანელობით.
1989-1993 წლებში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო. თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე, 1990 წელს შედგა მისი დებიუტი ოთარ თაქთაქიშვილის ოპერაში „მინდია“.
1994 წელს ბადრი მაისურაძე მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი გახდა, 2002 წლიდან კი გალინა ვიშნევსკაიას საოპერო სიმღერის ცენტრის პროფესორია.
იგი არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია, მათ შორისაა ფრანცისკო ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი (ესპანეთი) და იუსი ბიორლინგის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (შვედეთი). იგი მეგობრობის საერთაშორისო ორდენის კავალერია.
ბადრი მაისურაძის საერთაშორისო კარიერა 1993 წელს დაიწყო - ლიეჟის სამეფო ოპერის თეატრში მან შეასრულა ცრუ დიმიტრის როლი მუსორგსკის ოპერაში „ბორის გოდუნოვი“. მას შემდეგ, 58 პარტია შეასრულა მსოფლიოს წამყვან თეატრებში, მათ შორისაა მილანის La Scala (“მაზეპა”, დირიჟორი მსტისლავ როსტროპოვიჩი, „სამსონი და დალილა“), ვენის Staatsoper (“ტოსკა”), ბერლინის Deutsche Oper (“ტრუბადური”, “აიდა”, “ნაბუქო”), ფლორენციის Teatro Comunale (“მადამ ბატერფლაი”, „ქალიშვილი დასავლეთიდან“), მადრიდის Teatro Real (“აიდა”, “ერნანი”), ნეაპოლის Teatro di San Carlo (“ლედი მაკბეტი”), პალერმოს Teatro Massimo (“ტურანდოტი”, “აიდა“, „სოფლის ღირსება“), ბარსელონის Gran Teatre del Liceu (“ბალ-მასკარადი”, „სამსონი და დალილა“), დრეზდენის Semperoper (“ბალ-მასკარადი”, “აიდა”, “დონ კარლოსი”), პარიზის ნაციონალური ოპერა („აიდა“), სანქტ-პეტერბურგის მარიას თეატრი (“აიდა”, „პიკის ქალი“, „ტოსკა“, „ტაბარო“), სტოკჰოლმის სამეფო ოპერის თეატრი (“ოტელო”, “დონ კარლოსი”, “ტრუბადური”, “მაკბეტი”), დალჰალას საოპერო მუსიკის ფესტივალი შვედეთში (“ტოსკა”, “სამსონი და დალილა”), ტურინის Teatro Regio (“ჟანა დ’არკი”, “მანონ ლესკო”, “ტოსკა”, ვერდის “რექვიემი“), მონპელიეს ნაციონალური ოპერის თეატრი (“აიდა”, “ოტელო”, “სამსონი და დალილა”), კანადის ოპერის თეატრი (“მანონ ლესკო”, “ტოსკა”, “ჟანა დ’არკი”, “მადამ ბატერფლაი”), ოპერა ავსტრალია (“აიდა”, “სამსონი და დალილა”, „ჯამბაზები“, „ტრუბადური“), ქვინსლენდის ოპერა (“ჯამბაზები”), პუჩინის ფესტივალი ტორე დელ ლაგოში („მედიჩი“), ლუკას Teatro del Giglio („ქალიშვილი დასავლეთიდან“), მესინას Teatro Vittorio Emanuele („ქალიშვილი დასავლეთიდან“, „სოფლის ღირსება“, „ჯამბაზები“), მოსკოვის დიდი თეატრი („ტოსკა“, „პიკის ქალი“, „ბალ-მასკარადი“, „ბედის ძალა“, „აიდა“, „ნორმა“, „ტრავიატა“, „მაკბეტი“, „ლუჩია ლამერმურიდან“), ლისაბონის Teatro Nacional de São Carlos („ტოსკა“), მალტის სამეფო ოპერის თეატრი („ტოსკა“), უნგრეთის ნაციონალური ოპერა („სოფლის ღირსება“, „ჯამბაზები“, „პიკის ქალი“, „ბედის ძალა“), ისრაელის ფილარმონიის ორკესტრი („აიდა“, დირიჟორი ზუბინ მეტა), ისრაელის ოპერა („აიდა“), ტულონის ოპერის თეატრი („სოფლის ღირსება“, „ჯამბაზები“, „ოტელო“, „აიდა“), ახალი ზელანდიის ოპერა („ტრუბადური“), კეიპტაუნის ოპერა („ოტელი“, „ტოსკა“), ჩილეს ნაციონალური ოპერა („ჯამბაზები“), ესტონეთის ნაციონალური ოპერის თეატრი („პიკის ქალი“, „ტოსკა“, „სიმონ ბოკანეგრა“), ლიტვის ნაციონალური ოპერის თეატრი („აიდა“, „ტოსკა“, „ბალ-მასკარადი“, „ბედის ძალა“, „ჯამბაზები“), ტულუზის კაპიტოლის თეატრი („ჯამბაზები“). მას შესრულებული აქვს ოტელოს პარტია ამავე სახელწოდების ოპერაში ასევე კოპენჰაგენში, ნანსიში, ლისაბონში, ვალეტასა და რიგაში.
2004 წელს ბადრი მაისურაძემ მონაწილეობა მიიღო მილანის La Scala-ს საოპერო სეზონის გახსნაში.
ხანგრძლივი და წარმატებული კარიერის მანძილზე მას თანამშრომლობა აკავშირებს ცნობილ დირიჟორებთან, მათ შორისაა სეიჯი ოძავა, ზუბინ მეტა, დანიელ ორენი, ანტონიო გუადანიო, მარჩელო ვიოტი, მაურიციო ბარბაჩინი, პეტერ ფერენეცი, კარლო რიცი, არვო ვოლმერი, ალექსანდრ ვედერნიკოვი, მაურიციო არენა, გარსია ნავარო, მაურიციო ბენინი, ჯორჯო მორანდი, ნელო სანტი, ლოურენს ფოსტერი, ჯანსუღ კახიძე, გივი აზმაიფარაშვილი, ოდისეი დიმიტრიადი და ასე შემდეგ.
ბადრი მაისურაძე ისეთი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრია, როგორებიცაა: ბუსეტოს საერთაშორისო კონკურსი „ვერდის ხმები“, პარიზის ვინჩენცო ბელინის სახელობის კონკურსი, გალინა ვიშნევსკაიას სახელობის ვოკალისტთა კონკურსი, მელბურნის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი, საოპერო მუსიკის კონკურსი „ჯოვანი მარტინელი-აურელიანო პერტილე“ (ჟიურის თავმჯდომარე).
იგი თბილისის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის OPERA CROWN ჟიურის თავმჯდომარეა.
ბადრი მაისურაძე ბუსეტოს ვერდის სახელობის თეატრის, პუჩინის ფესტივალის, კორეის ნაციონალური ოპერის, ჰონგ-კონგის ოპერის, სანკტ-პეტერბურგის მიხაილოვსკის სახელობის თეატრის კონსულტანტი, ასევე ART FESTIVAL-ის (პრაღა და უმბრია) და მსტისლავ როსტროპოვიჩის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მენეჯერი იყო.
2016 წლის ნოემბრიდან, ბადრი მაისურაძე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია.
2019 წელს მისი თაოსნობით საფუძველი ჩაეყარა ვერდის ფესტივალს საქართველოში.
ფლობს ქართულ, იტალიურ, რუსულ და ინგლისურ ენებს.