საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის – „M ვექტორის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა, მინისტრმა ახალგაზრდებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მიხეილ ჩხენკელი: „დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დავაჯილდოვეთ ძალიან საინტერესო კონკურსის – „M ვექტორის“ გამარჯვებულები, პრიზიორები, XI და XII კლასის მოსწავლეები. ძალიან სახალისო ღონისძიება შედგა. დარწმუნებული ვარ, ამ მოსწავლეების დიდი ნაწილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას. როგორც მოგეხსენებათ, ეს უნივერსიტეტი მსოფლიო დონის პროექტია, რომლის იდეის ავტორი გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ბატონი ბიძინასა და მისი ოჯახის ქველმოქმედების საფუძველზე შეიქმნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ყველა სტუდენტს აქ ძალიან საინტერესო გამოცდილება ელის. მინდა ყველა გამარჯვებულს კიდევ ერთხელ მივულოცო და წარმატებები ვუსურვო.“
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერილი კონკურსის შედეგად 18 საუკეთესო მოსწავლე გამოვლინდა. გამარჯვებულებს ორგანიზატორების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები გადაეცათ: I ადგილზე გასულ მოსწავლეებს – 3000-ლარიანი, II ადგილზე – 2000-ლარიანი, ხოლო III ადგილზე გასულებს – 1000-ლარიანი ტექნიკის ვაუჩერი ერგოთ.
„დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველად ვუმასპინძლეთ ახალგაზრდებს, რომლებიც კონკურს „M ვექტორის“ ფინალისტები არიან. კონკურსის მონაწილეებსა და მათ მშობლებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ უნივერსიტეტის როგორც აკადემიური, ისე საცხოვრებელი კორპუსები. გამარჯვებულებს გადავეცით საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ დაწესებული პრიზები“, - განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.
„M ვექტორის“ ძირითად ეტაპზე 500-მდე მონაწილე დარეგისტრირდა საქართველოს 55 ქალაქიდან და სოფლიდან. 73 მონაწილე გადავიდა ფინალურ ეტაპზე. პროექტის ძირითადი და დასკვნითი ეტაპები დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.
მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსი – „M ვექტორი“ განვითარების ხელშემწყობი თვისებრივად ახალი, თანამედროვე გამოწვევებსა და ტენდენციებს მორგებული ფორმატის კონკურსია, რომელიც ორიენტირებულია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებზე. „M ვექტორი“ მონაწილეებს არა მხოლოდ მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების გამოვლენას და ცოდნის გაღრმავებას, არამედ ამ ცოდნით კონკრეტული
მათემატიკური პრობლემების საინტერესო გადაჭრის გზების მიგნებას სთავაზობს. „M ვექტორი“ იმ მეთორმეტეკლასელებსა და აბიტურიენტებზეა გათვლილი, რომლებსაც აინტერესებთ და უყვართ მათემატიკა, თუმცა პროექტი მკაცრს შეზღუდვას არ აწესებს – მასში მონაწილეობის მიღება მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებსაც შეუძლიათ.
კონკურსი საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის (EPRA) ორგანიზებით ჩატარდა. მისი ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ და სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU).