საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, 1-ლი თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება.
რაც შეეხება თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებს, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში გაგრძელება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან. 15 თებერვალს კიდევ ერთხელ შეფასდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს, მოხდება შემდგომი შემსუბუქებების განხილვა.
აღსანიშნავია, რომ იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, სამედიცინო პროტოკოლი მკაცრად იქნება დაცული და მოხდება მასწავლებელთა სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ.
რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, მოქმედი რეგულაციები ნარჩუნდება 1 მარტამდე.
მიხეილ ჩხენკელი: „როგორც მოგეხსენებათ, უწყებათაშორის საბჭოზე, ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების საფუძველზე, სკოლების შესახებ მივიღეთ უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. კერძოდ, 1-ლი თებერვლიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სკოლები სასწავლო პროცესს გააგრძელებენ საკლასო ოთახებში.
რაც შეეხება თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს, ჩვენი გეგმის მიხედვით, იქ სასწავლო პროცესი დასწრებული ფორმით, ანუ საკლასო ოთახებში გაგრძელდება 1-ლი მარტიდან. რასაკვირველია, ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე. აქვე მინდა დავძინო, რომ 15 თებერვალს კიდევ ერთხელ შეფასდება არსებული ეპიდსიტუაცია და თუ შვიდი დღის მაჩვენებელი ჩამოსული იქნება 4%-მდე, დაიწყება შემდგომი შემსუბუქების პროცედურები.
მინდა აღვნიშნო, რომ, რასაკვირველია, ყველას გვინდა, ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი იყოს ბუნებრივ გარემოში – საკლასო ოთახებში. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. აქედან გამომდინარეობს ჩვენი გეგმაც. სასწორის მეორე მხარეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი: ეს არის ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობა. სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით არის ეს გადაწყვეტილებები მიღებული.
აქვე უნდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომ იმ სკოლებში, სადაც უკვე დასწრებული ფორმით იქნება სასწავლო პროცესი გაგრძელებული, მასწავლებლების Covid-19-ზე ტესტირება იქნება რეგულარული, ანუ ყოველ ორ კვირაში მოხდება მასწავლებლების სისტემატური ტესტირება.
გარდა ამისა, სკოლებში, ისევე როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებებში: პროფესიულ სასწავლებლებში და უნივერსიტეტებში, სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული. როგორც მოგეხსენებათ, სამინისტრო ყოველთვის იცავდა ამ პრინციპს და გააგრძელებს, რასაკვირველია. ეს იქნება უმაღლეს დონეზე დაყენებული საკითხი.
რაც შეება საბავშვო ბაღებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს მოქმედი რეგულაციები ნარჩუნდება 1 მარტამდე.“