საქართველოს მთავრობა საზოგადოებას სხვადასხვა მიმართულებით განვითარების ათწლიან გეგმას წარუდგენს. აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების განვითარების გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.
შერატონ გრანდ მეტეხი პალასში გამართულ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განათლებისა და მეცნიერების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ირაკლი ღარიბაშვილი: „ჩვენ დავიწყეთ 10-წლიანი განვითარების დოკუმენტზე მუშაობა და პრაქტიკულად, პირველი დოკუმენტი უკვე მზად არის. მინდა, ძალიან მოკლედ აღვნიშნო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს განათლების და მეცნიერების განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისა და ჩვენი შვილებისთვის. როგორც მოგეხსენებათ და ეს ფართოდ არის ცნობილი ყველასთვის, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ყველა სფერომ მიიღო ძალიან დიდი ზიანი, მათ შორის, განათლების სისტემამაც. მაშინ, როცა ჩვენ ყოველთვის ვითვლებოდით, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ერი და ფართოდ იყო აღიარებული, რომ ერთ-ერთი ყველაზე განათლებული საზოგადოება იყო ჩვენ ქვეყანაში. სამწუხაროდ, კატაკლიზმების შედეგად ძალიან დიდი ზიანი მივაყენეთ განათლების სისტემას, როგორც ერთ მთლიანს და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზეც აისახა. ყველაფერი უკავშირდება განათლებას და მეცნიერების განვითარებას - ჩვენი შვილების მომავალი, ჩვენი ქვეყნის მომავალი კეთილდღეობა. ჩვენი მთავარი ღირებულებები დაფუძნებულია სწორედ განათლებაზე და განათლებულ საზოგადოებაზე. ამ კონტექსტში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი მისწრაფება, გავხდეთ ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი, რა თქმა უნდა, თავშივე გულისხმობს იმას, რომ განათლების დონით უნდა მივუახლოვდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების განათლების ხარისხს“.
განათლებისა და მეცნიერების განვითარების ათწლიანი გეგმა საზოგადოებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას წარუდგინა, რომლის მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის და თითოეული მოქალაქისთვის ხარისხიან განათლებაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა განათლების ყველა საფეხურზე.
სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების, ასევე, მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს და გააგრძელებს განათლების სისტემის კომპლექსურ რეფორმებს. მინისტრის თქმით, დასახული მიზნების განხორციელება შეუძლებელია განათლების სისტემაში ჩართული თითოეული ადამიანის – პედაგოგების, პროფესორ-მასწავლებლების, მეცნიერების, განათლების სისტემის წარმომადგენლების – ერთობლივი ძალისხმევის გარეშე.
მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს განათლების სფეროს მხარდაჭერისთვის, ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრებს, უცხოელ სტრატეგიულ პარტნიორებს, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ქართული განათლების სისტემის განვითარებაში.
განათლებისა და მეცნიერების განვითარების ათწლიანი გეგმის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საკანონმდებლო ხელისუფლების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.