პირველად საქართველოში პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისთვის ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი ციფრული უნივერსიტეტი ამოქმედდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე რუსთავის მე-16 დაწესებულებას ეწვივნენ, სადაც ციფრული უნივერსიტეტის ფარგლებში მიმდინარე დისტანციურ სასწავლო პროცესს ადგილზე გაეცნენ. მინისტრებმა, ასევე, მოინახულეს მსჯავრდებულთა სახელობო მომზადებისა და პროფესიული დასაქმების სივრცეები.
მიხეილ ჩხენკელმა მსჯავრდებულთათვის პენიტენციურ დაწესებულებებში ყოფნის დროს ხარისხიანი უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობისა და უწყვეტობის უზრუნველყოფის კუთხით ციფრული უნივერსიტეტის ამოქმედების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი, მსჯავრდებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად ჩაერთონ საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში, დაესწრონ ონლაინ ლექციებს და ინტერაქტიული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და იუსტიციის სამინისტრო აგრძელებენ ციფრული უნივერსიტეტის განვითარების მიმართულებით აქტიურ მუშაობას, რათა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებებში უზრუნველყოფილი იყოს საჭირო ტექნიკური და მეთოდოლოგიური მხარდაჭერა.
აღსანიშნავია, რომ აქამდე პენიტენციურ დაწესებულებებში აკადემიური სწავლება მხოლოდ კორესპონდენციული მეთოდით ხორციელდებოდა. მსჯავრდებული სტუდენტები სასწავლო მასალას იღებდნენ და წერით დავალებებს ასრულებდნენ, თუმცა, მათ არ ჰქონდათ ცოცხალ სასწავლო პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა.
ციფრული სწავლების პლატფორმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივ პროექტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც მსჯავრდებულ სტუდენტებს საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტებში როგორც ბაკალავრიატის, ასევე, მაგისტრატურის საფეხურზე დისტანციურად სწავლის შესაძლებლობა აქვთ.
ციფრული უნივერსიტეტი მსჯავრდებულთათვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას. ამასთან, ის ხელს უწყობს პატიმართა რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას.