საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა განათლების სხვადასხვა საფეხურზე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
მინისტრმა ევროკომისარს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ მნიშვნელობას, რამაც გაამყარა საქართველოს უპირობო კუთვნილება ევროპისადმი და გაუხსნა გზა ევროკავშირის წევრობისაკენ. გიორგი ამილახვარმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის განხორციელების პროცესზე და ხაზი გაუსვა წლის ბოლოს ქვეყნისთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ თანამშრომლობას და მიმდინარე ერთობლივ პროექტებს.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიან ეროვნულ სტრატეგიას, რომლის შემუშავების პროცესშიც ევროკავშირი აქტიურად იყო ჩართული. გიორგი ამილახვარმა ევროკომისიისგან სტრატეგიის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.
ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ მადლობა გადაუხადა მინისტრს მჭიდრო თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერა აღუთქვა ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საქმეში, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების დასაჩქარებლად.