USAID განათლება მომავლისთვის პროგრამის ფარგლებში აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პარტნიორობის უმთავრეს მიზანს უნივერსიტეტებში მასწავლებლის მოსამზადებელი საგანმანათლებლო და განათლების მეცნიერებების პროგრამების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
ხელმოწერის ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა მიიღო.
მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის კუთხით ამერიკის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ნოდარ პაპუკაშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას განათლების სფეროს განვითარების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო თავის სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.
ღონისძიების სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რობინ ლ. დანიგანმა და მარი ლუ ფულტონის განათლების სკოლის ასოცირებულმა დეკანმა გლობალური ჩართულობის მიმართულებით, ივეტა სილოვამ.
ხელმოწერის ღონისძიებას ასევე დაესწრნენ პარტნიორი უნივერსიტეტების რექტორები, დიპლომატიური და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტების მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში გრძელვადიანი პარტნიორობისთვის შეირჩა საქართველოს ოთხი უნივერსიტეტი, რომლებიც აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარი ლუ ფულტონის განათლების სკოლასთან მჭიდროდ ითანამშრომლებენ. ესენია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი.
შეთანხმების თანახმად, აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარი ლუ ფულტონის განათლების სკოლა მომავალი ოთხი წლის მანძილზე პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალს შესთავაზებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ ექსპერტულ დახმარებას, რაც გულისხმობს ახალი სასწავლო კურსების შემუშავებას, სასკოლო პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერებას, აკადემიური პერსონალის სწავლებისა და კვლევითი უნარების გაუმჯობესებას, თანამედროვე ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. ასევე, უზრუნველყოფილი იქნება უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორობაში ჩართვა.