„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით უნივერსიტეტებში ელექტრონული სწავლების განხორციელების წესი დამტკიცდა.
დოკუმენტის თანახმად განისაზღვრა სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული დეტალური სფეროების ჩამონათვალი, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა, რომელთა ფარგლებშიც ელექტრონული სწავლება იქნება დაშვებული.
დამტკიცდა ასევე იმ დეტალური სფეროების ჩამონათვალი, რომელთა ფარგლებშიც დაშვებულია მაგისტრატურის საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სრულად ელექტრონული სწავლება.
წესი ითვალისწინებს იმ დეტალურ სფეროებს, რომელთა განხორციელებაც, სპეციფიკიდან გამომდინარე, არ გულისხმობს ისეთი პრაქტიკული კომპონენტის არსებობას, რომელიც მოითხოვს ლექტორისა და სტუდენტის ერთ სივრცეში ფიზიკურად ყოფნას.
აღნიშნული წესის საფუძველზე უნივერსიტეტებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, სტუდენტებს ელექტრონულად შესთავაზონ პროგრამის ცალკეული კომპონენტები.