საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში აგრძელებენ.
ახლად რეაბილიტირებული სკოლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ ალექსანდრე წულაძესთან ერთად, გახსნა.
ირაკლი კობახიძემ და ალექსანდრე წულაძემ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს განახლებულ სასწავლო სივრცეში სწავლის გაგრძელება მიულოცეს.
200 მოსწავლეზე გათვლილი ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. პროექტის ღირებულება 3 404 429.40 ლარს შეადგენს.
სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად, ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: მოეწყო ლიფტი, სანიტარული კვანძები და პანდუსი.
ამჟამად სკოლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს გარე მოედნის მოწყობა, რომელიც მარტში დასრულდება.
ქვეყნის მასშტაბით, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.