საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა დიდი ბრიტანეთის ბიზნესისა და ვაჭრობის დეპარტამენტის კრეატიულობის, მომხმარებლის, სპორტისა და განათლების დირექტორატის უმაღლესი განათლების მიმართულების პასუხისმგებელ ექსპერტს, დოქტორ სუზანა ტომასს უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქართულ-ბრიტანული მრავალწლიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ყურადღება გაამახვილეს პარტნიორობის გაღრმავებასა და სამომავლო პერსპექტივებზე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ალექსანდრე წულაძის, ლონდონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საელჩოში გამართულ მიღებას. მიღებაზე ბრიტანული უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წარედგინათ საქართველოს განათლების სისტემის მიღწევები, მიმდინარე პროექტები და ტრანსნაციონალური განათლების გზამკვლევი.
საუბარი ასევე შეეხო ტრანსნაციონალური განათლების სიღრმისეული კვლევის ანგარიშის მიგნებებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც Times Higher Education-მა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში ჩაატარა. დოკუმენტი განსაზღვრავს კონკრეტულ ნაბიჯებს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებს შორის აკადემიური პარტნიორობის გასაღრმავებლად და ქმნის მყარ საფუძველს ტრანსნაციონალური განათლების შემდგომი განვითარებისთვის.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივი, პრიორიტეტული პროგრამების გაფართოების შესაძლებლობებს, რომლებიც ეფუძნება საქართველოს განვითარების საჭიროებებსა და გლობალურ პოზიციონირებას.
თავის მხრივ, სუზანა ტომასმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ტრანსნაციონალური განათლების განვითარების მიმართულებით და გამოხატა მზადყოფნა აქტიური თანამშრომლობისთვის.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს ოფისის დირექტორი ზაზა ფურცელაძე და საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ეკონომიკური და კომერციული ოფიცერი ლევან ფანგანი.