განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში ახალაშენებული და რეაბილიტირებული პროფესიული განათლების სახელოსნოებისა და ლაბორატორიების მოწყობის პროცესს გაეცნო.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სასწავლებლების უახლესი ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვა და ახალგაზრდებისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს შექმნა სამინისტროს პრიორიტეტია. მისი თქმით, ამ მიზნით აქტიურად გრძელდება მუშაობა, განსაკუთრებული აქცენტი კი კეთდება რეგიონებში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარებაზე.
პროფესიული განათლების სახელოსნოებისა და ლაბორატორიების მშენებლობა-მოწყობა აზიის განვითარების ბანკის (ADB) „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. მის მიზანს წარმოადგენს სკოლებში განახლებული ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ინოვაციური გარემოს შექმნა, რაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას მისცემს მიიღოს თეორიასა და პრაქტიკაზე დაფუძნებული პროფესიული განათლება.
პროგრამის „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 20 საჯარო სკოლაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და სახელოსნო-ლაბორატორიების მოწყობა იგეგმება, რაც რეგიონებში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს.