საქართველო პირველად მასპინძლობს Erasmus+-ის პროგრამული ქვეყნის – ესპანეთის სამეფოს ხაენის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვირეულს, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება.
კვირეულში მონაწილეობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ მიიღო. სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ მონაწილეებს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია გააცნო და ამ პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, მათ შორის, Erasmus+ პროგრამის მიმართულებით.
კვირეულის მიზანს წარმოადგენს როგორც საერთაშორისო აკადემიური მობილობის ზრდის ხელშეწყობა, ასევე საქართველოსა და ესპანეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.
საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად, მოხსენებებით წარდგებიან ხაენის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ესპანეთის სამეფოს საელჩოს წარმომადგენელი – ხავიერ ბელმონტ როლდანი და სხვა მონაწილეები.
ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია როგორც სამუშაო აქტივობები და სესიები, ასევე, კულტურული ღონისძიებები.
ხაენის უნივერსიტეტს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება აქვს, რაც პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობას ქმნის. ხაენის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამებით წარმატებით სარგებლობენ როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები და პროფესორები.