საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი გახსნა.
ბაია კვიციანმა ახალგაზრდული ბანაკის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდობის პოლიტიკის გაძლიერების კუთხით სამინისტროს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე გაამახვილა.
საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი, რომელსაც სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო ახორციელებს, პირველ ნაკადს მასპინძლობს. ბანაკში საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდები მონაწილეობენ.
პროექტის მიზანია ახალგაზრდებს შორის კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და გუნდური თანამშრომლობის განვითარება.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ჩაერთვებიან არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით დაგეგმილ ინტერაქციულ სამუშაო შეხვედრებში, ტრენინგებსა და გუნდურ აქტივობებში. ამასთანავე, დაგეგმილია კულტურული საღამოები და შემეცნებითი ექსკურსიები, რომლებიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გაცნობას ისახავს მიზნად.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თორნიკე შუბითიძე.
