საქართველოსა და თურქმენეთს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და თურქმენეთის განათლების მინისტრის მოადგილე აზათ ატაევი ხელმძღვანელობდნენ.
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებაზე, ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზებასა და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობისა და აკადემიური კავშირების გაძლიერებაზე.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა სამომავლო შეხვედრებზე განსახილველი ძირითადი მიმართულებები განსაზღვრეს და შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტებზე შეთანხმდნენ.
სამუშაო ჯგუფის ფორმატი მხარეებს საშუალებას აძლევს, ერთმანეთს გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარონ, თანამშრომლობის ახალი მიმართულებები ერთობლივად განსაზღვრონ და იმსჯელონ იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქმენეთს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროებში ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.
