საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის უმაღლეს კომისარს, კრისტოფ კამპს შეხვდა.
გივი მიქანაძემ უმაღლეს კომისარს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი რეფორმების ძირითადი მიმართულებები გააცნო და განსახორციელებელი ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის მხარდამჭერ საგანმანათლებლო სტრატეგიაზე, რომელიც ერთი მხრივ, უმცირესობათა ენობრივ-კულტურული იდენტობის დაცვას, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო ენის მაღალ დონეზე დაუფლებას უზრუნველყოფს.
საუბარი შეეხო ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მიერ ეროვნული უმცირესობებისთვის შეთავაზებული პროგრამებს, მათ შორის, „სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის‘‘ მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს კრისტოფ კამპმა ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა გამოხატა.
