საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ადრეული განათლების პროგრამის განვითარების თემაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ზვიად გაბისონიას თსუ-ის პროფესორებმა Erasmus+-ის ფარგლებში დაფინანსებული „ადრეული განათლების პროგრამების განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში (DECEP)“ პროექტის შედეგები გააცნეს და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, DECEP-ის პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერებისთვის. ზვიად გაბისონიას თქმით, ის ხელს შეუწყობს როგორც ადრეული განათლების მიმართულებით მაღალი კვალიფიკაციის კადრების მომზადებას, ასევე უნივერსიტეტებში შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ადრეული ბავშვობის განათლებაში თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე შესაბამისი სილაბუსებისა და მეთოდოლოგიური რესურსების მომზადებას.
„ადრეული განათლების პროგრამების განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში (DECEP)“ პროექტს კოორდინაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი უწევს.