საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრის მოადგილემ ფესტივალის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და რეგიონში სამეცნიერო პროექტების პოპულარიზაციის, ინოვაციური იდეების მხარდაჭერის, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისა და საერთაშორისო პროექტებში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ფესტივალის ფარგლებში, უნივერსიტეტის სხვადასხვა სივრცეში სამეცნიერო და საგანმანათლებლო აქტივობები გაიმართა.
უნივერსიტეტის ეზოში მოეწყო საგამოფენო და საინფორმაციო სივრცეები, სადაც წარმოდგენილი იყო ინოვაციური ტექნოლოგიებისა და არატრადიციული ენერგორესურსების გამოფენა, პარტნიორი უნივერსიტეტებისა და კვლევითი დაწესებულებების სტენდები.
ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ „ჰორიზონტი ევროპის“ ეროვნული საკონტაქტო პირების საქმიანობასა და საგრანტო შესაძლებლობებს, ასევე დასწრებოდნენ გასტრონომიის აკადემიის მასტერკლასებს.
ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო CERN/IPPOG-ის საერთაშორისო სასწავლო-შემეცნებითი მასტერკლასი, რომელშიც IX-XII კლასის 35 მოსწავლე მონაწილეობდა.
ფესტივალის ფარგლებში, ზვიად გაბისონიამ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ თეონა ხუფენიასთან ერთად, ქართულ-აფხაზური ურთიერთობათა ცენტრის ბაზაზე სამშვიდობო სასწავლო ცენტრი გახსნა. ცენტრის მიზანია სამშვიდობო ინიციატივების მხარდაჭერა, აკადემიური დიალოგისა და თანამშრომლობის გაძლიერება.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა, რეგიონული უნივერსიტეტების რექტორებმა, სასულიერო პირებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.