,,ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 190 საჯარო სკოლის 9000-ზე მეტი მოსწავლე იქნება სასკოლო ავტობუსით უზრუნველყოფილი. სამინისტრომ პროგრამის გასახორციელებლად 2,6 მლნ. ლარი გამოყო.
სატრანსპორტო მომსახურებას ტენდერში გამარჯვებული ორი კომპანია უზრუნველყოფს: შპს “ვი-ქომ” და შპს “თაიმსერვისი”. აღნიშნული კომპანიები სკოლის მოსწავლეებს სატრანსპორტო მომსახურებას გაუწევენ დათქმული ადგილებიდან სკოლამდე და სკოლიდან უკან. პროცესს კოორდინაციას სკოლის ადმინისტრაცია გაუწევს.
აქამდე სასკოლო ავტობუსის გამართულობაზე, საწვავით უზრუნველყოფაზე თავად სკოლას უნდა ეზრუნა. სამინისტროს ამ ახალი ინიციატივის ფარგლებში კი, მთელ პროცესს თავად კომპანიები სკოლებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფენ.
მომსახურების გაწევის პერიოდში რაიმე შეფერხების ან პრობლემის შესახებ სკოლა სატრანსპორტო კომპანიას მიმართავს, თუ სატრანსპორტო კომპანია უმოკლეს ვადაში პრობლემას ვერ მოაგვარებს, სკოლა შესაბამის რესურსცენტრს უკავშირდება. რესურსცენტრი ვალდებულია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სატრანსპორტო მომსახურების შესრულებას და კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვიტოს წარმოქმნილი პრობლემები, სხვა შემთხვევაში უმოკლეს დროში აცნობოს სამინისტროს.