ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებსა და ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული საუკეთესო მაჩვენებლები, სხვადასხვა რანგის კონკურსებსა თუ კონფერენციებში მოპოვებული ჯილდოები, ფიზიკისა და მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები და საპატიო სიგელები - ეს სკოლის არსებობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღწეულის მოკრძალებული ჩამონათვალია. სკოლის განსაკუთრებული მონაპოვარი კი მისი წარჩინებული კურსდამთავრებულები არიან, რომლებიც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მეცნიერებაში, ბიზნესსა თუ პოლიტიკაში წარმატებით მოღვაწეობენ.
საიუბილეო ღონისძიებაზე მოწვეულ საზოგადოებას სკოლის მიღწევების ამსახველი გამოფენისა და სპეციალურად ამ დღისთვის დადგმული შოუს („მეფინგი“) ნახვის შესაძლებლობა ჰქონდათ. გამოფენა სკოლის ისტორიას, მიღწევებსა და მის სამომავლო გეგმებს ასახავდა.
სკოლაში 1050 მოსწავლე სწავლობს. მუშაობს საღამოსა და შაბათის სკოლები (ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის საგნების გაძლიერებული სწავლებით), რომელშიც თბილისის მასშტაბით 2000-მდე, რეგიონულ ფილიალებში კი 300-მდე მოსწავლეა ჩართული. სკოლაში ფუნქციონირებს პანსიონი, სადაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, სკოლის 100 წარმატებული მოსწავლე რეგიონებიდან სრულიად უსასყიდლოდ ცხოვრობს.