საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია გახსნა, რომლის მიზანია სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება მასწავლებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტების წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის, ასევე სფეროში არსებული ინოვაციების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირება.
კონფერენციის თემატური მიმართულებებია სწავლა და სწავლება ციფრულ ეპოქაში; მენეჯმენტი და ლიდერობა; პროფესიული განვითარება; სწავლა-სწავლებაში ისტ-ის გამოყენების შესახებ განხორციელებული კვლევები და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა.
კოფერენციაში დარგის ექსპერტები და ტრენერები, ასევე სკოლების, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ღონისძიებაში 250-ზე მეტი სპეციალისტია ჩართული. მათ შორის 58 პირი მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობს.
კონფერენციის სპონსორები და მხარდამჭერები არიან ინტელი, მაიკროსოფტი, ლიბერთი ბანკი და ესაბი.
3-დღიანი კონფერენციის ფორმატი მრავალფეროვანია და შედგება მოწვეული ექსპერტების პლენარული მოხსენებებისგან; პარალელური სესიებისგან, სადაც მონაწილეები ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის საუკეთესო პრაქტიკას, სტრატეგიებს და ინოვაციურ იდეებს წარადგენენ; პოსტერების სესიისგან, სადაც ინტერაქციულ რეჟიმში იქნება წარმოდგენილი სკოლის, მასწავლებლის ან წარმატებული პროექტის შესახებ ინფორმაცია და სხვადასხვა წარმატებული მაგალითები; ტექნოლოგიების სესიისგან „მოიტანე საკუთარი მოწყობილობა“, რომელიც კომპიუტერულ მოწყობილობებთან პრაქტიკული სამუშაოებისგან შედგება. ასევე, სასკოლო ვიზიტისგან, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითის დემონსტრირებისა და კონკრეტული ტექნოლოგიის გაცნობის მიზნით.
კონფერენციის პირველივე დღეს გაიმართა ტექნოლოგიების გამოფენა იმ კომპანიების ორგანიზებით, რომლებიც ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობს ან საგანმანათლებლო სეგმენტისთვის პროდუქციას ქმნის. გამოფენის მიზანია კომპანიებმა წარმოადგინონ ის შესაძლებლობები, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიები განათლების სფეროს სთავაზობს, ასევე უკუკავშირის გზით მოხდეს სკოლების საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიღება. გამოფენაზე დაინტერესებული პირებისთვის ორგანიზებული იქნება პრაქტიკული აქტივობები კონკრეტული ტექნოლოგიის გასაცნობად.
გასული წლების გამოცდილების გათვალისწინებით, კონფერენციის ორგანიზატორების პროგნოზით, კონფერენცია ხელს შეუწყობს სასწავლო პროფესში ტექნოლოგიების გამოყენების ახალი სტრატეგიების ჩამოყალიბებას და განვითარებას მასწავლებლების მიერ; სკოლების ხელმძღვანელები კი მიიღებენ უფრო მეტ ინფორმაციას, თუ როგორ შეიძლება მოსწავლეების სასწავლო შედეგების გაუმჯობესება ტექნოლოგიების საშუალებით, ასევე როგორ უნდა დაინერგოს და ხელი შეეწყოს ციფრული კულტურის დამკვიდრებას სკოლაში; ისტ-ის მენეჯერები მიიღებენ ინფორმაციას სკოლის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობების შესახებ; უნივერსიტეტებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ სწავლა-სწავლების საჭირო უნარების თაობაზე უახლეს მიმართულებებს და ინიციატივებს; კომპანიები კი ინფორმაციას მიიღებენ სკოლის საჭიროებებისა და გამოწვევების, ისტ-ის საკლასო ოთახში გამოყენების უახლესი ტენდენციების, ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვთარების სტრატეგიებისა და მოდელების შესახებ.
კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა კრიტერიუმებით გამოვლინდებიან მონაწილეები, რომლებსაც ღონისძიების სპონსორები დაასაჩუქრებენ. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია ყოველწლიურად იმართება. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებისთვის სპეციალურად შექმნილია ვებგვერდი getc.ge, რომელზეც ხორციელდება რეგისტრაცია. კონფერენციის მონაწილეებს ვებგვერდის საშუალებით შეუძლიათ შეადგინონ სასურველი დღის წესრიგი, გაეცნონ მოკლე რეზიუმეებს და შეარჩიოს ის სესიები, რომელზე დასწრებაც სურთ. ღონისძიება 22 ნოემბერს დაიხურება.