შვეიცარიიდან დაბრუნდნენ 2015 წლის ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნების გუნდურ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და მათი პედაგოგები. ისინი ევროპის ბირთვული კვლევის ცენტრში (CERN) 3 დღის განმავლობაში ეცნობოდნენ ახალი ზეგამტარული ტექნოლოგიებითა და ორიგინალური IT ტექნოლოგიებით აღჭურვილი მსოფლიოში უდიდესი ლაბორატორიების ფუნქციონირებს.
ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერება და ამ მიმართულებით მოსწავლეების დაინტერესება, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, განათლების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. მესამე წელია ამ მიზნით სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა პროექტი „საერთაშორისო საგანმანათლებლო ექსკურსიები“, რომლის ფარგლებშიც ჩატარებულ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გუნდურ კონკურსებში (მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა) გამარჯვებული მოსწავლეები და გუნდების ხელმძღვანელი პედაგოგები ჯილდოვდებიან საერთაშორისო საგანმანათლებლო ექსკურსიებით „ცერნში“ (შვეიცარია) - ევროპის ბირთვული კვლევის ცენტრში.
წინა წლების მსგავსად, წელსაც მოსწავლეებმა „ცერნის“ დათვალიერება საინფორმაციო ლექციით დაიწყეს. ლექციაზე მათ სრული ინფორმაცია მიიღეს თუ რა არის „ცერნის“ ძირითადი დანიშნულება: ფუნდამენტალური კვლევები მაღალი ენერგიების ფიზიკაში, ინოვაციები, განათლება და გამოცდილების გაზიარება. მოსწავლეები ასევე გაეცნენ ცერნის მუშაობის პრინციპებს.
მოსწავლეებმა მოინახულეს უახლესი აპარატურით აღჭურვილი კომპიუტერული მართვის ცენტრი, მაგნიტების ლაბორატორია, ატლასის ექსპერიმენტის მართვის ცენტრში ნახეს 3D ვიდეო ატლასისა და ნაწილაკების შესახებ, მოინახულეს ატლასის კალორიმეტრი და გაეცნენ ქართველი მეცნიერის ალექსანდრე მესტვირიშვილის CMS ექსპერიმენტს, რომელიც 90 მეტრის სიღრმეზე სპეციალურად საქართველოს დელეგაციისთვის გამართა მეცნიერმა.
„საერთაშორისო საგანმანათლებლო ექსკურსიების“ პროგრამის ფარგლებში, „ცერნის“ ბირთვული კვლევების ლაბორატორიის გარდა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში მიღწეული წარმატებებისთვის სამინისტრო მოსწავლეებს პოლონეთში, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრშიც აგზავნის, ყოველწლიურად დიდ ბრიტანეთში ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში მიემგზავრებიან ეროვნულ სასკოლო ოლიმპიადებსა და სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული საუკეთესო მოსწავლეები.
ეს პროექტები მომავალ წელსაც გაგრძელდება და ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში წარმატებულ ყველა მოსწავლეს მიეცემა შესაძლებლობა მოინახულოს ევროპის წამყვანი ქვეყნების მიერ შექმნილი უდიდესი მეცნიერული ლაბორატორიები, ინგლისური ენის საზაფხულო სკოლებში დაისვენებენ და პარალელურად, ენის ცოდნასაც გაიღრმავებენ საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეებიც.