საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, 2 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, აცხადებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას.
ყველა დაინტერესებულ პირს, საქართველოს ყველა რეგიონში, აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას, ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.
რეგისტრაციის გავლა, პირადობის მოწმობით, შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
აპლიკანტებს, ასევე, საშუალება აქვთ, გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge ვებგვერდის მეშვეობით.
შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი ტესტის ტიპის ფარგლებში არსებულ რამდენიმე პროგრამაზე!
ტესტირების შედეგების შემდეგ აპლიკანტებს ექნებათ საშუალება, გადახედონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს და ჩაბარებული ტესტის ფარგლებში შეცვალონ სასურველი პროგრამების სია მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით.
ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და, ასევე, ტესტების ნიმუშები განთავსებულია სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას გადიან ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე გაიარონ ტესტირება. მათთვის ქართული ენის სათანადო დონეზე სწავლებისათვის პროფესიულ პროგრამებში ინტეგრირებულია ქართული ენის მოდული.
იზრდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით განხორციელებული პროგრამების რაოდენობა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სარკინიგზო ტრანსპორტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებებით. პროცესში ჩართულია 50-ზე მეტი კერძო კომპანია.
წელს პირველად, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აპლიკანტებს მიეცემათ შესაძლებლობა დუალურ პროგრამებზე ჩაირიცხონ პროფესიული ტესტირების გარეშე, მხოლოდ პარტნიორ, კერძო კომპანიასთან წარმატებით გავლილი გასაუბრების საფუძველზე.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გისურვებთ წარმატებას!