საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძესთან ერთად, ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს ესტუმრა და სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.
ნოდარ პაპუკაშვილმა სტუდენტებს განათლების სისტემის სამივე საფეხურზე მიმდინარე რეფორმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, განსაკუთრებული ყურადღება კი – ახალგაზრდების მხარდაჭერის კუთხით განსახორციელებელ პროექტებზე გაამახვილა. მინისტრის მოადგილის თქმით, ახალგაზრდული სფერო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთიანი პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, შესაბამისად, ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება.
თავის მხრივ, გივი მიქანაძე ახალგაზრდებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ესაუბრა და მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა – განიხილა კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამა, პროფესიული განათლების მიმართულებით მიმდინარე რეფორმები და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საკითხი.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით პირადად მინისტრის მოადგილისა და დეპუტატისგან მიეღოთ დეტალური ინფორმაცია.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი.
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი ახალგაზრდების მეოთხე ნაკადს მასპინძლობს. ამჯერად, ბანაკში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები იმყოფებიან. საბანაკე პროგრამა ხუთ დღეს მოიცავს და ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებსა და შეხვედრებში. 2024 წელს, ანაკლიის ბანაკი 13 ნაკადად განხორციელდება და 3120 ახალგაზრდას უმასპინძლებს.