საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეებმა დიდი წარმატებით იასპარეზეს ფიზიკის 54-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IPHO 2024), ევროპის გოგონათა მე-4 ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (EGOI 2024), ახალგაზრდა ნატურალისტთა მე-12 საერთაშორისო ტურნირსა (IYNT 2024) და ახალგაზრდა ფიზიკოსთა 37-ე საერთაშორისო ტურნირზე (IYPT 2024).
აღსანიშნავია, ქალაქ ბათუმში გამართული ახალგაზრდა ნატურალისტთა მე-12 საერთაშორისო ტურნირი (IYNT 2024), სადაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დამსახურებული პირველი ადგილი და ოქროს მედლები მოიპოვა. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ – ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ალექსანდრე გვარამია და ლილე ჭელიძე და ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები თამარ ჯინჭარაძე, მარიამ ბექაური, კონსტანტინე ჩუბინიძე და ნიკოლოზ ტყებუჩავა. საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა 10 ქვეყნის 19-მა გუნდმა მიიღო.
მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ნაკრებმა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გამართულ ფიზიკის 54-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IPHO 2024). ვერცხლის მედლები ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა – ლუკა თვალავაძემ და თორნიკე ცაძიკიძემ მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს მედლების მფლობელები ამავე სკოლის მოსწავლეები – დავით კლდიაშვილი და ცოტნე გიორგაძე გახდნენ. ოლიმპიადაში 43 ქვეყანა მონაწილეობდა.
რაც შეეხება უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ ახალგაზრდა ფიზიკოსთა 37-ე საერთაშორისო ტურნირს (IYPT 2024), საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. გუნდი დაკომპლექტებული იყო შემდეგი შემადგენლობით – ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები მარიამ ლომინაშვილი და ლუკა ჩახნაშვილი და ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ქეთევან გოგიშვილი, მარიამ ცქიტიშვილი და ნიკოლოზ გოცაძე. ტურნირში 38 ქვეყნის 350 მონაწილე იყო ჩართული.
ჰოლანდიის ქალაქ ეინდჰოვენში გამართულ ევროპის გოგონათა მე-4 ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (EGOI 2024) კი, ვერცხლის მედალი – ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ჩხაიძემ მოიპოვა. ოლიმპიადაში 57 ქვეყნის 195 მონაწილე იყო ჩართული.
საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებსა და ტურნირებში, საქართველოს ნაკრები გუნდები, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით მონაწილეობენ.