12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ რუსთავში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი – ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის’’ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო.
გიორგი ამილახვარმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, დამსწრე საზოგადოებას ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მიულოცა და ქვეყანაში ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ფორუმის მონაწილეები ჩართულები იყვნენ დისკუსიებში, რომლის ფარგლებშიც განსაზღვრეს თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის. ფორუმი შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა:
• 2023-2026 წლებისთვის სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგიის განხორციელებაში ადგილობრივი ხელისუფლების როლის გაძლიერება;
• ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა;
• სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა და უნარების განვითარება;
• ახალგაზრდული ინიციატივებისა და პროექტების დაფინანსება;
• გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის გაძლიერება.
ფორუმზე საკრებულოების წევრებმა კენჭი უყარეს რეზოლუციის პროექტს „ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის‘‘. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს ხელისუფლებისა და სხვა დაინტერესებული სუბიექტებისთვის ძირითად რეკომენდაციებს ახალგაზრდების გაძლიერების მიზნით.
ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ ცენტრალური და ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი საჯარო მოხელეები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რუსთაველი ახალგაზრდები.
2024 წლის „ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი‘‘ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და „ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის‘‘ მხარდაჭერით, თბილისის საკრებულოსა და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით, ტარდება.
„ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი‘‘ 2018 წლის 12 თებერვალს, თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით დაფუძნდა. შესაბამისად, ღონისძიება წელს უკვე მეოთხედ ტარდება.
ფორუმის მიზანია მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ახალგაზრდებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება და ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა.
ახალგაზრდული ფორუმის სლოგანია: ,,თაობასაქართველო“, ,,GenerationGeorgia‘‘.