საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად, რაჭაში შაორის ახალგაზრდულ ბანაკს ეწვია.
მთავრობის წარმომადგენლებმა ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს და მათ ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები და სამომავლო გეგმები გააცნეს.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ შაორის ბანაკი წელს სტუდენტების ბოლო ნაკადს მასპინძლობს. ბანაკმა 2024 წლისთვის ჯამში 800-მდე ახალგაზრდა 8 ნაკადად მიიღო. მონაწილეთა შერჩევა ღია კონკურსის გზით განხორციელდა და ბანაკში მონაწილეობის შესაძლებლობა რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებსაც მიეცათ.
ბანაკის მიზანია ახალგაზრდებისთვის აქტიურ დასვენებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია, მათი ფიზიკური, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ეროვნული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა და პატრიოტული ღირებულებების წახალისება.
საბანაკე პროგრამა ხუთდღიანია და ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებსა და შეხვედრებში. ამასთან, ბანაკის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ეროვნულ ბანკთან და საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით, ახალგაზრდებისთვის ტარდება ტრენინგები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე. სტუდენტებთან შეხვედრებს მართავენ ცნობილი ადამიანები: პოლიტიკოსები, სპორტსმენები, ხელოვანები და ა.შ.
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსთან თანამშრომლობით შაორის ბანაკის ერთი ნაკადი აერთიანებდა მხოლოდ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს. ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, შაორის ბანაკმა ერთ ნაკადად ქართული დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
წელს საზაფხულო ბანაკების გახსნამდე, 160 შერჩეულ ახალგაზრდას ლიდერების გადასამზადებელი ტრენინგი ჩაუტარდათ. ისინი გაეცნენ ბანაკების მუშაობის პრინციპსა და მრავალფეროვან პროგრამას, რომელიც შეესაბამება ბანაკის მონაწილეთა ინტერესებს. ტრენინგის შემდგომ შერჩეული საუკეთესო ლიდერები დასაქმდებიან შაორისა და ანაკლიის საზაფხულო ბანაკებში. აღნიშნული მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება და ყოველწლიურად, ისევე როგორც მიმდინარე წელს, ახალგაზრდულ ბანაკებში 250-მდე ლიდერი დასაქმდება.
მიმდინარე წელს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, ახალგაზრდულმა ბანაკებმა (ანაკლია, შაორი, თემატური) 4500-მდე ახალგაზრდას უმასპინძლა. ხოლო, თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდა ჯარის ბანაკის პროექტი. მიმდინარე წელს ჯარის ბანაკმა მე-9, მე-10 და მე-11 კლასების 2000-ზე მეტ მოსწავლეს უმასპინძლა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით უკრაინელ მოსწავლეებისთვის კახეთში საზაფხულო ბანაკი მოეწყო.
უკრაინელი მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში იღებდნენ მონაწილეობას. საზაფხულო ბანაკმა ორ ნაკადად მიიღო უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩამოსული ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილები და ქალაქ ხარკოვიდან ჩამოსული მოსწავლეები. ბანაკმა ჯამში 88 უკრაინელ ბავშვსა და 12 ზრდასრულს უმასპინძლა.
2024 წელს საზაფხულო ბანაკების ორგანიზების მთლიანმა ღირებულებამ 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.