პარიზში UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 38–ე სესია და განათლების კომისიის სხდომები მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე ესწრებიან.
კონფერენციის ფარგლებში, ორგანიზაციის სათაო ოფისში, მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი განათლების მსოფლიო ფორუმის (მაისი, 2015 კორეის რესპუბლიკა) მიერ „განათლება 2030 წლისთვის“ სამოქმედო გეგმისა და დღის წესრიგის დამტკიცება იყო. აღნიშნულ შეხვედრას სხვადასხვა ქვეყნის განათლების მინისტრები და მაღალი რანგის თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, თამარ სანიკიძე აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარსდგა და ჩვენ ქვეყანაში სწავლის ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ინკლუზიური განათლების მიმართულებით განხორციელებულ ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. აღნიშნული მიმართულებები ერთ-ერთი მთავარი იყო სესიაზე მიღებულ დღის წესრიგში. სესიის დასრულების შემდეგ, ქართული მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია UNESCO-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება და მას ყველა დაინტერესებული პირი გაეცნობა.
UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 38–ე სესიაზე მიღებული იქნა 2030 წლამდე სამოქმედო გეგმა, რომელშიც ჩართული იქნება ყველა წევრი ქვეყანა და რა თქმა უნდა საქართველოც. თამარ სანიკიძის განცხადებით, UNESCO მზად არის წევრ ქვეყნებს დღის წესრიგით გათვალისწინებული ძალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განხორციელებაში დახმარება გაუწიოს.
თამარ სანიკიძემ, სხვა ქვეყნების მინისტრებთან ერთად, ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში თემაზე - ძალადობრივი ექსტრემიზმის აღკვეთა განათლებაში.