საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის“ სასკოლო კონკურსების ქვეპროგრამის ფარგლებში აცხადებს შემდეგ კონკურსებს:
I. „ნაბიჯი თანადგომისკენ“ - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში აცხადებს სლოგანების, კონცეფციებისა და სასკოლო წარმოდგენების - ფლეშმობების (შემდგომში - ფლეშმობები) კონკურსებს.
კონკურსების მიზანია:
- მოსწავლეებმა გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ძალადობის ნებისმიერი ტიპის მიმართ;
- დაფიქრდნენ იმ ადამიანებზე, რომელთა უფლებები შეზღუდული იყო ან დღესაც იზღუდება; ადამიანებზე, რომელთაც უწევთ დამცირების, ტკივილის, ძალადობისა და შეურაცხყოფის ატანა, ვინაიდან არ აქვთ თანატოლების, ახლობლების, საზოგადოების მხარდაჭერა;
- გამოავლინონ შემოქმედებითი უნარ-ჩვევები თემატური სლოგანებისა და ფლეშმობების შექმნის/დადგმის გზით;
- შეიმუშაონ ძალადობისაგან საზოგადოების გათავისუფლების გზები/ხერხები და თავიანთი მოსაზრებები/იდეები წარმოადგინონ კონცეფციების ფორმატში.
1. სლოგანების კონკურსი VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის:
სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდება კონკურსი, რომლის ფარგლებში მოსწავლეები ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე შექმნიან სლოგანებს. სასურველია სლოგანების შექმნისას მოსწავლეებმა გამოიყენონ კრეატიული და ორიგინალური მიდგომები. სლოგანი წარმოდგენილ უნდა იყოს ინდივიდუალურად. თითოეული სკოლა გამოავლენს არაუმეტეს ორ გამარჯვებულ სლოგანს, რომელიც წარდგენილ იქნება შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში.
2. ფლეშმობების კონკურსი I-XII კლასის მოსწავლეებისთვის:
სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდება კონკურსი, რომლის ფარგლებში მოსწავლეები ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე დადგამენ ფლეშმობს. ფლეშმობი უნდა დაიდგას მოსწავლეთა ჯგუფის მიერ. თითოეული სკოლა გამოავლენს არაუმეტეს ერთ გამარჯვებულ ფლეშმობს. გამარჯვებული ფლეშმობის სამოყვარულო დონეზე შესრულებული ვიდეოჩანაწერი წარდგენილ იქნება შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში.
3. კონცეფციების კონკურსი VIII-XII კლასის მოსწავლეებისთვის:
სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდება კონკურსი, რომლის ფარგლებში მოსწავლეები ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე შეიმუშავებენ კონცეფციებს. კონცეფცია შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე და მისი მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას. ნაშრომზე მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, კლასი, სკოლის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია; ნაშრომი შესაძლებელია შესრულებული იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ხელნაწერის სახით. თითოეული სკოლა გამოავლენს არაუმეტეს ორ გამარჯვებულ კონცეფციას, რომელიც წარდგენილ იქნება შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში.
კონკურსების ლოჯისტიკა:
კონკურსები ჩატარდება 3 ეტაპად: სასკოლო, მუნიციპალური და დასკვნითი ტურები.
სასკოლო ტურის ორგანიზებას და გამარჯვებულების გამოვლენას უზრუნველყოფს სკოლა. სკოლამ მის მიერ ორგანიზებულ თითოეულ კონკურსში უნდა გამოავლინოს:
- სლოგანების კონკურსში - 2 გამარჯვებული სლოგანი;
- კონცეფციების კონკურსში - არაუმეტეს 2 გამარჯვებული ნაშრომი;
- ფლეშმობების კონკურსში - არაუმეტეს 1 გამარჯვებული სკოლა.
სკოლას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მინიმუმ ერთ კონკურსში.
მუნიციპალურ ტურში გამარჯვებულებს გამოავლენს შესაბამისი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო-საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემოდგომში რესურსცენტრი):
- სლოგანების კონკურსში - არაუმეტეს 3 გამარჯვებული სლოგანი;
- კონცეფციების კონკურსში - არაუმეტეს 3 გამარჯვებული ნაშრომი;
- ფლეშმობების კონკურსში - არაუმეტეს 3 გამარჯვებული სკოლა.
დასკვნით ტურში გამარჯვებულებს გამოავლენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული კომისია:
- სლოგანების კონკურსში გამოვლინდება საუკეთესო სამეული (3 საპრიზო ადგილი);
- კონცეფციების კონკურსში გამოვლინდება საუკეთესო ათეული (10 საპრიზო ადგილი);
- ფლეშმობების კონკურსში გამოვლინდება საუკეთესო სამეული (3 საპრიზო ადგილი);
კომისია უფლებამოსილია, საკონკურსო მასალების შესრულების ხარისხიდან გამომდინარე, რომელიმე ზემოაღნიშნულ საპრიზო ადგილზე არ წარადგინოს გამარჯვებული.
ვადები:
• სასკოლო ტურის ორგანიზება და გამარჯვებულების გამოვლენა - არაუგვიანეს 2016 წლის 16 მაისისა;
• მუნიციპალური ტურის ორგანიზება და გამარჯვებულების გამოვლენა - არაუგვიანეს 2016 წლის 27 მაისისა.
შეფასების კრიტერიუმები:
• თემასთან შესაბამისობა;
• აზრის ორიგინალურად გადმოცემის უნარები.
მნიშვნელოვანია, სლოგანების, კონცეფციებისა და ფლეშმობების შინაარსი ორიენტირებული იყოს მხარდაჭერასა და თანადგომაზე; ნაშრომები არ იძლეოდნენ რეალური პერსონების იდენტიფიცირების საშუალებას; გამოხატავდეს პოზიტივს და არა აგრესიას.
პლაგიატის შემთხვევაში ნაშრომები არ განიხილება.
II. „წარსულით შექმნილი მომავალი“ - 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს შესთავაზებს სხვადასხვა სახის კონკურსებს, რომლის მიზანია მოსწავლეებში პატრიოტული და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება; ისტორიული მოვლენების კრიტიკულად შეფასებისა და გაანალიზების უნარის გამომუშავება; კვლევისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება. მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი ხედვა როგორი სურთ, რომ იხილონ საქართველო 25 წლის შემდეგ.
კონკურსები გამოცხადდება შემდეგი მიმართულებით:
1. ფოტო კონკურსი
- კონკურსი ჩატარდება VII-XII კლასის მოსწავლეებისათვის.
- მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს აღნიშნულ თემაზე გადაღებული ფოტო.
- ფოტოს ზომა უნდა შეესაბამებოდეს A3 ფორმატს. ფოტოს უკანა გვერდზე აუცილებელია მიეთითოს ინფორმაცია კონკურსანტის შესახებ: სახელი, გვარი, სკოლის დასახელება (სკოლის ნომერი, მუნიციპალიტეტი/ქალაქი/სოფელი) და კლასი.
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა მოსწავლეების მიერ გადაღებული ფოტოები უნდა წარადგინონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში-საგანმანათლებლო რესურსცენტრში (შემდგომში რესურსცენტრი);
- რესურსცენტრი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით დახარისხებულ ნაშრომებს მატერიალური სახით წარადგენს სამინისტროში.
2. ნახატების კონკურსი
- კონკურსი ჩატარდება I-XII კლასის მოსწავლეებისათვის;
- მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს აღნიშნულ თემაზე შექმნილი ნახატი;
- ნამუშევრის უკანა გვერდზე აუცილებელია მიეთითოს ინფორმაცია კონკურსანტის შესახებ: სახელი, გვარი, სკოლის დასახელება (სკოლის ნომერი, მუნიციპალიტეტი/ქალაქი/სოფელი) და კლასი;
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა მოსწავლეების მიერ შესრულებული ნაშრომები უნდა წარადგინონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში - საგანმანათლებლო რესურსცენტრში (შემდგომში რესურსცენტრი);
- რესურსცენტრი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით დახარისხებულ ნაშრომებს მატერიალური სახით წარადგენს სამინისტროში.
3. ესეების კონკურსი
- სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდება ესეების კონკურსი (მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის საკონკურსო პირობების და ვადების გაცნობა, კომისიის დაკომპლექტება და მისი მუშაობის დაოქმება, კონკურსის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, არაუმეტეს 2 საუკეთესო ნაშრომის გამოვლენა).
- ესე შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე და მისი მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას. ნაშრომზე მითითებული უნდა იყოს მოსწავლის სახელი, გვარი, სკოლის დასახელება (სკოლის ნომერი, მუნიციპალიტეტი/ქალაქი/სოფელი) და კლასი.
- გამარჯვებული ნაშრომი საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის (eflow) მეშვეობით უნდა გამოიგზავნოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში - შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში (შემდგომში რესურსცენტრი). რესურსცენტრი უზრუნველყოფს მათ დაქვემდებარებაში არსებული სკოლებიდან შემოსული საკონკურსო მასალების გაერთიანებას და სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში გადმოგზავნას (eflow საშუალებით).
ვადები:
- სკოლებიდან გამარჯვებული ნაშრომების საგანმანათლებლო რესურსცენტრებში გაგზავნა არაუგვიანეს 2016 წლის 5 მაისისა;
- საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ სკოლებიდან შემოსული ნაშრომების განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადაგზავნა არაუგვიანეს 2016 წლის 6 მაისისა.
III. ვიდეოსიუჟეტების კონკურსი - ,,ნაბიჯი ევროპისკენ“ - ევროპის კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, იგეგმება ვიდეოსიუჟეტების კონკურსი ,,ნაბიჯი ევროპისკენ“. კონკურსის მიზანია მოზარდებმა გაიაზრონ ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობა ქართულ თანამედროვე სივრცეში; გააანალიზონ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის როლი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში; გამოხატონ საკუთარი ხედვა და დამოკიდებულება ევროპული ფასეულობებისადმი.
კონკურსის პირობები:
- ვიდეოსიუჟეტის ავტორი/ავტორები (ლოჯისტიკა, იდეის/სცენარის ავტორი, რეჟისორი, ოპერატორი) შესაძლებელია იყოს/იყვნენ საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII კლასები) მოსწავლე/მოსწავლეები. რაც შეეხება „მსახიობების“ როლში დაკავებული მოსწავლეების ასაკს, იგი შეზღუდული არ არის;
- ვიდეოსიუჟეტის გადაღების მეთოდი შეზღუდული არ არის (შესაძლებელია გამოყენებული იყოს როგორც პროფესიონალური კამერა, ისე მობილური აპარატი და სხვა);
- ვიდეოსიუჟეტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს;
- მნიშვნელოვანია, რეალური ისტორიების ასახვის შემთხვევაში, ვიდეოსიუჟეტში წარმოდგენილი პირების სახელები, გვარები, საცხოვრებელი ადგილი და სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები სინამდვილეს არ შეესაბამებოდეს;
- სკოლამ საკონკურსოდ უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნულ თემაზე შექმნილი არაუმეტეს 2 ვიდეოსიუჟეტი.
- საკონკურსო ვიდეოსიუჟეტი (არაუმეტეს ორისა) სკოლის ადმინისტრაციის მიერ უნდა აიტვირთოს ინტერნეტსივრცეში. ვიდეოსიუჟეტის სახელწოდებაში უნდა მიეთითოს სკოლის დასახელება.
საკონკურსო მასალის გაგზავნის წესები:
სკოლის ადმინისტრაციამ სკოლის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის საშუალებით ელექტრონულ ფოსტაზე: konkursebi@mes.gov.ge უნდა გამოგზავნოს შემდეგი სახის ინფორმაცია:
- ინტერნეტსივრცეში ატვირთული საკონკურსო ვიდეო-სიუჟეტის ბმულის მისამართი;
- ინფორმაცია (სახელი, გვარი, კლასი, საკონტაქტო მონაცემები) ვიდეოსიუჟეტის ავტორის/ავტორების შესახებ;
- ინფორმაცია (სახელი, გვარი, კლასი, საკონტაქტო მონაცემები) ვიდეოსიუჟეტში „მსახიობების“ როლში დაკავებული მოსწავლეების შესახებ;
- ელექტრონული ფოსტის „subject” ველში მითითებული უნდა იყოს სკოლის სრული დასახელება.
შეფასების კრიტერიუმები:
- ვიდეოსიუჟეტის შინაარსის თემასთან შესაბამისობა;
- იდეის ორიგინალურად და ლაკონურად გადმოცემის უნარები.
ვიდეოსიუჟეტი არ უნდა იძლეოდეს რეალური პერსონების იდენტიფიცირების საშუალებას; გამოხატავდეს პოზიტივს და არა აგრესიას.
პლაგიატის შემთხვევაში (მაგალითად, ინტერნეტსივრცეში ანალოგიურ თემაზე მომზადებული ვიდეოსიუჟეტების იდეის, სცენარის გამოყენება) ნაშრომი არ განიხილება.
ვადები:
• მოსწავლეების მიერ ვიდეო-სიუჟეტების მომზადება - არაუგვიანეს 5 მაისისა;
• სკოლის ადმინისტრაციის მიერ ვიდეოსიუჟეტების ბმულების ელექტრონულ ფოსტაზე konkursebi@mes.gov.ge გადმოგზავნა - არაუგვიანეს 6 მაისისა.
IV. ესეების კონკურსის „როგორ ვხედავ ჩემი მხარის მომავალს“ - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არაქართულენოვანი სკოლებისა და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის აცხადებს ესეების კონკურსს „როგორ ვხედავ ჩემი მხარის მომავალს“. ესეების კონკურსის მიზანია კულტურათა შორის დიალოგისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა
კონკურსის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 2015-2016 სასწავლო წელს, საქართველოს რეგიონების (კახეთი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი) არაქართულენოვანი სკოლების/სექტორებისა და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებს;
- კონკურსი ტარდება ერთ ეტაპად;
- კონკურსის მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ესე თემაზე „როგორ ვხედავ ჩემი მხარის მომავალს“. საკონკურსო თემა უნდა შესრულდეს ქართულ ენაზე და არ უნდა მოიცავდეს 250 სიტყვაზე მეტს. (თემა წარმოდგენილი უნდა იყოს ხელნაწერის სახით);
- დასაშვებია ავტორის მიერ ესეს ილუსტრირება;
- ესეს ბოლოს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, კლასი, სკოლის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია;
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ შექმნილი კომისია განიხილავს სკოლებიდან მიღებულ საკონკურსო ნაშრომებს და გამოავლენს არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების 50 გამარჯვებულ ავტორს, რომელთაგან პირველი 30 საუკეთესო ნაშრომის ავტორი დაჯილდოვდება მონაწილეობის უფლებით „მულტიკულტურულ საზაფხულო სკოლაში“, (დანარჩენი 20 - იქნება სარეზერვო ჯგუფში). კომისია ასევე გამოავლენს მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლების 35 გამარჯვებულ ავტორს, რომელთაგან პირველი 20 საუკეთესო ნაშრომის ავტორი დაჯილდოვდება მონაწილეობის უფლებით ზემოაღნიშნულ საზაფხულო სკოლაში, (დანარჩენი 15 - იქნება სარეზერვო ჯგუფში). გარდა ამისა, ყველა (85) მოსწავლე დაჯილდოვდება სიგელებით.
საკონკურსო მასალის წარმოდგენის პირობები და ვადები:
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მათი მოსწავლეების ნამუშევრების შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის მიწოდება - არაუგვიანეს 2016 წლის 5 მაისისა;
- რესურსცენტრებიდან ნამუშევრების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გადმოგზავნა/მიწოდება - არაუგვიანეს 2016 წლის 16 მაისისა;
- კომისია გამარჯვებულ მოსწავლეებს გამოავლენს - არაუგვიანეს 2016 წლის 13 ივნისისა.
ესეების შეფასების კრიტერიუმები:
- დავალების პირობის ადეკვატური გაგება-გააზრების უნარი;
- საკუთარი პოზიციის/ხედვის არგუმენტირებულად გამოხატვის უნარი;
- დამოუკიდებელი აზროვნება და ზოგადი განათლება;
- აზრის მკაფიოდ და გამართული ენით ჩამოყალიბება.
წარმატებული მოსწავლეები/გუნდები მიიღებენ წამახალისებელ ჯილდოებს.