რამდენ კლასს მოიცავს სავალდებულო სწავლება?
სავალდებულოა დაწყებითი და საბაზო განათლება, რაც მოიცავს I-IX კლასებს.
რამდენი მოსწავლე უნდა იყოს კლასში?
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრულია 30 მოსწავლით. გამონაკლისი დაიშვება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 35-ს.
2014-2015 სასწავლო წელს სკოლაში შემსვლელი პირველკლასელებისთვის და ყოველი მომდევნო თაობისთვის კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 25 მოსწავლით. გამონაკლისი დაიშვება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 29-ს.
რომელ საგნებში შეიძლება კლასის გაყოფა და მოსწავლეთა რა რაოდენობაზე?
კლასის გაყოფა დასაშვებია შემდეგ საგნებში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენებში და ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, თუ სკოლას აქვს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა. ამასთან, ქართულ ენასა და ლიტერატურაში კლასის გაყოფა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 25-ს; ხოლო უცხოურ ენებში იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა არის 18 ან მეტი.
რა შემთხვევაში იქმნება კლას-კომპლექტი?მცირეკონტინგენტიან სკოლებში დასაშვებია კლასკომპლექტების შექმნა. კლასკომპლექტში მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10-ს. კლას-კომპლექტის შექმნის შემთხვევაში რეკომენდებულია ის შეიქმნას ერთი საფეხურის ფარგლებში და ერთ კლას-კომპლექტში არ გაერთიანდეს ორ კლასზე მეტი. I-IV კლასები შეიძლება დაკომპლექტდეს სხვადასხვა პრინციპით (მაგ.: I-II და III-IV პრინციპით, ან I-III და II-IV პრინციპით). სპორტის, მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილებზე შესაძლებელია გაერთიანდეს რამდენიმე კლასი (მაგ. I, II და III; IV,V და VI; VII, VIII და IX და ა.შ.).
სავალდებულოა თუ არა დამრიგებელი ასწავლიდეს კლასს?
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საჯარო სკოლაში ყველა კლასს უნდა ჰყავდეს დამრიგებელი. დამრიგებელი უნდა იყოს იმავე სკოლის პედაგოგი. ანუ სავალდებულო არ არის დამრიგებელი უშუალოდ ასწავლიდეს კლასს.
რა ვადით ირჩევს სკოლა საგნობრივი კათედრის თავმჯდომარეს?
კათედრის თავმჯდომარეს ირჩევს კათედრა ერთი სასწავლო წლის ვადით. ერთი და იმავე პირის არჩევა კათედრის თავმჯდომარედ შესაძლებელია ზედიზედ სამჯერ.
აქვს თუ არა კერძო სკოლას უფლება განსხვავებული სქემით ასწავლოს საგნები, მათ შორის უცხოური ენა?
კერძო სკოლები უფლებამოსილნი არიან, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ნებისმიერი საგანი ასწავლონ ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილისგან განსხვავებული სქემით. ამავე დროს, კერძო სკოლებზე არ ვრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმის მე-40 მუხლის მე-4 პუნქტით დათქმული მოთხოვნა უცხოური ენების სწავლების სქემასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მეორე უცხოური ენის ნებისმიერი კლასიდან სწავლების დაწყებისთვის კერძო სკოლები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნებართვას არ საჭიროებენ.
აქვს თუ არა საჯარო სკოლას უფლება მეორე უცხოური ენის სწავლება დაიწყოს V კლასამდე?
სკოლა უფლებამოსილია, გამონაკლისის სახით, სამინისტროსთან შეთანხმებით, მეორე უცხოური ენის სწავლება დაიწყოს ნებისმიერი კლასიდან. ამასთანავე, სკოლამ სამინისტროს უნდა წარუდგინოს სკოლის პედაგოგიური საბჭოსა და სამეურვეო საბჭოს სხდომების ოქმების გადაწყვეტილებები, მშობელთა განცხადება, საათობრივი ბადე, სასწავლო რესურსების ჩამონათვალი, ინფორმაცია მატერიალური და ადამიანური რესურსების შესახებ.
სავალდებულოა თუ არა მოსწავლისთვის ყველა შემაჯამებელი დავალების შესრულება?
ეროვნული სასწავლო გეგმა თითოეული საგნისათვის განსაზღვრავს სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალურ რაოდენობას. მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს კლასში ჩატარებული ყველა შემაჯამებელი დავალება (ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი სავალდებულო მინიმუმი და სკოლის მიერ დამატებით დადგენილი, ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში); თუ მოსწავლე არ შეასრულებს რომელიმე შემაჯამებელ სამუშაოს გაცდენის გამო, სკოლა ვალდებულია, მისცეს მას გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის საშუალება. შემაჯამებელი აღდგენითი სამუშაოს ვადები და მისი ჩატარების ფორმა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით.
რა შემთხვევაში ითვლება კლასი დაძლეულად?
კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის თითოეული საგნის წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და მოსწავლეს მიღებული აქვს ჩათვლა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ რიგ საგნებში (სპორტი, საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება), რაც აძლევს მას მომდევნო კლასში გადასვლის უფლებას.
რა შემთხვევაში უწევს მოსწავლეს გაცდენების გამო ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება?
თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.
რა შემთხვევაში ინიშნება სემესტრული გამოცდა?
სემესტრული გამოცდა ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე თვლის, რომ მას უფრო მაღალი შეფასება ეკუთვნის. ამ შემთხვევაში, მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლის დირექტორს. დირექტორი განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვება-არდაშვების შესახებ. დაშვებაზე უარის შემთხვევაში, გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.
მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, სკოლამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები სემესტრული გამოცდის ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით.
სემესტრულ გამოცდაზე გასული მოსწავლის საგნის სემესტრული ქულა გამოითვლება შემდეგი წესით: სემესტრული გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე. სემესტრული გამოცდა ინიშნება სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში.
რა შემთხვევაში ინიშნება საშემოდგომო გამოცდა?
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის საგნის წლიური ქულა არის 5-ზე ნაკლები, სკოლა ვალდებულია მოსწავლეს დაუნიშნოს საშემოდგომო გამოცდა ამ საგანში. საშემოდგომო გამოცდის ჩატარების წესი და პროცედურა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით. საშემოდგომო გამოცდა უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დასრულებიდან არაუადრეს ორი კვირისა და სასწავლო წლის დაწყებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე. საშემოდგომო გამოცდამდე მოსწავლეს უნდა მიეცეს არანაკლებ 2 კვირის ვადა მომზადებისთვის. სკოლა ვალდებულია გაუწიოს კონსულტაციები მოსწავლეს იმ საგანში/საგნებში, რომლებშიც მას დაენიშნა აღნიშნული ტიპის გამოცდა. მოსწავლე საგნის/საგნების წლიურ შეფასებას იღებს საშემოდგომო გამოცდის საფუძველზე (საშემოდგომო გამოცდის ქულა ხდება საგნის წლიური ქულა).
რა შემთხვევაში ინიშნება წლიური გამოცდა?
წლიური გამოცდის დანიშვნა/არდანიშვნის საკითხს წყვეტს სკოლა. აღნიშნული ასახული უნდა იყოს სასკოლო სასწავლო გეგმაში. სკოლას უფლება აქვს ერთი აკადემიური წლის განმავლობაში კლასს დაუნიშნოს გამოცდა არაუმეტეს ორ საგანში. ამავე დროს, ერთსა და იმავე საგანში გამოცდებს შორის უნდა იყოს ორწლიანი შუალედი მაინც (მაგ. თუ სკოლამ მე-7 კლასში დანიშნა წლიური გამოცდა ინგლისურ ენაში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ამ საგანში ვეღარ დანიშნავს წლიურ გამოცდას). წლიური გამოცდა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე. თუ სკოლას სურს საგნის წლიური გამოცდის დანიშვნა, მან სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა განსაზღვროს, რომელ კლასში/კლასებში და რომელ საგანში/საგნებში ჩაატარებს ამ გამოცდას და ექნება თუ არა ამ გამოცდაზე მიღებულ ქულას გავლენა საგნის წლიურ ქულაზე. თუ სკოლა ჩაატარებს წლიურ გამოცდას, იგი ვალდებულია გამოცდაზე შინაარსიანი, კონტექსტუალიზებული, კომპლექსური დავალებები შესთავაზოს მოსწავლეებს (მაგალითად: თხზულება, მოხსენება, რეფერატი, პროექტი, ამოცანის ამოხსნა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში და სხვ.). თუ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულია, რომ წლიური გამოცდის ქულას გავლენა აქვს საგნის წლიურ ქულაზე, საგნის წლიური ქულის გამოთვლისას წლიური გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულებს და ჯამი იყოფა სამზე.
რა შემთხვევაში გადადის მოსწავლე შინ სწავლების რეჟიმზე?
სკოლა ვალდებულია შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანოს ის მოსწავლეები, რომლებსაც სჭირდებათ მკურნალობა ერთ თვეზე მეტი ვადით და აღნიშნული ცნობილი ხდება სკოლისათვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეზე, შინ სწავლებაზე გადასვლის მომენტიდან, არ გავრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა.
სსსმ მოსწავლეები - იმ შემთხვევაში, თუ სსსმ მოსწავლეს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს სკოლაში სიარულის საშუალებას, სკოლა მიმართავს მულტიდისციპლინურ გუნდს, რომლის დასკვნის საფუძველზეც სსსმ მოსწავლე სწავლას განაგრძობს შინ სწავლების ფორმით. ამ შემთხვევაში მოსწავლე ირიცხება სკოლაში, მაგრამ არ ესწრება გაკვეთილებს. სკოლა უდგენს მას ინდივიდუალური სწავლების სპეციალურ გეგმას, რომლის მიხედვითაც მოხდება სსსმ მოსწავლის შინ სწავლება.
რა სქემით ისწავლება უცხოური ენები?
საჯარო სკოლებში:
კერძო სკოლები თავისი სურვილისამებრ გეგმავენ სწავლა-სწავლების პროცესს, მათ შორის უცხოური ენების სწავლების ორგანიზებას და ამ საკითხის შეთანხმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არ სჭირდებათ.